logo_geo
eng_logo
კოალიცია იშლება, საქმე წინ მიდის
- +

1 აპრილი. 2016. 22:19


 

ქართულ მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებისა და პოლიტიკის თემაზე მომუშავე გადაცემების საქმიანობის ანალიზს დღესაც იმ დასკვნებამდე მივყავართ, რომ საქმე გვაქვს ჟურნალისტური ეთიკის ნორმებისა და ობიექტური ინფორმაციისა და ანალიზის მიწოდების პრინციპის სრულ უგულვებელყოფასთან. საზოგადოებაში მყარად არის დამკვიდრებული მოსაზრება, რომ ეს ყველაფერი გარკვეული პოლიტიკური სუბიექტის ინტერესებს ემსახურება და ეს ურთიერთობა არ არის უანგარო. არც ის არის საიდუმლო, რომ დამკვეთი მმართველი პარტია არ გახლავთ.


არც დამოუკიდებლობის აღდგენამდე, არც მას შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენში არ ყოფილა მცირე მონაკვეთიც კი, როცა შეიძლებოდა გვეთქვა, რომ მედია არის თავისუფალი. რაც ყველაზე სამწუხაროა, ყველა დროში, ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკური კლიმატის განმსაზღვრელი  მედიასაშუალებები გამოხატავდნენ იმ მომენტისთვის ძალაუფლების მქონე პოლიტიკური ძალის ინტერესებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა გავლენიანი და ფართო შესაძლებლობების მქონე მედიასაშუალება, ყველა დროში, აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებაზე მორალური ტერორის გზით ხელისუფლების განმტკიცების პროცესში.


და თუ ეს გასაგები იყო ე.წ. იმპერიის ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, სრულიად გაუგებარი და აუხსნელია დამოულიდებელი ქვეყნის რეალობაში. ამიტომაც არის მკვეთრად უარყოფითი  ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობის შეფასებითი დამოკიდებულება ქართული ჟურნალისტიკის „როლისადმი". იმ უმრავლესობის დამოკიდებულება, რომელმაც სიცოცხლის რისკის ფასად, კიდევ ერთხელ სცადა, შეეცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ.


იქმნება მცდარი შეხედულება, რომ ნეგატივზე და სკანდალზე ორიენტაციას მაყურებლის მიზიდვის სურვილი განაპირობებს. სინამდვილეში, აქცენტების აღნიშნული მიმართულებით გადატანა სიმართლის გადაფარვას და რეალობის სხვაგვარად წარმოჩენას ემსახურება. ეს სქემა სხვადასხვა დროში სხვადასხვა შინაარსით იტვირთებოდა, მაგრამ სქემა არ იცვლებოდა.


დღევანდელი რეალობა ერთი სპეციფიურობით ხასიათდება. წინა პერიოდებისგან განსხვავებით, პირველად, მედიადირიჟორის როლში არ გვევლინება მმართველი პარტია. კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ" არ გაიმეორა წინამორბედთა შეცდომა და უარი თქვა მედიის მონოპოლიზებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დამოკიდებულებით საზოგადოებამ და სახელმწიფომ ვერაფერი მოიგო... ვერც ჟურნალისტიკამ. ხელისუფლებამ არაფერი იღონა იმისთვის, რომ სქემა მოშლილიყო და ამით ის მივიღეთ, რომ მედიის „მართვის პულტი" ისევ და ისევ ამ საქმეში ორი ათეული წლის „წარმატებული" გამოცდილების მქონე მავნებელთა ჯგუფს დარჩა. ნახევარნაბიჯებითა და ნახევარღონისძიებებით საქმე წინ ვერ მიდის და ამიტომაც გვიწევს ცხოვრება ნახევრადშემდგარ სახელმწიფოში.


„ნაციონალური მოძრაობის" პორტრეტმა დასრულებული სახე დიდი ხნის წინ მიიღო და მისი შეცვლა შეუძლებელია, რადგან იმ დანაშაულების ჩამოწერა ვერ მოხდება და არ მოხდება, რაც ამ ყაჩაღებისა და ჯალათების ბანდამ ჩაიდინა. მათი გეგმები შემდეგი მოცემულობის საფუძველზე იგება: რადგან დამატებითი მომხრეების მიზიდვა განუხორციელებელი ამოცანაა, მაქსიმალურად უნდა მოხდეს არსებული რესურსის, საკუთარი ამომრჩევლის (ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით, დაახლოებით სამასი ათასი) შენარჩუნება, ხოლო ყველა დანარჩენის განწყობების იმ ხარისხით მოშლა, იმ კონდიციამდე დაქვეითება, რომ რაც შეიძლება ბევრი არ წავიდეს არჩევნებზე.


„ქართული ოცნების" შეცდომებისა და პასიურობის ფონზე „ნაცები" ჯერჯერობით ახერხებენ თავისი მაქსიმუმის ამოქაჩვას. არჩევნებამდე დარჩენილ დროში სახელისუფლებო პარტიის მიდგომები თუ არ შეიცვლება, დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება გაჭირდება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სასტარტო მდგომარეობა, როგორც წესი, ბევრ რამეს განსაზღვრავს ხოლმე.


შექმნილი პოლიტიკური ვითარების ანალიზი კარგით მინდა დავიწყო: გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკურ ლიდერად დაწინაურება უაღრესად გონივრული გადაწყვეტილება იყო. მოწინააღმდეგეები ჯერაც ვერ გამოსულან შოკის მდგომარეობიდან. (სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ურთულეს პერიოდში, მრავალი ობიექტური (მძიმე მემკვიდრეობა) და სუბიექტური (მაგ. - კოაბიტაცია) ხელისშემშლელი პირობების გარემოში ღირსეული გზა განვლო და ერთგვარი ყინულმჭრელის ფუნქცია წარმატებით შეასრულა. ეს ნიჭიერი კაცი მომავალში აუცილებლად იპოვნის თავის ადგილს პოლიტიკაში.)


მეორე კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ წარმატებით დასრულდა პარტია „ქართული ოცნების" სრული სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაციის ურთულესი ერთწლიანი პროცესი. ადგილობრივ დონეზე, სადაც თვალი და ყური მიმიწვდება, აშკარად შეინიშნება საბრძოლო განწყობის მუხტის ზრდა და აშკარად იგრძნობა მიმდინარე წლის გამოწვევების (პირველ რიგში საპარლამენტო არჩევნები მაქვს მხედველობაში) წარმატებით დაძლევის მზადყოფნა.


მესამე კარგ ამბავს დიდი მღელვარებითა და დიდი რწმენით ველოდებით - ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა საარჩევნო სიას წარმოადგენს პარტია „ქართული ოცნება". ველოდებით თვისებრივად განახლებულ მიდგომებს - ასეთია ხალხის მოთხოვნა. ეს უნდა იცოდეს „ქართულმა ოცნებამ", რადგან ხალხის მოთხოვნაა საუკეთესო საყრდენი შიდა კომპრომისებისა და უხერხულობების მოხსნის საქმეში.


კარგი ამბავი, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში სხვაც ბევრია, მაგრამ ამაზე შემდეგ, არჩევნები რომ მოახლოვდება. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ვამბობ, კარგი ბევრია მეთქი, სულაც არ ვგულისხმობ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გაკეთდა - არამც და არამც. პირიქით, საერთო სურათი ჯერაც ძალიან შორსაა სასურველისგან, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ იმ რეალობაში, რომელიც შეიქმნა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად (იმ ობიექტურ და სუბიექტურ გარემოებებს ვგულისხმობ, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია) სრული, ძირეული გარდატეხა ვერ მოხდებოდა. სწორედ ამის გამო არის საეტაპო მნიშვნელობის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები.


გიორგი კვირიკაშვილის ფიგურის წინ წამოწევამ მაცოცხლებელი ძალის მქონე ახალი ტალღის როლი შეასრულა საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც ხელისუფლების მიმართ საპროტესტო განწყობა გაუჩნდა იმის გამო, რომ სახელმწიფო დამნაშავეები ჯერაც დაუსჯელები არიან და ყველა დანაპირები არ სრულდება. ზოგს თითქოს  იმედიც  გადაეწურა, მაგრამ... ხალხმა იგრძნო განახლების რესურსის არსებობა, იგრძნო ახალი ეტაპის დაწყება. საზოგადოების ფსიქოლოგიის რა კანონებითა და კანონზომიერებებით აიხსნება ეს შემობრუნება, როცა ხელშესახები კონკრეტული შედეგები ჯერჯერობით არ არსებობს, ჩემთვის ძნელი ასახსნელია, მაგრამ ფაქტია, რომ იმედი დაბრუნდა.


ახლად შექმნილმა გარემოებებმა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში პრეზიდენტი მარგველაშვილი ჩააგდო. მან ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პირობებში, ამ პიროვნების ემოციური ხასიათის გათვალისწინებით, ადვილად მოახერხა, გამხდარიყო მხოლოდ მისთვის (ან არცთუ მხოლოდ მისთვის) საინტერესო პოლიტიკური თამაშის მონაწილე. კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ნებისმიერი გასვლის მცდელობა იწვევდა ყოფილი პრემიერის მყისიერ მწვავე რეაქციას, რასაც ფარით და მახვილით ეგებებოდნენ, ძველ სასიცოცხლო წყაროებს მიბმული, ჩასაფრებული მედია და ჩასაფრებული ე.წ. სამოქალაქო სექტორი და ატყდებოდა ხოლმე ერთი ვაიუშველებელი „მარწუხებისგან თავის დახსნისთვის მებრძოლის", „ხალხის მიერ არჩეულის" დასაცავად. ხელისუფლებასთან კონფლიქტი მარგველას ჰაერი და წყალია, მისი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე. ეს სუბიექტური ინტერესები რას ემსახურება, სხვა საკითხია (ამ თემას სამი წერილი მივუძღვენი).


ორი წლის განმავლობაში არაერთხელ „წარმატებით" გათამაშებულმა სცენარმა გიორგი კვირიკაშვილის მოსვლისთანავე ფასი დაკარგა. ახალი პრემიერის მშვიდი  რეაქციები უებარი წამალი აღმოჩნდა მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად. ბოლო ასეთი გამოვლინება გახლდათ, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად გაუგებარი (სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე), თავდასხმა ზურაბ აბაშიძეზე. კოვზი ნაცარში ჩავარდა და მარგველას „მაგარ-მაგარ მესიჯებიანი" გუნდი საგონებელში. მდიდრულ სასახლეში „მდიდარი სექსისა" რა გითხრათ და ავლაბრის გაჩახჩახებულ კაბინეტებში ქართული პოლიტიკა რომ არ კეთდება და ვერც გაკეთდებოდა, ამას დიდი ხნის წინ „ვწინასწარმეტყველებდი".


მიმდინარე დღეების მთავარ თემად მაინც კოალიციის დაშლა-არდაშლის საკითხი იქცა. კოალიცია რომ აუცილებლად დაიშლებოდა, ამაზე პოლიტიკოსებიც, ექსპერტებიცა და საზოგადოების პოლიტიკურად აქტიური ნაწილიც ყოველთვის თანხმდებოდნენ. აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა დაშლის სავარაუდო თარიღი. საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიცია არ დაიშლება და მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე მიდის მსჯელობა, არადამაჯერებელია. არჩევნების დღემდე კოალიციის ფორმატის შენარჩუნება და არჩევნებზე ცალკე სუბიექტებად დარეგისტრირება ზიანის მომტანი იქნება კოალიციის ყველა წევრისთვის, გარდა „ქართული ოცნებისა".


აღნიშნული მიდგომა გასაგები იქნებოდა, კოალიციის სუბიექტებს ბარიერის გადალახვის პრობლემა რომ არ ჰქონდეთ, მაგრამ...


მოდით, არჩევნებზე დამოუკიდებელ სუბიექტებად გასვლის, ანუ საარჩევნო ბლოკის დაშლის გადაწყვეტილება მივიღოთ როგორც მოცემულობა და ამის მიხედვით გავაკეთოთ ანალიზი. ჯერ შევაფასოთ თითოეული პარტიის შესაძლებლობები, ცალ-ცალკე აღებული, ხოლო შემდეგ ვცადოთ სხვადასხვა კომბინაციაში მათი მოქცევა:


მრეწველების მდგომარეობა, ვფიქრობ, ყველაზე მძიმედ უნდა ფასდებოდეს. განვლილ წლებში მათ ყველა რესურსი ამოწურეს და არც ამ პარტიის ცალკეული წევრები აღარ არიან პოლიტიკისთვის საინტერესო. სავარაუდო პარტნიორებთან ურთიერთობაში მათი ერთადერთი არგუმენტი იქნება საარჩევნო ფინანსების მობილიზაციის ხარისხი;


კონსერვატორების მდგომარეობაც უაღრესად რთულია. ძნელია მათ ერთობას პარტია ეწოდოს. მრეწველებთან შედარებით კონსერვატორებს ერთი კოზირი აქვთ. ესაა ზვიად ძიძიგურისა და გიგა ბუკიას პიროვნული ღირსებები. მიმდინარე საპარლამენტო ციკლში მათ, როგორც დეპუტატებმა, საკმად კარგად წარმოაჩინეს თავი. გონივრული იქნება, თუ ისინი შეელევიან დამოუკიდებელი პარტიის ლიდერების ამბიციებს (ფაქტია, რომ ეს საქმე არ გამოსდით. სამი წელი სრულიად საკმარისი დრო იყო კარგი პარტიის გასაკეთებლად) და „ოცნებასთან" შერწყმაზე იზრუნებენ. ასეთ პირობაზე „ოცნებამ", წესით, უარი არ უნდა თქვას. კარგი მაჟორიტარობის კანდიდატები „ნა ულიცე ნე ვალიაიუტსაო";


„ეროვნული ფორუმის" შანსებიც, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში, ნულის ტოლია, ამიტომ, ფორუმელებს დღესვე უნდა ჰყავდეთ შეგულებული სავარაუდო პარტნიორები. ამ ორგანიზაციის მთავარი სირთულე ბიძინა ივანიშვილთან დაუძლეველი პიროვნული პრობლემების არსებობაა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია განიხილებოდეს ის ვარიანტი, რაც დავუშვით კონსერვატორების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც გუბაზ სანიკიძე ძალზე საინტერესო პოლიტიკური სახეა.


მრეწველები, კონსერვატორები და ეროვნული ფორუმი, უნდა ვივარაუდოთ, თავს არ იტყუებენ და თეორიულადაც არ განიხილავენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ალბათობას. ჩამოთვლილი პარტიებიდან, ვფიქრობ, თითოეულს აქვს პოლიტიკაში დარჩენის სავარაუდო გეგმის რამდენიმე ვარიანტი:


ა) ერთმანეთთან შეკრან საარჩევნო ბლოკი - ეს იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება, რადგან ეს პარტიები იდეურად შორს არ არიან ერთმანეთისგან, მაგრამ... აქ არის ერთი მაგრამ - მათი ერთობა, შესაძლოა (მაღალი ალბათობით), არ აღმოჩნდეს საკმარისი საარჩევნო ბარიერის დაძლევისთვის;


ბ) ერთად ეძებონ მოკავშირეები პარლამენტს მიღმა დარჩენილ პარტიებში. ამ სივრცეში სავარაუდო პარტნიორებად შეიძლება განიხილებოდნენ ნინო ბურჯანაძის პარტია და „პატრიოტთა ალიანსი". აქ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება,

ჩამოთვლილ სუბიექტებს შორის მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში ინიციატივა ნინო ბურჯანაძისა და „ალიანსის" ხელში იქნება, რადგან რეიტინგებით ბევრად აღემატებიან ხსენებულ სამ საპარლამენტო პარტიას. ვფიქრობ, ამ ხუთეულის (ოთხეულის, სამეულის - ოღონდ ბურჯანაძისა და „ალიანსის" სავალდებულო მონაწილეობით) ერთ ბლოკად გაერთიანება ძალზე სასარგებლო იქნება ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებისთვის. მხედველობაში მაქვს მოვლენების ის სავარაუდო განვითარება, რომ აღნიშნული ბლოკი, ძალიან დიდი ალბათობით, მეორე პოზიციაზე ჩაანაცვლებს „ნაციონალურ მოძრაობას";


გ) წინა მუხლში განხილული ვარიანტი შეიძლება გაიშალოს რამდენიმე კომბინაციად, მაგრამ კატეგორიულად შეიძლება ითქვას, რომ მეორე პოზიციებიდან „ნაცების" ჩაჩოჩება მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - თუ ნინო ბურჯანაძის პარტია და „პატრიოტთა ალიანსი" ერთად იქნებიან წარმოდგენილი;


დ) „რესპუბლიკური პარტია" ცალკე გამოყოფას იმსახურებს, მისი განსხვავებული როლისა და მდგომარეობის გამო. „ქართული ოცნების" პარტნიორებიდან მხოლოდ ის შეიძლება ჩაითვალოს კოალიციის სრულფასოვან წევრად, რადგან მთავრობაში მხოლოდ მას ჰყავს წარმომადგენლობა, თანაც პოლიტიკურად საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციებზე. მეორე, რაც ამ პარტიის განსხვავებულობას განაპირობებს, კოალიციის სხვა სუბიექტებთან სრული მსოფლმხედველური შეუთავსებლობაა. აქვე ვიტყვი, რომ „რესპებს" ამ სუბიექტებზე (რასაკვირველია - „ოცნების" გარდა) მაღალი რეიტინგიც გააჩნია, მაგრამ, მისი გულშემატკივრების სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი საკმაოდ შორსაა სანუკვარი 5%-სგან. საგარეჯოს არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხალხსა და რესპუბლიკელებს შორის დიდი ნაპრალია და საეჭვოა, ახლო მომავალში ამას რაიმე ეშველოს.


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „რესპუბლიკური პარტიაც" იძულებულია ეძებოს პარტნიორები. წინა აბზაცში ნახსენები შეუთავსებლობის გამო, ბლოკის დაშლის შემთხვევაში, მას გაუჭირდება პარტნიორების ყოფილ თანაგუნდელებში მოძებნა (მეტ-ნაკლები ალბათობით „ეროვნულ ფორუმზე" შეიძლება გათვლა, იმ შემთხვევაში, თუ ორივესთვის სხვა უკეთესი გაგრძელება არ გამოიკვეთება). გაუჭირდება პარტნიორების მოძებნა კოალიციის მიღმაც, თუ რა თქმა უნდა, ბოლომდე (არჩევნებამდე) დარჩება კოალიციის შემადგენლობაში, რადგან მათ სავარაუდო პარტნიორებს, „თავისუფალ დემოკრატებს", კამპანია არათუ „ოცნების" კრიტიკაზე, არამედ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა-გინებაზე აქვთ აწყობილი.


გამიჭირდება გავიზიარო მოსაზრება, რომ რესპუბლიკელების გასვლით „ოცნება" ბევრს დაკარგავს. უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ხმების დაკარგვაზე არც არის საუბარი (ბევრი იმასაც პროგნოზირებს, რომ ამ შემთხვევაში „ოცნების" მხარდამჭერთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება). ვარაუდი ეხება მმართველი გუნდის ინტელექტუალური რესურსის მოსალოდნელ შემცირებას. საქმეში ჩახედული ადამიანი დიდი ხანია დარწმუნდა, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. ვფიქრობ, საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ დავით უსუფაშვილის „დაკარგვაზე", მაქსიმუმ, ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში.


არ დავმალავ და დავით უსუფაშვილიც მხოლოდ შედარებითი თვალსაზრისით გამოვარჩიე. რაც შეეხება დანარჩენებს - იქნება ვინმემ კონკრეტული აქტივობებით ახსნას ძმები ბერძენიშვილების მუშაობის მარგი ქმედების კოეფიციენტი. საიდან მოდის მათი ეს უსაზღვრო თვითკმაყოფილება და ზიზღამდე მისული ცინიკური დამოკიდებულება ყველა არარესპუბლიკელისადმი? კომიტეტის თავმჯდომარე კაცმა (ლევან ბერძენიშვილი მყავს მხედველობაში), თუ ოდნავი კომპეტენცია მაინც გააჩნია, თავი როგორ ვერ უნდა დაგამახსოვროს ამ ბობოქარ დროში და ბობოქარ რეგიონში საგარეო პოლიტიკურ თემებზე თუნდაც ანალიტიკური საუბრებით?


უკვე ბავშვმაც კი იცის, რომ რესპუბლიკელების ამბიციები შესაბამისობაში არ არის მათ შესაძლებლობებთან. ამ ჯგუფის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვერ მოახერხეს პოლიტიკოსებად ჩამოყალიბება ვერც გუნდურად და ვერც ინდივიდუალურად. ეს ჩანს როგორც მნიშვნელოვანი საკითხებისადმი დამოკიდებულებაში, ისე დეტალებშიც. პოლიტიკოსობა მარტო პოლიტიკური ვაჭრობის უნარების ფლობა არაა.


განსხვავებული შეხედულების მქონეთათვის (და არა მხოლოდ მათთვის) თითო მაგალითს მოვიყვან უახლესი პერიოდის მოვლენებიდან:


მაგალითი I - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმდომარეობა დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო დავით უსუფაშვილისთვის. ამბიციური პოლიტიკოსისა და იურისტისთვის ამაზე მეტი ასპარეზი და შესაძლებლობა სხვა რა შეიძლებოდა ყოფილიყო? საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კომისიამ უსახელოდ დაასრულა მუშაობა. ორწელიწადნახევრიანი ადგილის ტკეპნისა და წყლის ნაყვის შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ დოკუმენტის შემუშავება ვერ მოხერხდა, რადგან პარლამენტში არსებული ძალთა ბალანსის გამო საკმარის ხმებს მაინც ვერ დააგროვებდაო.


პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენთან არაფერი და ვერაფერი დაიმალება. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ კომისიის მუშაობა მთლიანად პარალიზებული იყო, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი ჯგუფის ხელმძღვანელის პერიოდული სახის გააქტიურების მცდელობებს. ამ მნიშვნელოვანი საქმის ჩაფლავებაზე, დავით უსუფაშვილთან ერთად, პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილონ ვახტანგ ხმალაძემ და თინა ხიდაშელმა. სამწუხაროდ, ბატონმა დავითმა თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას ვერც როგორც ორგანიზატორმა, ვერც როგორც იურისტმა და ვერც როგორც პოლიტიკოსმა.


საკონსტიტუციო კომისიის ამბებს რომ ვიგებდი, ხანდახან ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, ბიძინა ივანიშვილი რესპუბლიკელებს ტესტს ხომ არ უტარებს, მათ შესაძლებლობებში ობიექტურად გარკვევის მიზნით მეთქი. ასეა თუ ისეა, დავით უსუფაშვილმა და მისმა მეგობრებმა ხალხის წინაშე გამოცდა ვერ ჩააბარეს. პოლიტიკურ გამოწვევას აძლიერებდა ის გარემოება, რომ საქმე ეხებოდა ე.წ. სააკაშვილის კონსტიტუციის (ერთ კაცზე მორგებული მახინჯი კონსტიტუციის) ძირეულ გადახედვას, რაც კომისიის მესვეურების მუშაობის შეფასებას კიდევ უფრო ამძიმებს.


მაგალითი II - არჩევნებში სახელისუფლებო რესურსის გამოყენება დიდი ხანია ემოციებს აღარ იწვევს და მრავლისმნახველ ქართველ ამომრჩეველს რამე თუ გააკვირვებდა ან აღაშფოთებდა, ძნელად წარმომედგინა, მაგრამ საგარეჯოს არჩევნებში თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის საქციელებმა მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. არჩევნების წინა დღეებში და უშუალოდ არჩევნების დღეს დანახულმა რეალობამ ქალბატონი თინა ისე გამოიყვანა მდგომარეობიდან, რომ თავს ვეღარ აკონტროლებდა და მისი აქტიურობა, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი საყურებელი იყო.


საგარეჯოს არჩევნები რამდენიმე დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა: თინა ხიდაშელმა, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვერ დაიმსახურა თავისი ოლქის ამომრჩევლის სიყვარული და პატივისცემა; „რესპუბლიკური პარტიისადმი" ხალხის დამოკიდებულება უკეთესობისკენ არ შეცვლილა; ეს პარტია „ქართული ოცნებისთვის" უკვე ტვირთია და ამის გამო მმართველი სუბიექტი ხმების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას და ბოლოს - „რესპები" ვერ შეიცვლებიან, რადგან ამ ყველაფრის ფონზე თვითკრიტიკის ნატამალიც კი ვერ დავინახეთ მათ მოქმედებებში.


ზემოთ მოგახსენეთ პოლიტიკოსობის ხარისხი (თუ შეიძლება ასე ითქვას) მნიშვნელოვანი საკითხებისადმი დამოკიდებულებაშიც ჩანს და დეტალებშიც მეთქი. არგუმენტების სისრულისთვის ერთი „დეტალი" მინდა გავიხსენო: თინა ხიდაშელსა და გოგი თოფაძეს შორის ცნობილი დაპირისპირების დროს პრემიერმა შენიშნა, რომ თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში თავდაცვის მინისტრია და შემდეგ რომელიმე პარტიის წევრიო და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. არ გასულა ორი დღე და გოგი თოფაძის მორიგ აჭრაზე (თურქებს რომ „ეძგერა") ქალბატონმა თინამ მომენტი ხელიდან არ გაუშვა და კონტროლიდან გამოსულ „ოპონენტს" მწარედ უკბინა (თუ უბწკინა). დასკვნა მარტივია - პოლიტიკოსები და განსაკუთრებით მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი პოლიტიკოსები ასე არ იქცევიან, ან პირიქით - ვინც ასე იქცევა პოლიტიკოსი არ არის.

დავით უსუფაშვილსა და თინა ხიდაშელზე ვთქვით, ძმებ ბერძენიშვილებზეც ვთქვით, თავისუფლების ინსტიტუტელ-რესპუბლიკელ დავით ზურაბიშვილსა და თამარ კორძაიაზე უთქმელადაც ყველაფერი ნათელია. სხვა რესპუბლიკელი კიდევ, ამ „ოცდაათი წლის" განმავლობაში, ვერ გავიცანით და... ეს არის სულ.


ასე რომ, კოალიცია იშლება, საქმე წინ მიდის.

 

31.03.2016 წ.           


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner