logo_geo
eng_logo
კახა კაჭარავა: ჩემპიონობა? რატომაც არა?!
- +

18 აპრილი. 2017. 19:18




შვიდი ტურის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ლიგას თბილისის „დინამო" ლიდერობს. ცოტა ხნის წინათ, ამას ბევრი ვერ წარმოიდგენდა. ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამის მიუხედავად, კახა კაჭარავას შეგირდებმა მთელ რიგ შეხვედრებში დამაჯერებელი თამაში აჩვენეს და მომავლის იმედი ჩაუსახეს გულშემატკივარს.


თავად კაჭარავაც ძალიან მოუხდა გაახალგაზრდავების გზაზე შემდგარ „დინამოს". საკამათო არავისთვისაა, რომ მან კარგად იცის ახალგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობა. ფაქტია, მოკლე ხანში ახალმა მწვრთნელმა ძალიან საინტერესო გუნდის კონტურები გამოძერწა.


„ლელომ"კახა კაჭარავასთან ინტერვიუ ჩაწერა...


- სეზონის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი, როცა "დინამო" ჩაიბარეთ, რითიც ძალიან სარისკო ნაბიჯი გადადგით...


- რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან ეს მართლაც რისკი იყო. სეზონის დაწყებამდე სულ 15 დღე რჩებოდა. დამეთანხმებით, ამ დროში რთულია გუნდის მომზადება... რა თქმა უნდა, სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. მოხარული ვარ, რომ გამოკვეთილია ის ბირთვი, რომელსაც შეგვიძლია, დავეყრდნოთ ორი-სამი წლის განმავლობაში.


- გაახალგაზრდავების ფონზე, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ "დინამო" ასე მალე გალიდერდებოდა...


- კი ბატონო, ბევრი რამ შეიცვალა „დინამოში", მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ თამასა დაბლა დავწიოთ. ორი ფეხბურთელი დარჩა ძველი შემადგენლობიდან და, ამის მიუხედავად, მხოლოდ მაქსიმუმზე ვფიქრობთ. მახარებს ისიც, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს აშკარად აქვთ ნიჭი, თუმცა მათ ჯერ კიდევ ბევრი უნდა იშრომონ. თბილისის „დინამო" ვერ იქნება დამოკიდებული რამდენიმე ფეხბურთელზე...


- ცალკე უნდა გკითხოთ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, რომელთაც გეგმაზომიერად აწინაურებთ. თქვენი, როგორც მწვრთნელის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისიც არის, რომ კარგად გეხერხებათ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა...


- ნიჭი არის, ამაში ნამდვილად გეთანხმებით. ცუდი ის არის, რომ, რასაც მართლა კარგი პირობები ჰქვია, „დინამოს" გარდა, ბევრ გუნდს არ აქვს. ძალიან მინდა, 5-6 კონკურენტუნარიანი, გამართული ინფრასტრუქტურის მქონე კლუბი იყოს საქართველოს ჩემპიონატში. ეს მხოლოდ წაგვადგებოდა.


- ინფრასტრუქტურის თემას გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით. საქართველოში არის სტადიონები, სადაც ნორმალურ ფეხბურთს ვერ ითამაშებ უხარისხო საფარის გამო...


- რა თქმა უნდა, ეს ძალზე მნიშვნელოვანი თემაა. მე მესმის, რომ დღეს ჩვენ არ ვართ იდეალურ ვითარებაში. მეორე მხრივ, როცა ცუდ საფარზე შენზე დაბალი კლასის გუნდს ეთამაშები, შენი უპირატესობა ბათილდება. მოკლედ რომ ვთქვათ, შენც მის დონეზე დადიხარ. რეალობა ასეთია.


- „დინამოს" ახალგაზრდები დღითიდღე უმატებენ...


- ჩვენ მათ ბოლომდე ვენდობით, ოღონდ ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე. ის, რაც შეიძლება საკმარისი იყოს საქართველოს ჩემპიონატში, არ იქნება საკმარისი ევროპაში. მე არ ვეთანხმები იმ აზრს, თითქოს, 19 წლის ფეხბურთელი ახალგაზრდაა და მას არ შეუძლია სერიოზული ამოცანების გადაჭრა. ყველა ვხედავთ, რა ხდება თუნდაც ჩემპიონთა ლიგაში ან ევროპის წამყვან ჩემპიონატებში - ხშირად, სწორედ 19-20 წლის ფეხბურთელები წყვეტენ თამაშის ბედს.

 

- ერთი მხრივ გვარიანად გაახალგაზრდავებულ „დინამოს" ეგრევე საქართველოს ჩემპიონობას კატეგორიულად ვერავინ მოსთხოვს, მაგრამ მეორე მხრივ ეს „დინამოა"...


- ჩვენ მაქსიმუმი უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს. ასე ვარ პირადად მე და ასე არიან ჩვენი ფეხბურთელებიც. სწორი აქცენტი გააკეთეთ - დიახ, ეს არის "დინამო", რომელსაც მოკრძალებული მიზნები, უბრალოდ, ვერ ექნება. ეს წარმოუდგენელია!


- გამოდის, რომ უკვე ამ სეზონში მიზანი ჩემპიონობაა...


- დიახ, ჩემპიონობა! რატომაც არა?!


- ზოგადად, მიმდინარე ჩემპიონატზე რას იტყვით?


- გეხსომებათ, თავის დროზე მე არ ვიყავი ბოლომდე მომხრე 10-გუნდიანი ჩემპიონატის, მაგრამ ახლა რასაც ვუყურებ, ფორმატი ამართლებს. არ ვარ ის კაცი, რამეში შევცდე და არ ვაღიარო. ძალიან დაძაბულია მიმდინარე პირველობა, აუტსაიდერები და ლიდერები მხოლოდ პირობითად არიან, ვერ გაიგებ, ვინ ვის მოუგებს.


- საერთოდ, ცნობილია, რომ თქვენ მიერ გაწვრთნილ გუნდებში დისციპლინის საკითხი უმაღლეს დონეზეა აყვანილი და ეს აქსიომასავითაა. კახა კაჭარავას სიმკაცრეზე ლეგენდებიც დადის...

- მერწმუნეთ, ჩემი მოთამაშეებისგან არასაფეხბურთოს არაფერს ვითხოვ. არიან მწვრთნელები, ფეხბურთელის ყოფის უმცირესი ნიუანსითაც რომ ინტერესდებიან... ზოგადად, რად უნდა თქმა იმას, რომ ფეხბურთელი წონაში არ უნდა იყოს მომატებული, ვარჯიშზე არ უნდა დააგვიანოს, მსაჯს არ უნდა ეჩხუბოს და მინდორზე უნდა იყოს დისციპლინირებული?!


არ გამომიყენებია საჯარიმო სანქცია მას შემდეგ, რაც „დინამოში" ვარ. ფეხბურთელს უნდა აუხსნა ერთხელ, ორჯერ... მესამედ რომ ვერ გაიგებს, რომ ვერ შეიგნებს, მაშინ უნდა დატოვოს გუნდი. გამოდის, რომ ის არ ყოფილა ამ გუნდის ორგანული ნაწილი. ჩვენ ვეხმარებით ფეხბურთელებს, რომ ითამაშონ კარგი ფეხბურთი, სულ ამას ვეუბნები, რომ მე მინდა მათი დახმარება და ისინიც ბოლომდე უნდა დამიდგნენ გვერდით.


ვამბობ სრული პასუხისმგებლობით - ამ ბიჭებს კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ! „დინამოში" ყველა პირობაა შექმნილი ფეხბურთელის პროგრესისთვის. ჩვენ დავიწყეთ საკუთარი აკადემიიდან ახალგაზრდების დაწინაურების პროცესი. ჩაკვეტაძე, ლოჩოშვილი, ზარია, ნინუა... გამოჩნდნენ ძალიან ნიჭიერი ბიჭები და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.


- ...თუმცა უარს არ ამბობთ გამოცდილ ფეხბურთელებზეც. ბოლოს გუნდში ნუკრი რევიშვილი მოვიდა...


- რა თქმა უნდა, ეს ჩვენს გუნდს ძალიან წაადგება. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დიდი სკოლაა ისეთი გამოცდილი მოთამაშეების გვერდით თამაში და ვარჯიში, როგორებიც არიან იგივე რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე... მათგან ახალგაზრდებს ძალიან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ და მჯერა, ეს ასეც იქნება.

 

- ამ „დინამოს" მართლა ეტყობა „კოჭებში", რომ ზრდა და განვითარება შეუძლია. ალბათ, დროში არ ხართ შეზღუდულები...


- გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მშვიდად ვიმუშაოთ. კლუბის ხელმძღვანელობამ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე რომ გააკეთა, ყველას გვესმის - ასეთ დროს შეიძლება იყოს ჩავარდნა და ჩვენ ამას ვერც მიმდინარე ჩემპიონატში ავცდით. ჩვენ გვინდა, ამ გუნდმა თავისი სიტყვა თქვას თუნდაც ევროპაში.


კიდევ ერთხელ ვამბობ - არსად გვეჩქარება! როცა ცალკეული ფეხბურთელები დიდ სამსახურს გაუწევენ „დინამოს" და გუნდში საკუთარ თავს ამოწურავენ, დადგება მათი წასვლის დროც. ჩვენი სურვილიცაა, რომ მათ ძალა მოსინჯონ უცხოეთის ძლიერ კლუბებში. ამით ისინი უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგებიან და მომგებიანი იქნება ჩვენი კლუბისთვისაც.


გვინდა თუ არა, უნდა გავუწიოთ ანგარიში დღევანდელ რეალობას - თუ გადავხედავთ ზოგად ტენდენციას, ვნახავთ, რომ კლუბების 70-80 პროცენტი სწორედ ასე ცხოვრობს. მე არ ვარ ფეხბურთელის წასვლის წინააღმდეგი, ოღონდ მას შემდეგ, რაც კლუბს გამოადგება და საქართველოს ჩემპიონატში თავის შესაძლებლობებს ამოწურავს.



ესაუბრა ალეკო კაკაურიძე   


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner