logo_geo
eng_logo
თამაზ ჩიქვანაია: ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!
- +

14 აპრილი. 2017. 20:57



ქართველი საზოგადოება კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ.


პირადად ჩემთვის და ბევრი ჩემი მეგობრისთვის 14 აპრილი განსაკუთრებული დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს, შორეულ 1978 წელს ჩემმა თაობამ გააკეთა ის, რაც ისტორიულად მოეთხოვებოდა - დაიცვა მშობლიური ენა. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართველთა ნებისმიერი თაობის წარმომადგენლები ისივე იბრძოლებენ და ისეთივე შეუპოვრები იქნებიან, როგორც მაშინ ჩვენ. მაგარამ ბედმა გვარგუნა, რომ სწორედ იმ პერიოდში გვეცხოვრა და თითოეულს რაღაც მცირედი წვლილი შეგვეტანა იმ დიდ მუხტში, რომელმაც საბოლოოდ თავისი გაიტანა.


მოდით, უფრო დაწვრილებით, რა და რატომ მოხდა. 1977 წელს, ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების დროს საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა.


75-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს, ასეთი იყო: "საქართველოს სს რესპუბლიკა უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი განვითარებისთვის. საქართველოს სს რესპუბლიკის ყველა ამ ორგანოსა და დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე იმ ენებისა, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს. რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება". იმხანად საქართველოს ცენტრალურ ტელევიზიაში ვმუშაობდი და, შესაბამისად, დედაქალაქში არსებული ვითარებაც მშვენივრად ვიცოდი. სტუდენტები ასაფეთქებლად გამზადებულ დენთის კასრს ჰგავდნენ, საკმარისი იყო პატარა ნაპერწკალი და შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მიგვეღო. ეს ნაპერწკალი კი მთავრობის სახლში მიმდინარე ქართველ მწერალთა ყრილობაზე ღვივდებოდა. ვის, თუ არა მათ უნდა ეთავათ მშობლიური ენის დაცვა. ყრილობა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირებიც ესწრებოდნენ, დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ყველა ელოდა, ვინ ითავებდა ამ საკითხის წამოჭრას და პირველი ნაბიჯიც გადაიდგა. ტრიბუნაზე ავიდა ცნობილი მწერალი რევაზ ჯაფარიძე და კატეგორიულად მოითხოვა, კონსტიტუციაში ასეთი ცვლილება არ შეეტანათ. გარეთ, სტუდენტთა ჯერჯერობით მშვიდობიანმა დემონსტრაციამ უმალ გაიგო, რაც ხდებოდა და მათი გუგუნი უკვე დარბაზშიც ისმოდა. ბატონი რევაზის შემდეგ სხვებმაც თამამად გაილაშქრეს ამ ცვლილების წინააღმდეგ, მუქარის შემცველი მოწოდებებიც გაისმა.


ედუარდ შევარდნაძე მთელი ამ ხნის მანძილზე რამდენჯერმე გავიდა დარბაზიდან, ყველა ელოდა მის გამოსვლას და, როგორც იქნა, ის ტრიბუნაზე ავიდა. კარგად მახსოვს მისი გამოსვლის დასაწყისი. ხელთ ქაღალდების დასტა ეკავა და განაცხადა - ჩემმა თანაშემწეებმა ბევრი იშრომეს და ეს ტექსტი მოამზადეს, თუმცა, ვგონებ, ახლა ამის წაკითხვას აზრი არ აქვსო. დარბაზში ყრუდ ახმაურდა. ჩემ და, ალბათ, ყველა იქ მყოფის გასაკვირად, მისი გამოსვლა არანაკლები პათოსით იყო აღსავსე. გამოსვლა კი ასე დაამთავრა - ყრილობის მსვლელობის მანძილზე რამდენჯერმე ვესაუბრე მოსკოველ ხელმძღვანელებს, მოვახსენე ქვეყანაში არსებული ვითარება და, იმედი მაქვს, გაითვალისწინებენო. მაშინ ცოტა დაუჯერებელი იყო, რომ საკავშირო ცკ-ს რომელიმე მოკავშირე რესპუბლიკის მოთხოვნის გამო თავისი გადაწყვეტილება გაეუქმებინა. თუმცა მოხდა სასწაული და იმ ჯერზე იძულებული გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ. ამის მთავარი შემოქმედი კი თბილისის ქუჩებში აბობოქრებული ახალგაზრდობა და ქართველ მწერალთა ამქარი გახლდათ. თავის წილ დამსახურებას ვერ დავუკარგავ ედუარდ შევარდნაძესაც. საბჭოთა კავშირი ერთი დიდი კარიერისტული მანქანა იყო, სადაც მცირედ ფეხის დაცდენასაც კი არავის პატიობდნენ. ასეთ დროს მისი ნაბიჯი დიდი რისკის შემცველი იყო. თუმცა მან გაბედა და გარისკა, რადგან ზურგს თბილისის ქუჩებში მშობლიური ენის დასაცავად გამოსული ასიათასობით ახალგაზრდა უმაგრებდა.


ეს გახლდათ გაუგონარი გამარჯვება! იმ ეპოქაში, რომელშიც მოგვიწია ცხოვრება, ასეთ რამეებს არ პატიობდნენ და, ჩემი აზრით, არც გვაპატიეს, ეგ არის, ჯავრი 9 წლის დაგვიანებით იყარეს - 1989 წლის 9 აპრილს...


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner