13 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად გამოიყენა ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბი, რომლის სამიზნეც ავღანეთის ის ტერიტორია გახდა, რომელზეც ექსტრემისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკები" იმყოფებოდნენ.
დარტყმა ავღანეთის ნანგარხარის პროვინციაში, აჩინის რაიონში განხორციელდა. ის პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს და ფაქტობრივად, არ კონტროლდება. სამიზნე „ისლამური სახელმწიფო" და მათი გვირაბთა სისტემა იყო, რომელსაც „ბოევიკები" გადასაადგილებლად იყენებენ.
ლაპარაკია ბომბ „GBU-43"-ზე, რომელიც თვითმფრინავ „MC-130"-დან ჩამოაგდეს. მისი წონა 9,5 ტონას შეადგენს. მას ხშირად მოიხსენიებენ ფიგურალური სახელით - „ყველა ბომბის დედა".
ავღანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბომბის ჩამოგდებისას, დაიღუპა „ისლამური სახელმწიფოს" 36 მებრძოლი და განადგურდა მათი ბაზა. მინისტრის თქმითვე, აფეთქებისას არცერთი სამოქალაქო პირი არ დაშავებულა.
ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი:
- ბომბი „GBU-43" დაახლოებით 15 წლის წინ შეიქმნა. ეს არის არაგაბარიტული საავიაციო ბომბი, რომლის გადატანა ძირითადად ხდება სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით, რადგან ეს ბომბი ჩვეულებრივი ბომბდამშენების ნაკვეთურში არ ეტევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ის ჩამოაგდეს MC-130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტი თვითმფრინავით. ასეთი თვითმფრინავები თბილისის თავზე ხშირად დაფრინავენ, როდესაც, მაგალითად, ჩამოაქვთ რაღაც ტვირთი ან ჩვენი სამხედროები ერაყში მიჰყავთ.
სხვა ბომბებისგან იმით განსხვავდება, რომ ის აღჭურვილია GPS-ს დამიზნების სისტემით, რაც განაპირობებს ობიექტის მიზანში ზუსტ ამოღებას და შესაბამისად, გარდაუვალ დაზიანებას. ეს ბომბი ეშვება პარაშუტით და აფეთქების დროს აქვს ძალიან დიდი დამანგრეველი ძალა. ამიტომაც ამერიკელებმა მას შეარქვეს „ყველა ბომბის დედა". ეს არ არის ატომური, ბირთვული იარაღი, მაგრამ თავისი სიმძლავრით თითქმის უახლოვდება ამ სიძლიერის ატომურ ბომბს.
ასეთი ბომბები სულ რამდენიმე ცალია. მისი დამზადება ძვირი ჯდება და გამოყენება მასობრივად შეუძლებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამერიკული მხარე ამბობს, რომ მისი მიზანი იყო იმ მიწისქვეშა გვირაბის განადგურება, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები ავღანეთში იყენებდნენ.
ავღანეთში ამ მიწისქვეშა გვირაბებს უკვე დიდი ხანია გამოიყენებენ, იგივე, 1979-89 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი თალიბების წინააღმდეგ ავღანეთში ომობდა, მაშინაც აქტიურად გამოიყენებოდა მიწისქვეშა გვირაბების სისტემა, სადაც თალიბები თავს იცავდნენ ავიაციისგან.
- აქამდე თუ გამოიყენეს ეს ბომბი და სად?
- აქამდე ეს ბომბი ორჯერ გამოსცადეს, თუმცა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ გამოუყენებიათ. როდესაც ამერიკელებმა ეს ბომბი პირველად, დაახლოებით 15 წლის წინ გამოსცადეს, ცოტა ხანში თითქმის ასეთივე ბომბი რუსეთმაც გამოსცადა, რომელსაც „ყველა ბომბის მამა" დაარქვეს. ეს იყო მოცულობითი აფეთქების საავიაციო ბომბი, რაც ნიშნავს, რომ აფეთქებამდე ხდება მაღალი წნევის ქვეშ დაჭირხნული აირის გაფრქვევა, შემდეგ კი ამ აირის დეტონირება, შედეგად აირი აღწევს ყველგან და აფეთქებას უფრო დამაზიანებელი ეფექტი აქვს.
- სამხედრო თვალსაზრისით, როგორ შეიძლება შეფასდეს აშშ-ის ეს ნაბიჯი?
- ამ შემთხვევაში შეიძლება დაისვას 2 კითხვა - ეს იყო სამხედრო თვალსაზრისით აუცილებელი ნაბიჯი თუ ამის უკან იმალება პოლიტიკური მიზეზი, ანუ აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ხომ არ სცადეს კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ საკუთარი ძალა?! შეიძლება ორივე მიზეზი იყოს, რთული სათქმელია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი ბომბი შეიძლება გამოიყენონ განსაკუთრებული მნიშვნელობის სამიზნისთვის, რომლის განადგურებაც რთულია ჩვეულებრივი ბომბებითა და რაკეტებით, ხოლო ბირთვული იარაღის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.