შავ ზღვაში სატვირთო გემი „Герои Арсенала" ჩაიძირა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან 3-ის გადარჩენა მოხერხდა, ხოლო დანარჩენები დაკარგულად ითვლებიან. სამძებრო სამუშაოები გრძელდება, თუმცა სიტუაციას ართულებს ცუდი ამინდი და შტორმი.
ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა უკრაინის მოქალაქე იყო, ორი (მათ შორის კაპიტანი) - რუსეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქე.
ყირიმის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, მათ ადგილობრივი დროით 03:54 საათზე SOS-ის სიგნალი მიიღეს.
სატვირთო გემი რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული. გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა.