სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეშია ბრძანებს, რომ სიკვდილი და ცოდვა ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ. როგორც უწმინდესი აღნიშნავს, ქრისტეს აღდგომით თითოეულ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა სიკვდილის დაძლევისა და სამოთხის დამკვიდრების.
„აღდგა ქრისტე და მასთან ერთად ძველი აღთქმის მართალთა სულნიც; ქრისტეს აღდგომით თითოეულ ჩვენგანს მიეცა შესაძლებლობა სიკვდილის დაძლევისა და სამოთხის დამკვიდრებისა, რადგან მაცხოვრის კაცობრივი ბუნება მოიცავს ადამიანთა მოდგმის მთელ სისავსეს, ერთ კაცად ქმნილ კაცობრიობას და მასში ვართ ჩვენ ყველანი; მაგრამ მის ჰიპოსტასს ასევე აქვს სრული საღვთო ბუნებაც და ეს ორი ბუნება შეურევნელად, შეურწყმელად და განუყოფლად არის ურთიერთდამტევნელი.
დაუშვებელი რომ დავუშვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ძე კაცისას მხოლოდ ადამიანური ბუნება ჰქონოდა და მკვდრეთით აღდგომა შეეძლო, სიკვდილს ოდენ თავის თავთან მიმართებაში დასძლევდა და ისიც მხოლოდ დროებით, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, სინაგოგის მთავრის ქალიშვილის, ნაინელი ქვრივის ვაჟის, ან თუნდაც ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემთხვევაში (უფრო ადრე კი ელია წინასწარმეტყველისა და ელისეს მიერ აღსრულებულ სასწაულებში). მაცხოვართან მიმართებით კი ჯოჯოხეთი მოტყუვდა! იესოში ვერ შეიცნო ღმერთკაცი. განიზრახა მისი ადამიანური სულის სხვა ადამიანთა სულების მსგავსად შთანთქმა. მაგრამ მოხდა წარმოუდგენელი და სრულიად საპირისპირო რამ!
იმის ნაცვლად, რომ ჯოჯოხეთს დაენთქა ჯვარცმული „მეუფე ჰურიათა," თვითონ დაინთქა და შეიმუსრა, რადგან ვერ დაიტია ქრისტე და მის საღვთო ძალას ვერ შეეწინააღმდეგა. სიკვდილი შედეგია ცოდვისა და ისინი ერთმანეთის გარეშე არ არსებეობენ; ხოლო ვინაიდან მაცხოვარი უცოდველი იყო, მას ვერც სიკვდილი დაეუფლა და ვერც ჯოჯოხეთი; პირიქით, ორივე იძლია და განქარდა", - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.