„სწორედ ასეთი საგარეო პოლიტიკის შედეგად, დღეს, ჩვენ, როგორც არასდროს ვართ ახლოს NATO-სთან და ევროკავშირთან", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ პარლამენტში სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენამდე.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი არის კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი. მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიური პოლიტიკა და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მიმდინარე მოვლენების ფონზე, მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევას. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას და ვზრდით დემოკრატიის ხარისხს, ვიცავთ უზენაესს -ადამიანის უფლებას და თავისუფლებას, ვინარჩუნებთ ღიაობის და გამჭვირვალობის ძალიან მაღალ ხარისხს, რასაც ადასტურებენ და მუდმივად ხაზს უსვამენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმატებში. საერთაშორისო პარტნიორები ასევე მუდმივად გვიდასტურებენ, რომ ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა, რაც პირველ რიგში ემსახურება საქართველოში და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას. სწორედ ასეთი საგარეო პოლიტიკის შედეგად, დღეს, ჩვენ, როგორც არასდროს, ვართ ახლოს NATO-სთან და ევროკავშირთან და ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის შემდგომი პერიოდი და ყველა ის სიკეთე, რასაც ევროპული სივრცე და ინსტიტუტები გვთავაზობენ, კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მინდა ასევე ხაზი გავუსვა ჩვენი მოქალაქეების უპრეცედენტო მხარდაჭერას . კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და უპირობო თანადგომისთვის. დაბოლოს, მინდა ვთქვა, ჩვენ გავაგრძელებთ ისეთ საგარეო პოლიტიკას, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს უმთავრეს მიზნამდე - ძლიერი, სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო" , - განაცხადა სოფო ქაცარავამ.