„საერთო ჯამში ძალიან საინტერესო ანგარიშია", - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
როგორც სესიაშვილი აღნიშნავს, საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით რეიტინგში 29-ე ადგილზეა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ეს გარკვეულწილად განაპირობებს ინვესტიციების შემოსვლას, ტურისტების რაოდენობის გაზრდას და ქვეყნის განვითარებას.
„სხდომაზე განიხილება ყველა ის ღონისძიება და საქმიანობის ის ფორმა, რომლითაც რეალურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია დაკავებული. სწორედ ამიტომ, მე მივმართე პარლამენტს, რომ სხდომა დახურულიყო, რათა ჩვენ მოგვცემოდა საშუალება დაგვესვა ყველა აქტუალური შეკითხვა, რომელიც ეხება როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას, ასევე იმ საფრთხეებს, გამოწვევებსა და რისკებს, რომელიც ქვეყნის წინაშეა. კითხვების დასმის შემდეგ, ცხადია, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას ექნება საშუალება საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
საერთო ჯამში ძალიან საინტერესო ანგარიშია. საპარლამენტო კონტროლი მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსვლა და ანგარიშგება არ არის. როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელს, მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უშუალოდ დავაკვირდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას და მინდა გითხრათ, რომ მართლაც კოლოსალურ საქმიანობას ეწევა ჩვენი სამსახური, ასევე ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს წამყვან ქვეყნებთან, რაც გვაძლევს საშუალებას მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ქვეყანაში უსაფრთხოება. თქვენ იცით, რომ ბოლო რეიტინგის მიხედვით საქართველო 29-ე ადგილზეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მაქსიმუმი შვიდქულიანი სისტემიდან საქართველომ 6 ბალი მიიღო. ეს ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას, ტურისტების რაოდენობას, ასევე მთლიანად ქვეყნის განვითარებას განაპირობებს. ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი კი ქვეყნის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია იმასთან. თავისთავად ცხადია, დაინტერესებულნი ვართ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში", - აცხადებს სესიაშვილი.