პოლიტიკურ ძალთა პოლარიზების ხარისხი მატულობს. თეორიად და მხოლოდ სურვილად რჩება მოსაზრება, რომ ვითარება ითხოვს მესამე ცენტრის ჩამოყალიბებას. განვლილ ოთხ წელიწადში ვერ გამოიკვეთა მეტნაკლებად ანგარიშგასაწევი სუბიექტი, რომელიც შეძლებდა ამ სეგმენტში ეკისრა ლოკომოტივის ფუნქცია. უნდა ითქვას, რომ ჰორიზონტზეც, 2020 წლის პერსპექტივაშიც არ ჩანს არავინ და არაფერი.
შექმნილ რეალობაში მთავარი პრობლემა ისაა, რომ მეორე პოლუსი მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებულ სუბიექტს უკავია და, აქედან გამომდინარე, მისი სახელისუფლო პარტიის ალტერნატივად წარმოდგენა, თუნდაც წმინდა თეორიული თვალსაზრისით, დანაშაულში თანამონაწილეობის ტოლფასი იქნება. კონკურენტული გარემოს არარსებობა ხელსაყრელი ნიადაგი არ არის პოლიტიკური სისტემის გამართვისა და ძლიერი სახელმწიფოს შენების საქმეში.
მეორე მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ამა თუ იმ ფორმით პოლიტიკაში ჩართულ, თუ პოლიტიკასთან შემხებლობაში მყოფ, მეტ-ნაკლებად გავლენიან კოლექტიურ თუ ინდივიდუალურ მოთამაშეთა დიდი უმრავლესობა (პრეზიდენტი, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ომბუდსმენი, არასაპარლამენტო პარტიები, ე.წ. ექსპერტები, სოციალური ქსელების „აქტივისტები“ და სხვ.), ზოგი ნებსით და ზოგიც უნებლიედ, იმ ავადსახსენებელი მეორე პოლუსის სისხლხორცეულ ნაწილად არის ქცეული.
საზოგადოება და წინა აბზაცში ხსენებული „მოთამაშეები“ კარგად (და მუდმივად) უნდა აცნობიერებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ წარუმატებლობა წარსულში დაბრუნებაა, იმ რეალობაში დაბრუნებაა, რომელიც ღირსეულად, ბრძოლაში დავამარცხეთ. მუდმივად (და კარგად) უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესი მოითხოვს, პოლიტიკაში პირადი სიკეთეები არ ვეძებოთ, უფრო სწორად, პრიორიტეტად არ გამოვაცხადოთ. კრიტიკის ზღვარს იქით თუნდაც მცირე გადაცდომა, ქვეყნის გაცხადებული მტრების, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარში დგომის ტოლფასი ქმედებაა.
ამ შეგონების ადრესატები ის სუბიექტები არიან, რომლებსაც არანაირი ვალდებულებითი ურთიერთობა არა აქვთ ძველი რეჟიმის ნარჩენებთან და უკან ნაბიჯის გადადგმა ჯერ კიდევ შეუძლიათ. მათივე გასაგონად: უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ფრჩხილებში ჩამოთვლილი სუბიექტები, სინამდვილეში, ერთი დიდი სუბიექტის ნაწილები (ქვესუბიექტები) არიან, თავისი კონკრეტული როლებითა და პასუხისმგებლობით. ერთ მოკლე ფრაზაში ეს ყველაფერი ასე გამოითქმის - ვინც „ოცნებას“ ებრძვის, ის „ნაცების“ საქმეს აკეთებს.
საქართველოს ინტერესების საზიანო პოლიტტექნოლოგიების რაობა და მათ განმახორციელებელთა ანატომია ბევრჯერ აღიწერა (ზოგადი ფორმებითაც და რენდგენში გატარებულიც). ვინაიდან ბრძოლა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ჯერ არ დამთავრებულა, უფრო მეტიც, ახალ სტადიაში არის გადასული, არ გვაქვს დუმილის უფლება.
ახალი სტადია იმ თავისებურებით ხასიათდება, რომ ყველა კარტი გახსნილია და მიმდინარეობს ღია თამაში. ერთ მხარესაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავისი დიდი კოზირით - ქართველი საზოგადოების უდიდესი და უპირატესი მხარდაჭერით, ხოლო მეორე მხარეს - შიდა თუ გარე კერძო ინტერესები.
ხელისუფლება თავის საქმეს აკეთებს, რაც კონკრეტული, წინ მიმავალი ნაბიჯების გარდა, ამ საქმის მტრული შემოტევებისგან დაცვასაც მოიცავს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და პარტნიორი სახელმწიფოების საერთო აღიარებით, ბოლო წლებში ქვეყანამ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია. თუ რაიმეთი შეიძლება ვიყოთ უკმაყოფილო, ესაა განვითარების ტემპები. მაგრამ ამასაც აქვს თავისი მიზეზები, ძირითადად ობიექტური და შიგადაშიგ სუბიექტური.
„მეორე მხარის“ ამოცანა ყველაფერში დაბრკოლებების შექმნას, გაკეთებულის გაფუჭებასა და აშენებულის ნგრევას გულისხმობს. მათი სურვილია, ქვეყანა ვერ განვითარდეს, უფრო მეტიც, ისეთ კრიზისში აღმოჩნდეს, დედა შვილს რომ არ აიყვანს, რაც ამ უალტერნატივობის პირობებში უკან მობრუნების შანსს გაუჩენთ. მადლობა ღმერთს, მოვლენათა ამგვარი განვითარების პერსპექტივა ბუნდოვნადაც არ იმზირება. მიუხედავად ამისა, გულხელდაკრეფილობის დრო არა გვაქვს. ქვეყნის დაცვაზე ზრუნვა მუდმივი პროცესია, ამიტომ კარგად უნდა ვიცოდეთ, საიდან რა საფრთხეებს უნდა ველოდეთ.
ზემოთ მეორე პოლუსთან აფილირებული გარე ინტერესები ვახსენე... დაახლოებით ოცდახუთი წელია საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად თანამონაწილეობენ დიდი და მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ამერიკული ორგანიზაციები NDI და IRI. მათ პოზიციებსა და მათ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-ის პოლიტიკის განსაზღვრაში. ისე ხდება, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მათეული შეფასებები და სოციოლოგიური კვლევები, უმრავლეს შემთხვევაში, აცდენილია რეალობას და არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის განწყობებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ის გახლავთ, რომ მათი დასკვნები უაღრესად ტენდენციური იყო და არის ერთი პოლიტიკური ჯგუფის სასარგებლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჯგუფისსაქმიანობის მიმართ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება მძიმეა, ზემოხსენებული ამერიკული ინსტიტუტები არ ცვლიან თავის პირვანდელ ხაზს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
მარტივ ანალიზს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ „მეგობრული დახმარების“ მთავარი მიზანი არა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და გაძლიერების ინტერესი, არამედ ამ ინსტიტუტებისადმი, ან ამ ინსტიტუტების უკან მდგომი ჯგუფებისადმი საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარების ხარისხია. ანუ, მათთვის ხელისუფლებაზე გავლენის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ინტერესები. უფრო კონკრეტულად - ძალაუფლებისადმი მანიაკალური ლტოლვით შეპყრობილი, სამშობლოს განცდისგან „თავისუფალი“ და ამის გამო ადვილად სამართავი მიხეილ სააკაშვილი მათთვის უფრო მისაღები „პარტნიორია“, ვიდრე, მაგალითად, თავის მიწა-წყალზე შეყვარებული, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მატარებელი (შესაძლებლობებიდან და ბიზნესის მასშტაბებიდან გამომდინარე) ბიძინა ივანიშვილი.
ვერც ხელისუფლება და ვერც პოლიტიკაში ჩართული სხვა სუბიექტები ამაზე ხმამაღლა ვერ ისაუბრებენ, რადგან ამერიკა ჩვენი მთავარი პარტნიორია და მისი ადმინისტრაციის განაწყენება კარგს არაფერს მოიტანს. ამიტომაა, რომ უკმაყოფილების ვექტორი ძირითადად კვლევების შემსრულებლებისკენაა მიმართული. ხანდახან, მორიდებით, აქაურ ოფისებსაც გაკენწლავენ ხოლმე... არადა, ყველამ კარგად ვიცით, ჩვენც და იმათაც, რომ თავი სულ სხვაგან მარხია. ერთი სიტყვით, „მულო შენ გეუბნები და რძალო შენ გაიგონეო“.
მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, თამაშის ეს წესი განსაზღვრავს ქართული პოლიტიკის სტრატეგიასა და ტაქტიკას. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, ამერიკელი პარტნიორები დაარწმუნოს ერთგულებაში და აღებული კურსის შეუქცევადობაში და თანდათან, დროთა განმავლობაში მიაღწიოს მათგან ამ ურთიერთობაში პრიორიტეტად საქართველოს სახელმწიფო ინტერესის აღიარებას თუ არა, ამასთან შეგუებას მაინც.
შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში ახალი სტადიის საჯილდაო ქვად იქცა კონსტიტუციის განახლების დღეს მიმდინარე პროცესი. ახალმა პარლამენტმა პოლიტიკის მართვის სადავეების ხელში ასაღებად სწორი გზა აირჩია, როცა პირველ პრიორიტეტად კონსტიტუციის ძირეული გადასინჯვა, მისი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა გამოაცხადა, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების საფუძველი უნდა გახდეს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წარმატება, ერთი მხრივ, „ოცნების“ გადახალისებული გუნდის ძლიერი პოლიტიკური განაცხადი იქნება, მეორე მხრივ - მათი მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მაჩვენებელი.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იმას, რაც ორწელიწადნახევრის განმავლობაში ვერ შეძლო დავით უსუფაშვილის კომისიამ (ის მზად არ აღმოჩნდა ამ დიდი ამოცანის გადაწყვეტისთვის არც როგორც პოლიტიკოსი და არც როგორც ორგანიზატორი), დღეს მოქმედი კომისია ოთხი თვის მუშაობის შემდეგ დასრულებული, მაღალი ხარისხის დოკუმენტის სახით წარმოადგენს.
ეს სავარაუდო შედეგი უმწვავეს რეაქციებს იწვევს ხელისუფლების მოწინააღმდეგეებში. როგორც წესი, მათი იარაღი არა არგუმენტები, არამედ პროვოკაციები და ლანძღვა-გინებაა. სამწუხაროდ, პროვოკაციების მთავარ ორგანიზატორად ისევ და ისევ პრეზიდენტი გვევლინება, რომელმაც ჯერ ბოიკოტი(?) გამოუცხადა აღნიშნულ კომისიას, ხოლო შემდეგ, თითიდან გამოწოვილი მიზეზით, წამოიწყო პარალელური პროცესი აშკარად დესტრუქციული ფონის შესაქმნელად.
ზემოთ ამერიკული ინსტიტუტების ხსენება იმიტომ დამჭირდა, რომ ერთი მათგანის, IRI-ის მიერ სულ ახლახან ჩატარებული „კვლევა“, არცთუ ირიბად, კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებაზე არაობიექტურ, ქვეყნის ოპონენტების სასარგებლო ზემოქმედებას ემსახურებოდა. რაიმე მსგავსს ახლო მომავალში, ალბათ, NDI-სგანაც უნდა ველოდოთ.
რაც შეეხება ლანძღვა-გინებას, თავხედობასა და უზრდელობაში გადასულ გაწიწმატებას, აქაც ძველ მოქმედ პირებთან გვაქვს საქმე - მარად ერთ-ორ პროცენტიანების „სულიერი მამა“ ლევან ბერძენიშვილი, ივანიშვილის მიერ გაპანღურებული და ახალ პატრონს მიკედლებული გია ხუხაშვილი, „მკვდარი სულების“ რისხვა, ასაკმომატებული და „გაძველბიჭებული“ მამუკა კაციტაძე, შინ და გარეთ ყველას „მამხილებელი“ ცოტნე გამსახურდია, რამდენიმე უცენზო და უსტატუსო ე.წ. კონსტიტუციონალისტი, პრეზიდენტის აპარატის, ზოგიერთი, „პრეზიდენტის ვითომ არ გამხმოვანებელი ენთუზიასტი“ და სხვ.
მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა. მისი „ათვალწუნება“ ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდიდან დაიწყო. ჩვენი დროის ციციკორეები ჩიოდნენ, ძალიან აგრესიულია, „ნაცების“ მმართველობის პერიოდს ბინძურ რეჟიმად მოიხსენიებს და თანაც ისეთი ვარცხნილობა აქვს, აქამდე პოლიტიკოსზე რომ არ გვინახავსო. მაშინდელ გაღიზიანებას ჰქონდა, რასაკვირველია, თავისი კონკრეტული რეალური მიზეზი. საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრით, „რუსთავი 2“- ზე ირაკლი კობახიძის არჩევნებისწინა ბოლო სამმა პირდაპირმა ეთერმა, „ოცნებას“ დამატებითი ხუთი პროცენტი მაინც მოუტანა.
მოდით, ისევ დღევანდელობას დავუბრუნდეთ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში „რუსთავი 2“- ზე, „პირველზე“, „მაესტროზე“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ირაკლი კობახიძის საუბრებმა პირადად ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის, ამ ურთულესი დოკუმენტის ასეთი კვალიფიციური პრეზენტაცია, პოლიტიკური და იურიდიული არგუმენტების ასეთი ჰარმონიული ნაზავი, ქართულ სინამდვილეში არა თუ არ მინახავს და არ მომისმენია, უნდა ვაღიარო, დღემდე წარმოუდგენლადაც კი მეჩვენებოდა. ის სიმშვიდე, რომელიც ეკრანიდან გადმოდიოდა, თავის ცოდნაში, თავის ძალებში დარწმუნებული ჭეშმარიტი პროფესიონალის რწმენის გამომხატველი იყო და გადამდები ზემოქმედება ჰქონდა.
სამაგალითოდ, მინდა იმ თემას შევეხო, რომელიც ყველაზე დიდ წინააღმდეგობას იწვევს: პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, სუბიექტურად, მხოლოდ პარტიული ინტერესის ჭრილში თუ შევხედავთ საქმეს, პირველ რიგში „ოცნებას“ არ უნდა აწყობდეს. პირდაპირი არჩევნების შემთხვევაში, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, სახელისუფლო პარტია აღარ გაიმეორებს ძველ შეცდომას და შეარჩევს ისეთ კანდიდატს, რომელიც მთელი ციკლის განმავლობაში იქნება „ოცნების“ ინტერესის გამტარებელი. ცვლილების ინიცირება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ახალი ხელისუფლება (ძველისგან განსხვავებით) მერკანტილიზმისგან თავისუფალი ხელისუფლებაა და კონსტიტუციას თავის თარგზე არ ჭრის და კერავს.
არაპირდაპირ არჩევნებზე გადასვლა ავტომატურად იმ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, რომ კანდიდატად არ იქნება წარმოდგენილი პარტიული ფიგურა. ბუნებრივია, ასეთი, პარტიული ჩარჩოებისგან თავისუფალი პირი ბევრად უფრო კარგად უპასუხებს იმ გამოწვევებს, რასაც პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები მოიცავს. ხელისუფლების მხრიდან ამ ცვლილების შემოთავაზება მხოლოდ სახელმწიფო ინტერესის წინ წამოწევითა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით შეიძლება აიხსნას.
სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილება გიორგი მარგველაშვილის პერსონას უკავშირდება, სრული აბსურდი შეიძლება ვუწოდოთ. ამის დასტურად ერთი მიზეზის (არა ერთადერთის) დასახელებაც კმარა: „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მოქმედი პრეზიდენტის პიროვნული ფაქტორიდან გამომდინარე, მზადაა, 2018 წლის არჩევნები ჩატარდეს არსებული წესით და 2023 წლიდან გადავიდეთ ახალ წესზე, ანუ მზადაა, გიორგი მარგველაშვილს მეორე შანსიც დაუტოვოს.
გულახდილად რომ ვთქვათ, ოპონენტების პრობლემა ისაა, რომ გიორგი მარგველაშვილის შანსი ხელისუფლების ნებისმიერ კანდიდატთან ნულის ტოლია. ამიტომ, ისინი ცდილობენ, „ქართული ოცნების“ შეთავაზება ძალაში არ შევიდეს, თანაც ისე, რომ ეს თვითონ შეთავაზების ავტორს, მმართველ ძალას დაბრალდეს. ერთი სიტყვით, ორ ცეცხლს შუა არიან მოქცეულნი.
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია (რაც ოპონენტების ზემოაღნიშნული გეგმის არსებობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია) პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ, რომელიც ზემოხსენებულ შეთავაზებაზე გიორგი მარგველაშვილის რეაქციას მოჰყვა პასუხად, - თუ პრეზიდენტისთვის ჩვენი წინადადება მიუღებელია, ცვლილება უახლოესი არჩევნებიდან შევაო ძალაში. ჩვენი „პატივცემული ციციკორეების“ მხრიდან ბატონი ირაკლის პასუხი ფასდებოდა როგორც ულტიმატუმი, მუქარა და არნახული თავხედობა.
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ამ ჭიქა წყალში ატეხილ ქარიშხალს ჩვეული სიმშვიდით გასცა ოდნავ განვრცობილი პასუხი: ჩვენი შეთავაზება იყო პოლიტიკური კომპრომისი მოქმედი პრეზიდენტის პიროვნული ფაქტორიდან გამომდინარე. თუ პრეზიდენტი არ იღებს შეთავაზებას, მაშინ კომპრომისი აზრს კარგავს და რატომ უნდა გადავდოთ სამომავლოდ ის ცვლილება, რომელიც პრინციპულად სწორად მიგვაჩნია? არგუმენტი იმდენად წონადი და ამომწურავია, რომ თუ სინდისი გაქვს, ბოდიში მაინც უნდა მოიხადო... თუ სინდისი გაქვს.
ბუნებრივია, ის, რაც სიმშვიდით აღავსებს ქვეყნის გულშემატკივარს, ადამიანს, რომელსაც უნდა, რომ ხელისუფლებამ წარმატებას მიაღწიოს, მტერს წონასწორობას აკარგვინებს. მათი წესი კი ასეთია, როცა არგუმენტების გაბათილება არ შეუძლიათ, შეიმუშავებენ ხოლმე ერთ მესიჯბოქსს და დაარიგებენ სატელიტებში და ისინიც ინდომებენ და ინდომებენ... რა ქნან, ესაა მათი ცხოვრება.
დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო პროცესი წინასწარ გათვლილი გრაფიკით გაივლის ყველა ეტაპს და წარმატებით მივა სასურველ დასასრულამდე, რაც, თავის მხრივ, გაამყარებს რწმენას, რომ სწორი გზით მივდივართ, რომ პოლიტიკაში მოვიდა ის თაობა, ის ადამიანები, ვისაც შეიძლება ქვეყანა ანდო.
გიორგი ქებულიძე