მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი" განმარტებას აკეთებს.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის ბექა მჭედლიშვილის განცხადებით, გუშინ, თბილისი-მოსკოვის რეისზე, მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ, თვითმფრინავი მიემართებოდა სავალი ბილიკიდან სადგომისკენ, სვლის დროს მოსახვევში მარჯვენა ბორბლით სავალი ბილიკიდან გრუნტზე გადავიდა და გაჩერდა.
„გუშინ, თბილისი-მოსკოვის რეისზე, მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ,თვითმფრინავი მიემართებოდა სავალი ბილიკიდან სადგომისკენ, სვლის დროს მოსახვევში მარჯვენა ბორბლით გადავიდა სავალი ბილიკიდან გრუნტზე და გაჩერდა. მგზავრების გადაყვანის მიზნით იმავე ადგილზე მიადგეს ტრაპი და ავტობუსების მეშვეობით მგზავრები გადაიყვანეს ჩამოფრენილი მგზავრების ტერმინალში. არავითარ საფრთხეს ეს ინციდენტი მგზავრებისათვის არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ თვითმფრინავი გადაიყვანეს სადგომზე. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ამ წუთამდე მიმდინარეობს შემოწმება, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ინციდენტი. მოსკოვიდან მომავალი მგზავრებისთვის თბილისიდან გუშინვე გაიგზავნა თვითმფრინავი და აღნიშნული მგზავრები თბილისში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდნენ", -აღნიშნავს ბექა მჭედლიშვილი.
რუსული მედიის ცნობით, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაჯდომისას, სამიმოსვლო ბილიკიდან გადავიდა და მიწის მასაში ნაწილობრივ ჩაეფლო.