მსახიობი ზურა ყიფშიძე „სარკესთან" კომენტარს აკეთებს იმ ხმაურიანი ინტერვიუების გამო, რომელიც პრესას მისმა შვილმა, გიორგი ყიფშიძემ მისცა და აღნიშნა, რომ ცნობილ მსახიობს ფინანსურად ძალიან უჭირს.
ზურა ყიფშიძე თავს უხერხულად გრძნობს და აღნიშნავს, რომ არავისი საქმე არ არის, უჭირს თუ არა მას.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, გაუნაწყენდა თუ არა გიორგის, როცა მან ასეთი განცხადება გააკეთა, ცნობილი მსახიობი პასუხობს:
„თავს საშინლად ვგრძნობ. არ მიყვარს საჯაროდ ლაპარაკი, ვის რა უჭირს და ვის რა არ უჭირს. ვიღაცას რაღაც უჭირს და ფარად გამომიყენეს. რატომ მოხდა ასე, ვერ გავიგე და მაგრად მეშლება ნერვები. ჩემ დაუკითხავად მოხდა ყველაფერი".
- თქვენი ვაჟის ინტერვიუს შემდეგ ატყდა ეს ამბავი, ამის გამო გიორგის ხომ არ გაუნაწყენდით?
- მე არავის ვუწყრები. ყველა იმას აკეთებს, რასაც გრძნობს და ფიქრობს, მაგრამ ჩემი შეფასება სხვაგვარია ხოლმე. არ მესიამოვნა, რომ მე შემეხო ეს ამბავი და ფარად გამომიყენეს. არავის ვუწყრები, არავის ვეჩხუბები და არც პრეტენზია მაქვს. არავისი საქმე არ არის, მე რა მიჭირს და რა - არა და ამაზე საჯაროდ საუბარი საჭირო არ არის.
ვნახე მინისტრი მიხეილ გიორგაძე, გივი ბერიკაშვილის გასვენებაში ვიყავით. დავილაპარაკეთ და მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს, პრობლემა არ არსებობს. მას კარგად ვიცნობ და ამოვწურეთ ეს თემა. ხელფასები მართლაც დაბალია, მაგრამ ეს მინისტრზე კი არა, საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული.