logo_geo
eng_logo
გელა ნიკოლაიშვილი: ვიდეოკადრების საქმის გამოსაძიებლად პროკურატურამ ყველა მიმართულებით იმუშავა!
- +

1 აპრილი. 2016. 17:51

 

 

სამოქალაქო სექტორი მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს. კამპანია „ეს შენ გეხება" პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციები უწყების არაეფექტურ მუშაობაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, მთავარი პრობლემა არა მხოლოდ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობაა, არამედ, ისინი ითხოვენ სისტემური დანაშაულის გამოძიების ბოლომდე მიყვანას.


ამ თემაზე „რეპორტიორს" ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მოთხოვნა დასაბუთებული იქნებოდა, თავადაც  დაუჭერდა მხარს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ხედავს იმ კონკრეტულ ქმედებებს, რაც პროკურატურას უნდა განეხორციელებინა და არ განახორციელა.


„ჩემი აზრით, მოთხოვნებს იმის გამო, რომ ვიღაცა რაღაცას არ აკეთებს და ამის გამო უნდა გადადგეს, ყოველთვის სჭირდება დასაბუთება. ამ შემთხვევაში მათ უნდა თქვან, რა არ გააკეთა თუ ვერ გააკეთა, რა გზას არ მიმართა და რა მექანიზები არ გამოიყენა პროკურატურამ, რომ ეს დანაშაული გაეხსნა. რამდენადაც მახსოვს, მოითხოვდნენ, რომ ჩართულიყვნენ უცხოელი სპეციალისტები, ამავე დროს ჩვენ გავიგეთ, რომ FBI-ის მიმართა პროკურატურამ და მათ სპეციალისტები უკვე გამოგზავნეს.

 

ტექნოლოგია, რომელიც საერთოდ აკრძალავს ასეთი ჩანაწერების ინტერნეტში გავრცელებას, დღეს არ არსებობს. პროკურატურას რაც შეუძლია, ატვირთული მასალის დაბლოკვაა, რათა ფართო საზოგადოებამ ასეთი მასალები ვერ ნახოს. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი სწორედ ეს მოხდა გუშინ, რაღაც ვიდეო დადეს და ვერავინ მოახერხა მისი ნახვა. სხვა რა უნდა გაეკეთებინა და რა არ გააკეთა, არ მესმის. ისეთ ტექნოლოგიას ვერ გამოიგონებს, რომ ვინც ატვირთავს მასალას, მოკლე ვადაში ვიდეოს ავტორი იპოვონ. იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მოთხოვნა დასაბუთებული იქნებოდა, მეც დავუჭერდი მხარს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ იმ კონკრეტულ ქმედებებს, რაც პროკურატურას უნდა განეხორციელებინა და არ განახორციელა. ვფიქრობ, ამ მომენტამდე პროკურატურამ ყველა მიმართულებით იმუშავა", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner