logo_geo
eng_logo
გიორგი ახვლედიანი: პარლამენტის გადატანა იყო სრული აბსურდი
- +

19 აპრილი. 2017. 13:33



„სადაც არის მთავრობა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სამინისტროები, იქ უნდა იყოს პარლამენტიც, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ", - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხზე ისაუბრა.


როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, ქუთაისში პარლამენტის არსებობა საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს. მისივე თქმით, ყოველ წელს სამინისტროების ბიუჯეტს ემატება რამდენიმე მილიონი, რათა ანაზღაურდეს მივლინებები ქუთაისში.


„პარლამენტის გადატანა იყო სრული აბსურდი. ამ პარლამენტს მრავალმილიონიანი ხარჯი უკავშირდება. ყოველწლიურად თითოეული სამინისტროს ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი ემატება, რათა მივლინებებში იარონ ქუთაისსა და თბილისს შორის. ის ერთი შენობა კი, რომელიც მთავრობის სახლი უნდა ყოფილიყო, ნამდვილად ვერ უზრუნველყოფდა სამინისტროების წარმომადგენლობას პარლამენტში, რაც, რეალურად, საკანონმდებლო საქმიანობის, სამინისტროების მხრიდან ინიციატივების წარდგენის ან თუნდაც ანგარიშის ჩაბარების დროს საჭიროა. ყოველწლიურად ეს უამრავი ხარჯი  ჩვენს ბიუჯეტს აწვება და ეს ცოტა არ გახლავთ, ეს დაახლოებით 60 მილიონია, შესაბამისად, ესაა ის თანხა, რომელსაც ჩვენ ჰაერში ვისვრით, მხოლოდ იმიტომ, რომ ზევით-ქვევით ირბინონ ყოველდღიურ რეჟიმში ათეულობით სამინისტროს წარმომადგენელმა და პარლამენტარმა. ეს ხარჯები არის სრული აბსურდი.

 

წინა ხელისუფლებას ვეუბნებოდი, რომ სახელისუფლებო შტოების ასე განცალკევება არ შეიძლება. ან პარლამენტი უნდა დაეტოვებინათ თბილისში, ან მთელი მთავრობა უნდა გადასულიყო ქუთაისში, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ეს არ ისურვეს. პარლამენტი ქუთაისში გადაიტანეს მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ნაკლები საპროტესტო აქცია ჩატარებულიყო თბილისში", - აცხადებს ახვლედიანი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner