დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული იწყება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს.
ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ, თან პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ. აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია. მორწმუნეებს ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათსა და პარასკევსაც ყველანაირი პროდუქტის მიღება შეეძლებათ.
18 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია და ასევე 1616 წელს გარეჯში წამებული 6 000 ბერის ხსენების დღე.
21 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს კი „წყარო ცხოვრებისად" წოდებული ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული.