logo_geo
eng_logo
თემურ თორდინავა: საბავშვო ბაღებში გაძლიერდება ფსიქოლოგების, ლოგოპედების და სპეცპედაგოგების როლი
- +

20 აპრილი. 2017. 12:26




2015 წლიდან დღემდე თბილისს არაერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა, რამაც რასაკვირველია, ხელი შეუწყო როგორც აღსაზრდელების ახალი ნაკადის მიღებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების მობილიზებას. რა ცვლილებებს გეგმავს თბილისის ბაღების მართვის სააგენტო ჯგუფებში ბავშვთა დიდი რაოდენობის პრობლემის მოსაგვარებლად, შემცირდებიან თუ პირიქით დაემატებიან ჯგუფებს აღმზრდელ-თანაშემწეები და რა სიახლეებს გვთავაზობენ სააღმზრდელო-მეთოდოლოგიური თვალსაზრისით - ამ თემებზე თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ისაუბრებს.


- ბატონო თემურ, როგორც უკვე ვიცით, გაიხსნა რამდენიმე ახალი საბავშვო ბაღი, ეს განაპირობებს თუ არა ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობის შემცირებას?

 

- მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში გავატარეთ სხვადასხვაგვარი რეფორმა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ახალი, თავისუფალი ადგილების აღმოჩენა ბაღების ასაშენებლად, რის შედეგადაც უკვე აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა რამდენიმე ახალი ბაღი. მოქმედი საბავშვო ბაღების შენობებში კი, წლების განმავლობაში უმოქმედო ჯგუფების განახლებისა და გარემონტების შედეგად, მოხდა დამატებითი ჯგუფების შექმნა, რამაც საშუალება მოგვცა მიგვეღო ახალი ნაკადი. გაიხსნა 100-ზე მეტი დამატებითი ჯგუფი, 2016 წელს კი ფუნქციონირება დაიწყო შვიდმა ახალმა საბავშვო ბაღმა, ჯამურად, დამატებით 5500 აღსაზრდელის მიღება შევძელით. ამავდროულად, წელს დასრულდება 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და დაიწყება 8 ახალი საბავშვო ბაღის შენება. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, უზრუნველყოფს როგორც დამატებითი ნაკადის მიღების შესაძლებლობას, ასევე მოქმედ ჯფუგებში ბავშვების რაოდენობის განტვირთვას.

 

- ზოგიერთ ჯგუფში მასწავლებლების ორი ცვლა ჰყავთ - აღმზრდელი და თანაშემწე, მათი შემცირება ხომ არ იგეგმება?


- ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის მიხედვით, 2020 წლისათვის ბავშვების რაოდენობასთან შესაბამისი უნდა იყოს აღმზრდელებისა და თანაშემწეების რაოდენობა, ანუ ჩვენ მოგვიწევს ჯგუფებში აღმზრდელებისა და თანაშემწეების რიცხვის გაზრდა, ამას კანონი გვავალდებულებს. 2020 წლისთვის ბავშვთა რაოდენობა ბაგაში უნდა იყოს 25, სკოლამდელი ასაკის ჯგუფებში - 30. ჩვენ ვაშენებთ ახალ საბავშვო ბაღებს და ამავდროულად ვახორციელებთ საკადრო რეზერვის მობილიზებას კონკურსის სახით, რათა პარალელურ რეჟიმში მოხდეს ბაღების დაკომპლექტება კვალიფიციური რესურსით.


- ამასთან ერთად თუ იგეგმება უკვე არსებული ბაღების შენობების რემონტი?


- ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ხანძრის ჩაქრობის პრინციპით. ურთულესი პრობლემები მოვაგვარეთ 2015 წელს და შემდგომი წლების ბიუჯეტი დავგეგმეთ ისე, რომ განხორციელებულიყო მოქმედი საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, გამაგრებულიყო ავარიული ბაღების შენობები, მოპირკეთებულიყო გარე ფასადი, ზოგიერთ ბაღს ღობეები არ ჰქონდა, იყო სახურავების, ცენტრალური გათბობების პრობლემები და ა.შ. დღეს ეს მსხვილი პრობლემები მოგვარებულია და ახლა უკვე კაპიტალური რემონტების ჯერი დგება. ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ახალი ბაღების მშენებლობა, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია არსებული ბაღების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები და პრობლემური ბაღების გამაგრება-რეაბილიტაცია.


- სააღმზრდელო პროგრამასა და კვების საკითხში ხომ არ გეგმავთ ცვლილებებს?


- ბაღებში კვების კომპონენტის მხრივ მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, შედეგად გვაქვს წინსვლა ამ მიმართულებით. ბაღების კვებითი მომსახურება ხდება ISO სტანდარტის მქონე ორგანიზაციის მიერ და აღნიშნული კონტროლდება როგორც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, ასევე სააგენტოს მონიტორინგისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. რაც შეეხება სააღმზრდელო-მეთოდოლოგიურ მიმართულებას, განვავითარეთ ფსიქოლოგის, ლოგოპედის და სპეცპედაგოგის ინსტიტუტი. უკვე ხელმოწერილია ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომელიც 2017 წლის ნოემბრის შუა რიცხვებამდე გადაამზადებს 400-ზე მეტ ფსიქოლოგს, ლოგოპედს და სპეცპედაგოგს და ეს შესაბამისად უფრო მაღალ ხარისხზე აიყვანს თბილისის საჯარო ბაღების მომსახურებას. ფსიქოლოგების, ლოგოპედების და სპეცპედაგოგების გადამზადება არ მოიცავს მხოლოდ მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, ეს ამავდროულად გულისხმობს სტანდარტის ერთიანი პროგრამის შემუშავებას. როგორც კვება გვაქვს ერთნაირი, ყველა ბაღში ერთ სტანდარტზე დაფუძნებული, ასევე გვინდა სააღმზრდელო მიმართულებაშიც ასევე ერთიანი სტანდარტი გვქონდეს. წელს ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეცპედაგოგების ასპექტზე გავაკეთეთ აქცენტი, მომავალ წელს კი გვინდა, აღმზრდელების გადამზადება მოვახერხოთ. ეს საკითხი იქნება პრიორიტეტული და შესაბამისად ჩვენ ამას 2018 წლის ბიუჯეტშიც გავითვალისწინებთ. მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო სტანდარტის მეშვეობით შევიტანეთ, არის სასკოლო მზაობის პროგრამა, რაც ხელს უწყობს ბავშვებს, მოემზადონ სკოლაში მისასვლელად. გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ ასევე სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც გარემოს დაცვას აღსაზრდელებს პატარა ასაკიდანვე ვასწავლით, რათა ბუნების, გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა ვასწავლოთ.

 

- სასკოლო მზაობის პროგრამას მაინცდამაინც არ ემადლიერებოდნენ, იყო პრეტენზიები, ამბობდნენ იმასაც, რომ ქართულ რეალობაზე არაა მორგებულიო. იმავე პროგრამას გადიან აღსაზრდელები, თუ მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და შესაძლებელია დაიხვეწოს?


- მინდა გითხრათ, რომ სასკოლო მზაობის პროგრამა დანერგილია ყველა საბავშო ბაღში. ამ მიმართულებით თუ გვექნება გარკვეული რეკომენდაციები, რასაკვირველია გავითვალისწინებთ და ცვლილებების არსებობის შემთხვევაში ამას პრაქტიკაშიც ავსახავთ. შესაბამისად, ახალ სააღმზრდელო წელს, 2017 წლის სექტემბრიდან რეკომენდაციების გათვალისწინებით დავიწყებთ.


 

ციცი ომანიძე




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner