იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მომლოცველები ელოდნენ.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა და თბილისის დროით, დაახლოებით, 15:18 საათზე საფლავი დაიხურა. მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. მათ შორის იყვნენ ებრაული პოლიციის წარმომადგენლები. მანამდე საფლავის გარშემო იერუსალიმის პატრიარქმა და სასულიერო პირებმა სამჯერ ლიტანიობით შემოიარეს. ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:22 საათზე გადმოვიდა.
მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს, 23:30 საათზე ჩამოიტანენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება.