logo_geo
eng_logo
ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯი -არქეოპოლისის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი იწყება
- +

20 აპრილი. 2017. 11:09




ძვ.წ. VIII-VII სს-დან კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ცენტრის,  ძვ.წ.IV-III სს-დან, ერისთავ ქუჯის რეზიდენციისა და ახ.წ. IV-VII სს. ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯი -არქეოპოლისის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი იწყება.


2017 წლის 20 აპრილს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და მოადგილეები - დავით ლომიტაშვილი და პაატა დოლიძე, ნოქალაქევის ისტორიული ციხე-ქალაქის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოინახულებენ. ვიზიტის მიზანი მიმდინარე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგია.


ახ.წ. IV-VII სს. ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯი-არქეოპოლისის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2016 წელს დაიწყო.


2017 წელს სამუშაოების მე-2 ეტაპით გათვალისწინებულია ქვედა ნაქალაქარის ყველა სეგმენტის - გვირაბის, რკინის ხიდის, საფორთიფიკაციო ნაგებობების, სასახლეების, უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგება და სრულ კონსერვაცია;  40 მოწამეთა ტაძრისა და ამ ტაძარში არსებული ფრესკების რესტავრაცია-კონსერვაცია.


წლევანდელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, 2018 წელს მოეწყობა ნაქალაქარის ინფრასტრუქტურა - ბილიკები, მისასვლელი გზები, საინფორმაციო ბანერები და ა.შ.. დასრულდება პროექტირება ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელისა, ხოლო  ფიზიკური სამუშაოების განხორციელდების შემდგომ, სრულად დამთავრდება ნოქალაქევის ნაქალაქარის  რეაბილიტაცია.


პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის შექმნა და ექსპოზიციის მოწყობა. მუზეუმში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოემსახურება.


ნოქალაქევში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს წარმომადგენლები სქურის ტაძრის გვერდითა მინაშენების საკონსერვაციო სამუშაოებს მოინახულებენ. წელს დაგეგმილია გალავნისა და ცენტრალური ტაძრის ეზოს გაწმენდითი სამუშაოები; ეპისკოპოსის ახლადგამოვლენილი სასახლისა და სხვა ინფრასტრუქტურული ერთეულების მომზადება სრული კონსერვაციისათვის.


სქურის ფერისცვალების ტაძრის რეაბილიტაცია 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო და 2 ეტაპად განხორციელდა.


პროექტის პირველ ეტაპზე, ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია გათავისუფლდა მავნე მცენარეებისგან, მოხდა მიწაში გამოვლენილი ქვების მარკირება და ძეგლის სტრუქტურაში მათი თავდაპირველი მდებარეობის განსაზღვრა. ტაძრის დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთ ფასადების საპირე წყობა ავთენტური მასალის გამოყენებით აღდგა.


2015 წელს, პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა სქურის ტაძრის დარბაზული სივრცე. აღდგენითი სამუშაოები ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილი, ავთენტური მასალებით - ჩამონგრეული ქვებითა და არქიტექტურული დეტალებით განხორციელდა.


სქურის დარბაზული ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუშია. ნაგებობის ცენტრალური დარბაზიდან შემორჩენილია თითქმის ყველა კონსტრუქციული კვანძი, რაც ძეგლის ავთენტურობასა და მის გამორჩეულობაზე მეტყველებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner