ავტორი სალომე უერთაშვილი
„ყველა ის კომენტარი, რომელიც საქართველოს მხრიდან ლავროვის ვიზიტზე გაკეთდა, ერთმანეთს ჰგავს და სავსებით გასაზიარებელია. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტით ყველა ნორმა დარღვეულია", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და სოხუმში ლავროვის ვიზიტზე ისაუბრა.
როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, შესაძლებელია, რუსეთს აფხაზეთში ცუდად ჰქონდეს საქმე და ლავროვის ვიზიტი სწორედ ამას ემსახურებოდეს და არა საელჩოს შენობის გახსნას.
„მე მაინც დამაინტერესა თვითონ ვიზიტის დროს გამოყენებულმა აი, ამ ინსტუმენტმა, რასაც ლავროვი ჰქვია, მსხვილკალიბრიანმა პოლიტიკურმა ფიგურამ. საელჩოს შენობის გახსნა ასეთი ფიგურის ჩასვლას არ საჭიროებს. საერთოდ, რუსეთი არ არის დიდად პოლიტკორექტული ქვეყანა და თუ რაიმე არ აწუხებს, ადვილად იკიდებს ფეხზე სხვის ინტერესებს, ახლა კი რაც შეეძლო, იმის მაქსიმუმი ჩადო ამ ვიზიტში, ანუ თავისი ერთ-ერთი პირველი პირი გაუშვა სოხუმში, თან ისეთი, როგორიც ლავროვია. მოგეხსენებათ, ბევრ საერთაშორისო არენაზე ლავროვის წონის საგარეო საქმეთა მინისტრი ცოტა მოიძებნება. მის ვიზიტს მარტო იმით ვერ ავხსნით, რომ საქართველოსთვის პირობები დაერღვიათ, მე მგონი, ამის იქით დგას ის, რომ შესაძლებელია თვითონ აფხაზეთშია ცუდად რუსეთის საქმე.
ყველაფერი კარგად რომ იყოს, მცირე ფიგურით ჩატარდებოდა იქ ღონისძიება, ახლა კი მცირე ფიგურა კი არა, მაქსიმალურად მძიმეწონიანი ფიგურა გაუშვა ამ ღონისძებაზე.
ლავროვის ვიზიტი საინტერესოა არამარტო იმ ქვეტექსტით, რითაც დატვირთულია, არამედ იმ ტექსტითაც, რითაც გვამცნობენ, რომ დიპლომატებისთვის ახალი სახლი გაიხსნა და ხდება აფხაზეთის საერთაშორისო არენაზე გატანა. ეს უკანასკნელი შეიძლება გახდეს თემა, არ არის გამორიცხული, რუსეთი საქართველოდან ევროპაში უვიზო მიმოსვლამ შეაშფოთოს. ეს თუ მიმზიდველი აღმოჩნდება აფხაზებისთვის, რუსეთმა ამის საპირწონედ რაიმე უნდა გააკეთოს, ამდენად საერთაშორისო არენაზე აფხაზეთის გაყვანა შეიძლება მართლა ასახავდეს რუსეთის მიზნებს აფხაზებთან მიმართებით. თუმცა, ეს ნაბიჯიც შეიძლება გადამდგარიყო ისე, რომ ასეთი ძლიერი პერსონა არ ჩასულიყო სოხუმში", - აცხადებს საყვარელიძე.