logo_geo
eng_logo
ნიკო ლეკიშვილი: მე რომ თბილისის მერი გავხდი, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო...
- +

15 აპრილი. 2017. 12:58


 

„1993 წლის ოქტომბერში თბილისის მერი გავხდი. ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, მკვლელობები, პურის რიგები, რუსთაველის თეატრთან მანქანით ბენზინს ყიდდნენ..." - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა ნიკო ლეკიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბარში განაცხადა.  


„30 წლის წინათ სსრკ კავშირის ნგრევა დაიწყო. 1990 წლის ოქტომბერში პირველი არჩევნები ჩატარდა, დეპუტატი გავხდი. მერე გადატრიალება მოხდა. აფხაზეთში ომი დაიწყო, შეიქმნა პურის დეფიციტი, სისტემურად ითიშებოდა ცნობილი მე-9 ენერგობლოკი. ბოლოს სისტემამ ვეღარ გაუძლო. მე-9 ბლოკის აღდგენისთვის გერმანიამ 50 მილიონი მარკა გამოყო. პირობა წამოაყენეს: სამუშაოებს „სიმენსი" შეასრულებსო. დადგეს გერმანული ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც რუსეთის ძველ დანადგარებს მიუერთეს, რა თქმა უნდა, ვერ იმუშავებდა და ამიტომაც ფეთქდებოდა ეს მე-9 ბლოკი.

 

1993 წლის ოქტომბერში თბილისის მერი გავხდი. ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, მკვლელობები, პურის რიგები, რუსთაველის თეატრთან მანქანით ბენზინს ყიდდნენ... ქალაქში 27 ათასი „ბუტკა" იდგა. სასწრაფო დახმარებას 2-3 და 11 ნაგვის მანქანა გვყავდა. მილიციას არ ჰქონდა იარაღი, ტრანსპორტი. მახსოვს, მე და დემურ მიქაძე გამომცემლობა „სამშობლოს" წინ ხელებაწეულები როგორ ჩავდექით ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის, როგორ შევაწყვეტინეთ სროლა. ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შუა ოპერაციის დროს მდევარი საოპერაციოში შევარდა და ის ბიჭი მაინც მოკლა. ერთ თვეში პურის საკითხი გადავწყვიტე - დავიწყეთ პურის ტალონების გაცემა, ბენზინის მანქანებს ქალაქის ცენტრის დატოვებისთვის 3 თვე მივეცით. პლეხანოვიდან ნელ-ნელა გავიტანეთ „ბუტკები", ახლა რომ აყარეს გარემოვაჭრეები ისე კი არა, სხვა გზა შევთავაზე.

 

1993 წლის დეკემბრის 20-ში გაზი გაითიშა, შევარდნაძემ დამირეკა - მილებში მარაგი მხოლოდ 4 იანვრამდე გვაქვსო. რაც გაზზე მუშაობდა - პურის ქარხნები და სხვა  ობიექტები მაზუთზე უნდა გადაგვეყვანა. „ფარსონკები" იური ლუჟკოვმა გამომიგზავნა, აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევთან მაზუთზე ჩავედი. მაზუთით სავსე ვაგონებმა როგორც კი გადმოლახეს აზერბაიჯანის საზღვარი, ავტომატიანები მიადგნენ და 18 ვაგონი დაცალეს... მიუხედავად ამისა, ნელ-ნელა გამოვედით მდგომარეობიდან.

 

მსოფლიოს ქალაქების მერების კონფერენციაზე იერუსალიმის მერს ტედი კოლეგს შევხვდი, მითხრა, „როცა დავინიშნე, პირველი 5 წელი ხელფასი არ მქონდა, დენი საერთოდ არ იყო, არც გაყვანილობა, მხოლოდ „დვიჟოკებს" ვამუშავდებდით. როცა დილით გამოვდიოდი, მოსახლეობის მოტანილი 200-300 ქილა ნავთი მხვდებოდა, ღამით რომ მემუშავაო. „დვიჟოკი" იყიდე, სინათლე გექნება, თანამშრომლებიც შენთან ერთად იმუშავებენო". ჩამოვედი მერიაში, „დვიჟოკი" დავდგი. 5 დღე სამსახურში ვიყავი, იქ მეძინა, მეექვსე დღეს ფანჯრები ჩაგვილეწეს, დენი რატომ გაქვთო.  ხედავთ განსხვავებას - ისრაელში ხალხმა თვითონ მიუტანა ქალაქის მერს ნავთი, სინათლე აინთე და იმუშავეო, ხოლო აქ ფანჯრები ჩამილეწეს, იმას ვერ მიხვდნენ, რომ მათ საკეთილდღეოდ უნდა მემუშავა...

 

1995 წელს, თბილისობის წინ „ქართვლის დედის" ძეგლი შევაცვლევინე. სანამ სამუშაოებს არ დაასრულებდნენ, ძველი ძეგლის აღების უფლება არ მივეცი. ხალხმა ქართვლის ორი დედა რომ დაინახა, თვალებს არ უჯერებდნენ. „ქართული ხმების" ბიჭები რესტორნიდან რომ გამოვიდნენ და ეს ორი ძეგლი დაინახეს, ეგონათ, „ბელაია გარიაჩკა" დაემართათ...

 

ახლა რომ აღმაშენებლის გამზირი გააკეთეს, ცუდი არ არის, მაგრამ ხელოვნურია, ძვირფას არქიტექტურას დანამატები არ უხდება. მარჯანიშვილის ქუჩაზე, საიდანაც გზის გაფართოების მიზნით 57-58 ოჯახი გავიყვანეთ, სახლი დადგეს, ხოლო ბაღი რომ გავაკეთე, გადაღობეს. რაც ახლა მელიქ-აზარიანცის სახლის ქვემოთ ხდება, კატასტროფაა. ან როგორ შეიძლებოდა ლაღიძის წყლის ადგილას ტანსაცმლის მაღაზიის გახსნა? ან რა უქნეს სოკრატ სალუქვაძის აფთიაქს..." - განაცხადა ნიკო ლეკიშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner