logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს, ალბათ, ვეტოს რაოდენობაში შეეჯიბრებიან
- +

19 აპრილი. 2017. 21:05




პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა. საყვარელიძემ განსაკუთრებული აქცენტი სოხუმში ლავროვის ვიზიტზე გააკეთა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია, რუსეთს აფხაზეთში ცუდად ჰქონდეს საქმე და ლავროვის ვიზიტი სწორედ ამას ემსახურებოდეს და არა საელჩოს შენობის გახსნას.



 

- სოხუმში სერგეი ლავროვის ვიზიტს როგორ შეაფასებთ?



- ყველა ის კომენტარი, რომელიც საქართველოს მხრიდან ლავროვის ვიზიტზე გაკეთდა, ერთმანეთს ჰგავს და სავსებით გასაზიარებელია. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტით ყველა ნორმა დარღვეულია. მე მაინც დამაინტერესა თვითონ ვიზიტის დროს გამოყენებულმა აი, ამ ინსტუმენტმა, რასაც ლავროვი ჰქვია, მსხვილკალიბრიანმა პოლიტიკურმა ფიგურამ. საელჩოს შენობის გახსნა ასეთი ფიგურის ჩასვლას არ საჭიროებს. საერთოდ, რუსეთი არ არის დიდად პოლიტკორექტული ქვეყანა და თუ რაიმე არ აწუხებს, ადვილად იკიდებს ფეხზე სხვის ინტერესებს, ახლა კი რაც შეეძლო, იმის მაქსიმუმი ჩადო ამ ვიზიტში, ანუ თავისი ერთ-ერთი პირველი პირი გაუშვა სოხუმში, თან ისეთი, როგორიც ლავროვია. მოგეხსენებათ, ბევრ საერთაშორისო არენაზე ლავროვის წონის საგარეო საქმეთა მინისტრი ცოტა მოიძებნება. მის ვიზიტს მარტო იმით ვერ ავხსნით, რომ საქართველოსთვის პირობები დაერღვიათ, მე მგონი, ამის იქით დგას ის, რომ შესაძლებელია თვითონ აფხაზეთშია ცუდად რუსეთის საქმე.


ყველაფერი კარგად რომ იყოს, მცირე ფიგურით ჩატარდებოდა იქ ღონისძიება, ახლა კი მცირე ფიგურა კი არა, მაქსიმალურად მძიმეწონიანი ფიგურა გაუშვა ამ ღონისძებაზე.


ლავროვის ვიზიტი საინტერესოა არამარტო იმ ქვეტექსტით, რითაც დატვირთულია, არამედ იმ ტექსტითაც, რითაც გვამცნობენ, რომ  დიპლომატებისთვის ახალი სახლი გაიხსნა და ხდება აფხაზეთის საერთაშორისო არენაზე გატანა. ეს უკანასკნელი შეიძლება გახდეს თემა, არ არის გამორიცხული, რუსეთი  საქართველოდან ევროპაში უვიზო მიმოსვლამ შეაშფოთოს. ეს თუ მიმზიდველი აღმოჩნდება აფხაზებისთვის, რუსეთმა ამის საპირწონედ რაიმე უნდა გააკეთოს, ამდენად საერთაშორისო არენაზე აფხაზეთის გაყვანა შეიძლება მართლა ასახავდეს რუსეთის მიზნებს აფხაზებთან მიმართებით. თუმცა, ეს ნაბიჯიც შეიძლება გადამდგარიყო ისე, რომ ასეთი ძლიერი პერსონა არ ჩასულიყო სოხუმში.

 

- შესაძლებელია, კონსტიტუციაში ჩაიწეროს დეფინიცია, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა. უჭერთ თუ არა მხარს ამ ინიციატივას?



- კონსტიტუცია არის ხალხის, საზოგადოების. ხალხმა თუ ისურვა, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ის ფაქტი, რომ ადამიანი ორ ფერხზე დადის, მაშინ უნდა ჩაწერო, თუნდაც იმიტომ, რომ ეს კონსტიტუცია იყოს ამ ხალხის სიმშვიდის წყარო. თუ ხალხს აღიზიანებს ამ პუნქტის კონსტიტუციაში არარსებობა და შეიძლება ამან ოჯახები არიოს, მაშინ ჩაუწერე ხალხს ეს დეფინიცია. ჩაუწერე ის, რაც მას სიმშვიდეს მოუტანს, ვინაიდან ხალხისთვის სამსახური არამარტო ცალკეულ ადამიანებს, არამედ კონსტიტუციასაც ევალება.


თავისთავად ლოგიკური აუცილებლობა ამის ჩაწერისა, რა თქმა უნდა, არ არის.


- პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხზე რას ფიქრობთ?


- აუცილებელია პარლამენტის თბილისში გადმოტანა, გარდა მატერიალურისა, მოგეხსენებათ, წინ და უკან სირბილი ფული ჯდება, პარლამენტში მისვლა ტექნიკურად რთული პრობლემაა. მაგალითად, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა იყო, ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მინიმუმ 2 დღით თავისი სამსახურიდან წასულია და რატომ? მარტო იმიტომ, რომ გზას სჭირდება დიდი დრო, თორემ მოხსენება მაქსიმუმ რამდენიმე საათი გაგრძელდეს. ამდენად პარლამენტის ეფექტურობა, მისი კონტაქტი სხვადასხვა სამინისტროსთან, სამსახურთან, თუნდაც არასამთავრობო სექტორთან, ყოველთვის ამ პრობლემასთანაა დაკავშირებული.


ერთი ციცქნა ქვეყანა ვართ და ამ ერთი ციცქნა ქვეყნის ერთ ბოლოში პარლამენტი გაქვს და მეორე ბოლოში მთავრობა, ანეკდოტური სიტუაცია არ არის?


- სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსაგზავნი მოსამართლეების სიას თუ გაეცანით და რას ფიქრობთ ამაზე?



- ვერაფერს ვერ ვიფიქრებ. რამდენიმე ნაცნობი სახელი და გვარია. არ უნდა განმეორდეს ის, რაც ადრე მოხდა და დარწმუნებული ვარ, არც განეორდება. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ამდენ ადამიანს აქვს სტრასბურგში ყოფნის ამბიცია, ძალიან კარგია. მე მგონი, საინტერესო პროცესი უნდა იყოს.


თუ მანდაც იგივე ბრალდება გაისმა, რომ პოლიტიკური მიზნით რაღაც გათამაშდა, ეგ უკვე შესაძლებელია, ცოტა მომაბეზრებელიც კი გახდეს საზოგადოებისთვის.


- სამთავრობო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით რას იტყვით, რამდენად მოგწონთ იდეა?



- სამთავრობო ქალაქი შეიძლება სამიტინგო ქალაქი იყოს. ყველა ის ადამიანი, ვინც უკმაყოფილი იქნება, პირდაპირ მიადგება ამ ქალაქს და ყველა უკმაყოფილება რაღაცნაირად მიაღწევს რომელიმე მინისტრამდე.


ლაპარაკია, რომ არცერთი კაპიკი არ დაიხარჯება, ეტყობა, რაღაც გრანტებით აპირებენ აშენებას, მიუხედავად ამისა, მგონია, რომ საზოგადოებას უნდა გაუწიონ ანგარიში. გამაღიზიანებელი იქნება ეს საზოგადოებისთვის, თუ შეგიძლია რაღაც სახსრების მოპოვება, მოიპოვე ეს სახსრები და ამ ხალხს მოახმარე, რაღა სამთავრობო ქალაქს აკეთებ, მითუმეტეს, მთავრობა უსახურავოდ არ არის დარჩენილი, წყალი არ ჩასდის არც ერთ სამინისტროს, მუშაობის პირობები მათ აქვთ.


როდესაც მოღონივრდება ქვეყანა და საზოგადოება მთავრობის მადლიერი იქნება, მერე გაკეთებული სამთავრობო ქალაქი საზოგადოების მხარდაჭერას ნახავს, ახლა, როცა მთავრობის მიმართ საკმაოდ ბევრი პრეტენზიაა, სამუშაო პირობების კეთილმოწყობისკენ ნაბიჯის გადადგმა, მგონი, წამგებიანია ხელისუფლების იმიჯისთვის, თორემ ბევრ ქვეყანაში არის ანალოგიური ქალაქები და ფუნქციონირებს ძალიან კარგად..


- პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?



- პრეზიდენტის არჩევის წესი გახდა თემა, რომელიც, წესით, თემა არ უნდა გამხარიყო, მით უმეტეს ოპოზიციამაც აიტაცა ეს საკითხი. იცით, რა მაინტერესებს, ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის ის ურთიერთობა რომ იყოს, რითაც დაიწყო, რა განწყობილებითაც წარადგინა ივანიშვილმა მარგველაშვილი, ოპოზიცია ისევ მოითხოვდა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი საყოველთაო იყოს?


კი ბატონო, გადავიდეთ საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე, მე ამის მომხრე ვარ, მთელი აღმასრულებელი ძალაუფლება მივცეთ პრეზიდენტს და ამ დროს, პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ხალხმა უნდა აირჩიოს. თუმცა, ახლა ვეტოს დადების გარდა მას არანაირი უფლება არ აქვს და რატომ უნდა აირჩიოს ხალხმა, რატომ უნდა დაიხარჯოს ამდენი თანხა? წარმოიდგინეთ, ეს კანდიდატები ხალხისთვის პირობების მიცემას დაიწყებენ და საინტერესოა, რას უნდა შეჰპირდნენ. ტელეფონის გადადების უფლება არ აქვს პრეზიდენტს. პრეზიდენტობის კანდიდატები ალბათ ერთმანეთს ვეტოს რაოდენობაში შეეჯიბრებიან, ერთი იტყვის, მე დავადებ სამ ვეტოს, მეორე იტყვის - ხუთს, აი, ამ ფონზე პრეზიდენტის არჩევა, მგონი, ძალიან სახალისო იქნება.


- თურქეთში ჩატარდა რეფერენდუმი და ქვეყანა საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა, ჩვენზე თუ იქონიებს რამე გავლენას ეს?



- რაც დრო გადის, თურქეთი ძალიან სერიოზული თემა ხდება. ეს რეფერენდუმის შედეგიც რგოლი იყო იმ პროცესისა, რომელიც თურქეთში მიმდინარეობს. მინდა გითხრათ, რომ მეტ ყურადღებას იმსახურებს 49%, ვიდრე 51%. ის, რომ ამდენმა ხალხმა, ამდენი დაჭერის, სამსახურიდან გათავისუფლებისა და რეპრესიების მიუხედავად მაინც უარი გამოუცხადა იმას, რაც ერდოღანს უნდოდა, თავისთავად ძალზე საყურადღებო რამ არის.


საქართველოს მხრიდან საყვედური არაფერზე გვეთქმით, თურქეთი ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ძალიან მეგობრული ქვეყანა, მაგრამ რამდენიმეჯერ ჩვენს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების გაჟღერება გვაიძულებს, რომ ვიყოთ უფრო დაძაბულები და მეტი ყურადღებით ვადევნოთ თვალი თურქეთის პროცესებს.


ვიმეორებ, რომ ამ 49%-ის არსებობამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს პროცესების შემდგომ განვითარებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner