ეკა ბესელიასა და ნოდარ ებანოიძეს შორის შელაპარაკება საბავშვო ბაღების რეფორმასთან დაკავშირებით წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტთან, კერძოდ კი, პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც ბავშვთა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფის შემადგენლობის ფორმირებას ითვალისწინებს.
„რესპუბლიკელმა" დეპუტატმა თამარ კორძიამ თანაფრაქციელ ნოდარ ებანოიძის მისამართით დეპუტატ ეკა ბესელიას შეფასებას მიუღებელი, უადგილო და ორაზროვანი უწოდა. განცხადება კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
„ნოდარ ებანოიძის კითხვასთან დაკავშირებით თქვენი პასუხი, რომ ეს იყო პოლიტიკურ ქვეტესტებთან დაკავშირებული, ნამდვილად მიუღებელი, უადგილო და ორაზროვანი იყო, რადგან არც ბატონ ნოდარს და არც ერთ „რესპუბლიკელს" არა გვაქვს იმის პრობლემა, რომ პოზიციები ღიად გამოვხატოთ და ეს იცის ყველამ. ამიტომ გთხოვთ, რომ მომავალში ეს გაითვალისწინოთ", - მიმართა ბესელიას თამარ კორძაიამ.
თამარ კორძაიამ პროექტის შესაბამისი მუხლის კენჭისყრაზე გატანის გადადება და იმ საგანმანათლებლო სუბიექტებთან კონსულტაციების გამართვა ითხოვა, ვინც პარლამენტში ინიცირებულ საკითხს პრობლემატურად მიიჩნევს. მან აღნიშნა ისიც, რომ ზოგადად, ინიცირებული პროექტი წინგადადგმული ნაბიჯია.