საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში ბრძანებს, რომ „ამ წუთისოფელში არ არსებობს ბოროტება, არ არსებობს ისეთი დაცემული მდგომარეობა, საიდანაც უფლისაკენ მობრუნება იყოს შეუძლებელი".
„უფლისათვის ცოდვის სიმძიმე იმდენად გამამწარებელი არ არის, რამდენადაც გამოსწორების სურვილის არქონა. ხოლო ცოდვით თავმოწონება ან საზოგადოებისთვის მისი თავსმოხვევა გაცილებით დიდი დანაშაულია. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სინანული დროის ხანგრძლივობით არ განისაზღვრება, არამედ განცდის სიღრმით, რადგან სხვა არის სამართალი ღვთისა და სხვა ადამიანისა. ამასათან სულიერ კიბეზე ამაღლება ნებისმიერ პიროვნებას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია და ამ წუთისოფელში არ არსებობს ბოროტება, არ არსებობს ისეთი დაცემული მდგომარეობა, საიდანაც უფლისაკენ მობრუნება იყოს შეუძლებელი, რადგან არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას.
გავიხსენოთ ვნების კვირაში განვითარებული მოვლენები: გამცემელი იუდა, უფლის სამგზის უარმყოფელი, - გულმხურვალე მოციქული პეტრე, შეშინებული მოწაფეები, ერთგული იოანე და მენალსაცხებლე დედები, ფარული ქრისტიანები, პირადი კეთილდღეობისათვის უსამართლო მსჯავრის გამომტანი პილატე, ასევე უსამართლო სინედრიონი, მათ მინდობილი გულუბრყვილო ხალხი და სხვანი.
გავიხსენოთ ორი ავაზაკიც, ისინი ხომ ჯვარცმამდე, ფაქტიურად, მსგავსი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ერთი ხვედრი ამიტომაც ერგოთ. სულ ბოლო მომენტში, კი, - ჯვარზე, - მათი გზები რადიკალურად გაიყო: ერთმა სინანულითა და ქრისტეს რწმენით სამოთხე დაიმკვიდრა, მეორემ კი, უტიფრობითა და უგულისხმობით, - ჯოჯოხეთი.
თითოეულ ჩვენგანს ჩვენი გზა და ჯვარი გვაქვს. როგორი იქნება იგი და სადამდე მიგვიყვანს? ინებოს ღმერთმა, ჩვენც ჩვენი გულწრფელობითა და ცოდვის განცდით მაცხოვრის შეწყალების ღირსნი გავხდეთ და საყოველთაო აღდგომის დღეს ჩვენც განგვეცხადოს მისი სიტყვები: ,,მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სამყაროს შექმნიდან თქვენთვის განმზადებული სასუფეველი" (მთ.25,34).", - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.