ავტორი ალა გრიგალაშვილი
„უნდა ვიფიქროთ, როგორ შევქმნათ ძლიერი პოლიტიკური კოალიცია დასავლეთზე ორიენტირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად და მძლავრად, რათა შედეგი მივიღოთ", - აღნიშნული განცხადება „ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების" დაშლით ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება გაუადვილდება.
„ანალოგიური ამოცანა ექნებათ ე.წ. პრორუსულ პოლიტიკურ ძალებსაც და ამომრჩეველს მარტივი არჩევანი ექნება გასაკეთებელი თეთრსა და შავს შორის. ზოგადად, ეს პროცესი კარგია ქართული სახელმწიფოს ხვალინდელი განვითარებისთვის. მაგრამ კარგი იქნება საბოლოოდ მაშინ, როდესაც ჩამოყალიბდება 2016 წლის არჩევნებზე შექმნილი პარლამენტი და მას ექნება მკაფიო საგარეო პოლიტიკური ორიენტირი. ეს არის მოცემულობა და ეს არის სიკეთე, რაც მოგვცა კოალიცია „ქართული ოცნების" არაკვალიფიციურმა, არაპროფესიონალურმა, დილეტანტურმა და პოლიტიკური უცოდინრობის მადემონსტრირებელმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ უკანასკნელი წლების განმავლობაში",- განაცხადა კაციტაძემ.
კაციტაძე საარჩევნო ბლოკების შექმნაზე საუბრისას, არ გამორიცხავს, რომ გაერთიანება შედგეს როგორც კოალიციაში შემავალ პარტიებთან, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციაში მყოფ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთანაც.
„როგორ დაჯგუფდებიან მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები, ეს მომავლის საქმეა. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჩემი, როგორც პროდასავლური პარტიის ლიდერის ამოცანა გახლავთ ის, რომ საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების პარალელურად, შეიქმნას ძლიერი და მოგებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ბლოკი პროდასავლურ ძალებს შორის. ეს სივრცე დღეს გახსნილია, აწი ჩვენს პოლიტიკურ მარიფათზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი. და თუ ამ 6 თვემ ვერ ასწავლა პარტიებს, რა მოცემულობის წინაშე დგანან ისინი და ვერ გააკეთებინა სწორი არჩევანი, ეს იქნება მათი ბრალი და არა სხვისი", - განაცხადა კაციტაძემ.