logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: აუცილებელი განმარტება...
- +

18 აპრილი. 2017. 15:36


 

 

„მსახიობების დაფინანსების სიამ, რომელიც ჩემმა სააგენტომ („ექსპრეს-ინფო") გამოაქვეყნა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთნი ამბობენ, სია ძველია და ბევრი ადამიანი უკვე გარდაიცვალაო, მეორენი ამტკიცებენ - არავისი საქმე არაა, ვინ ვის აფინანსებს და ვინ ვის სცემს პატივსო, მესამენი (თავად მსახიობები) იძახიან - ეს ფული კერძოა, ჩვენ სახელმწიფოს ვედავებით ხელფასების სიმცირის გამოო, მეოთხენი (უფრო მეტად „ნაციონალები") ყვირიან, ეს სია ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურად გადასცა თავის „ლეკვებს" და ისინიც ნიშნისმოგებით აქვეყნებენო, სპეციალურად, რათა ჩვენი სათაყვანებელი ადამიანები დაამცირონო", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს და აქვე აღნიშნული სიის გავრცელებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

 

„ვინაიდან, „მავნებმა" საქმე ასე წაიყვანეს, განვმარტავ:

 

პირველი - ეს სია არ გახლავთ „ქართუ ჯგუფის" მიერ და მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის გავრცელებული, მე მქონდა შენახული არქივში, სრულად, ანალოგიური სახით თავის დროზე გამოქვეყნდა გაზეთ „ალიაში". რაკი თემის ტემპერატურა ასე ძალიან იყო აწეული, ამიტომაც მოჰყვა მძაფრი რეაქცია, თორემ, მაშინ საერთოდ არავის გასჩენია პრეტენზია!

 

მეორე - ეს სია არის არა ძველი, არამედ - მუდმივი. რასაკვირველია, გადის დრო, გადის წლები, ზოგი კვდება, ზოგი - რჩება (ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს), მაგრამ ამით რა იცვლება? ჯერ ერთი, 3500-კაციან სიას სულ რამდენიმე ადამიანი გამოაკლდა და მეორეც - ის პერიოდულად ივსება ე.წ. ახალი სახეებით. თუ ვინმე გამოვა და იტყვის, რომ დახმარება მოუხსნეს, მზად ვარ, ბოდიში მოვიხადო!

 

მესამე - არავისი საქმე არაა, ვინ ვის ეხმარებაო! კი, ბატონო, არც მე და არც პატივცემულ საზოგადოებას არასოდეს ჩაგვიხედავს სხვის ჯიბეებში, მაგრამ როცა დასაფასებელი მსახიობი თუ მწერალი ან მუსიკოსი გამოდის და საჯაროდ ტირის: არიქა, მშია, სიგარეტის ფული არ მაქვსო, ხომ უნდა შევწუხდეთ, ხომ უნდა ვიკითხოთ, რა ხდება, რა უბედურებაა ჩვენს თავს? როცა კარგად გამოიკვლევ და აღმოჩნდება, რომ რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, ხომ უნდა დადო სათანადო ფაქტი?! არ ვიცი, სხვისთვის როგორ, მაგრამ ზურა ყიფშიძე ჩემთვის არ გახლავთ რიგითი მსახიობი და უბრალო ადამიანი, ის არის ჩემთვის ქართველი კაცის ეტალონი, რაღაც განსაკუთრებული მოვლენა (როგორც, მაგალითად, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ეროსი მანჯგალაძე, სპარტაკ ბაღაშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი... რომელი ერთი ჩამოვთვალო...). როცა ვიგებ, რომ ასეთ კაცს სიგარეტის ფული არ აქვს, როგორ ხასიათზე უნდა დავდგე, არ გავიკითხო, რა ხდება?!

 

მეოთხე - ძალიან კარგად მოიქცა ზურა ყიფშიძე, როცა განაცხადა, ეს გაუგებრობაა, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, სიტუაციამ უკვე მახინჯი სახე მიიღოო. მადლობა ბატონ ზურას ამისთვის, მაგრამ ბევრი არ ცხრება, ბევრი ისევ განაგრძობს შეფარვით ლანძღვა-გინებას, ვისი რა საქმეა, ჩვენ კერძო პირი რამდენს მოგვცემსო? ვიმეორებ: მართლაც არ არის არავისი საქმე, მაგრამ როცა შიმშილზეა ლაპარაკი, ეს უკვე ხდება ჩვენი, ყველას საქმე!

 

მეხუთე - უნდა დააფინანსოს თუ არა სახელმწიფომ თეატრები და კინო? ამ შემთხვევაში მედალს ორი მხარე აქვს: პირველი - თეატრები და კინოსტუდიები ქმნიან პროდუქციას, რომელიც უნდა გაყიდონ და ამით ირჩინონ თავი. გამოდის, საბოლოოდ მაინც მივდივართ ბიზნესის საფუძვლებამდე; მეორე - რაკი დღეს (და ასეა ჩვენში მუდამ) ასე უჭირთ ჩვენს სახელოვან ადამიანებს, რომელთა შემოქმედებაზეც გავიზარდეთ და ასევე უნდა გაიზარდონ ჩვენი შვილები, მაშინ სახელმწიფო აუცილებლად უნდა წაეხმაროს და ეხმარება კიდეც. აქ ჩნდება ერთგვარი ეგოიზმი - კი მაგრამ, თუკი სახელმწიფო ეხმარება მსახიობებს, ეხმარება მევენახეებს (ვგულისხმობ ყოველწლიურ სუბსიდიას), რა დააშავეს მხატვრებმა, ექიმებმა და რაც მთავარია, პენსიონერებმა? მაშინ, როცა პენსია 180 ლარია, რატომ ვითხოვთ მილიონებს რაღაც ფესტივალების ჩასატარებლად?!

 

მეექვსე - ფესტივალები ვახსენე... ქალბატონო ქეთი (დოლიძეს მივმართავ), კულტურის მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ თქვენი ფესტივალი („საჩუქარი") დაფინანსებულია 450 ათასი ლარით, ამავე დროს თბილისის მერია გაძლევთ 300 ათას ლარს, რაც ჯამში გამოდის 750 ათასი ლარი. აქ არა მხოლოდ მე, საზოგადოებაც დაიბნა - მეტი რაღა გინდათ, რატომ ხართ უკმაყოფილო? რა ხდება, თუმანიშვილის სახელობის თეატრს მოაკლეს 10% და ამიტომ ხართ გაბრაზებული? „საჩუქარს" მოაკლეს 19 ათასი? მერე რა, 180-ლარიანი პენსიის ქვეყანაში ცოტა რომ მოგაკლონ, რა პრობლემაა, თქვენ ხომ წარმატებული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბრძანდებით და შესაბამისად, ბილეთებიც წარმატებულად იყიდება? როგორც მახსოვს, თქვენ ამ თემაზე დავა გქონდათ სააკაშვილის ხელისუფლებასთანაც და ვატყობ, იგივე მეორდება. თუმცა, ვიცი, ამ ხელისუფლების პირობებში არაფერი გაქვთ საწუწუნო!

 

მეშვიდე - მე არც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვარ და არც მიხეილ გიორგაძის, უბრალოდ, ჩემს აზრს გამოვთქვამ იმ უმადურობის გამო, რაც ქართველ საზოგადოებაში სუფევს. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ლანძღო ადამიანი, რომელიც 30 წლის განმავლობაში გარჩენს და შენს რჩენას კვლავაც განაგრძობს. არადა, ვიცი რამდენიმე ადამიანი, ივანიშვილს უკანასკნელი სიტყვებით რომ ლანძღავს, 3-3 ათასი ლარი გვეკუთვნის და 2-2 ათასს გვაძლევსო. ან ამას რაში აძლევს, ეგეც არ ვიცი!

 

მერვე - დაბოლოს, მე ისიც მითხრეს, ბოლო სამი თვეა, ივანიშვილის დახმარება მსახიობებს არ მიგვიღიაო. თუ ასეა, მაშინ პრობლემა ან „ქართუ ჯგუფშია", ან კულტურის სამინისტროში. გამოვიდეს კულტურის მინისტრი და აუხსნას საზოგადოებას, რა ხდება!

 

P.S. თუ რამე ისე ვერ ვთქვი, თუ რამე მკაცრად გამომივიდა, ბოდიშს ვიხდი. ყველას გისურვებთ მილიონობით შემოსავალს და გამდიდრებას!" - წერს ზედელაშვილი.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner