„რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ რუსული პოლიტიკა და კულტურა ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ", - ამის შესახებ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი მხატვარი შოთა გლურჯიძე „ასავალ-დასავალთან" აცხადებს და პროდასავლელების განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კარგია, ქართველმა ახალგაზრდებმა რუსული ენა რომ არ იციან.
როგორც გლურჯიძე აღნიშნავს, პოლიტიკა და კულტურა ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ პუტინის გამო დოსტოევსკი უნდა ავკრძალოთ, ეს სრული სიგიჟეა!
ნაცებს მთაწმინდის პანთეონიდან გრიბოედოვის ამოთხრა და „თავისუფლების მოედნიდან" პუშკინის ბიუსტის აღებაც უნდოდათ.
მახსოვს, სააკაშვილის დროს პუშკინის ბიუსტს ვიღაცამ ფაშისტური სვასტიკა მიახატა. „რასტვარიტელი" ვიყიდე, მივედი და ჩემი ხელით წავშალე. საერთოდ, კულტურასთან ბრძოლა სიგიჟეა. წარმოიდგინეთ, დიდი სამამულო ომის დროს საბჭოთა კავშირში ბეთჰოვენი რომ აეკრძალათ მისი გერმანელობის გამო. რუსეთში არაერთი მეგობარი მყავს, რომლებსაც თავიანთი ხელისუფლებისა და პოლიტელიტისაგან განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ, საქართველო ძალიან უყვართ და ტერიტორიული მთლიანობის საკითხშიც მხარს გვიჭერენ, თანაც, ჩუმად კი არა, ღიად და ხმამაღლა", - აცხადებს გლურჯიძე.