ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ამომრჩევლებს 2015 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. საანგარიშო პრეზენტაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა. მუნიციპალიტეტის გამგებელი მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ეკონომიკისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე დაკონკრეტდა და სკოლამდელი განათლების, კულტურული ღონისძიებებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების მიზნობრიობაზე ისაუბრა. გამგებელმა ყურადღება იმ სამომავლო გეგმებსა და ახალ პროექტებზე გაამახვილა, რომელსაც მუნიციპალიტეტი მისი უფლებამოსილების ვადაში განახორციელებს.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, საკრებულოს დადგენილი რეგლამენტის წესით, ამომრჩევლებს გასული წლის საქმიანობის ანგარიში გავაცანით. ყველა ადმიანს აქვს უფლება, იცოდეს, რაში და რამდენად მიზნობრივად იხარჯება საბიუჯეტო სახსრები. მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მუნიციპალური სერვისები, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და გავაუმჯობესოთ სოციალური პირობები,"- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
შემაჯამებელ პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ამომრჩევლები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად მუნიციპალიტეტის გამგებელი წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩეველს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს . მერაბ ჭანუყვაძემ თავისი უფლებამოსილების ვადაში, რიგით მესამე, საანგარიშო პრეზენტაცია გამართა.