რეჟისორ ნანა მჭედლიძის შვილი მაგდა მჭედლიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
„დიდი მადლობა ყველას, ვინც პატივი მიაგო ნანა მჭედლიძეს ხონში დაკრძალვაზე დასწრებით. ჩემთვის გასაგებია მისი მოყვარული ადამიანების გულდაწყვეტა იმის გამო, რომ ამ დღეს რეჟისორის კოლეგები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები ვერ იხილეს. მაგრამ მინდა ვთხოვო ყველას, ამის გამო ნურავის ვუსაყვედურებთ, რადგან მე თავად არ ჩამიყენებია საქმის კურსში საზოგადოება, ყველაფერი ქრისტიანული წესის შესაბამისად, მაგრამ ჩვენში დღესდღეობით დამკვიდრებული ჩვეულებებისაგან განსხვავებით, სწრაფად ჩატარდა და ადამიანებმა ასე მოკლე დროში თვითორგანიზება ვერ მოახერხეს. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი იყო მოსული თბილისის სახლში სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენ ხონისაკენ მივემართებოდით. მჯერა, სხვა შემთხვევაში ყველას, ვინც ნანა მჭედლიძის თაყვანისმცემლებმა გულდაწყვეტით მოისაკლისეს, ხონში ვიხილავდით. სრულიად დარწმუნებული ვარ, ყველა შეწუხებულია მომხდარის გამო.
თავს ვალდებულად ვთვლი განვაცხადო, რომ თავად ნანა მჭედლიძის სურვილის შესაბამისად, ოფიციალურად არავისთვის არაფერი შემიტყობინებია. მიუხედავად ამისა, როგორც კი გარდაცვალების ამბავი ცნობილი გახდა, კულტურის სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ და მზაობა გამოთქვეს ოჯახთან ერთად მიეღოთ მონაწილეობა დაკრძალვის ორგანიზებაში, რაზეც ჩვენ მადლობით უარი ვუთხარით. როგორც გადმომცეს, მერიას მიუმართავს დიდუბის პანთეონის დირექტორისათვის ადგილის გამოსაყოფად, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში გაეწია თავად ნანა მჭედლიძის სურვილს. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მიმიმართავს, მერიამ საკუთარი ინიციატივით მონაწილეობა მიიღო ტრანპორტით ჩვენს უზრუნველყოფაში. სახელმწიფომ ასევე მონაწილეობა მიიღო დაკრძალვაში ხონის გამგეობის როგორც ორგანიზაციული, ასევე ფინანსური მხარდაჭერის (მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა) სახით. დიდი მადლობა მათ და ხონელებს ყურადღებისათვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ხონის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე საბას, რომელიც გახლდათ სულის ჩამდგმელი ხონის მთელი ღონისძიებისა. ასევე დიდი მადლობა ეპარქიის სამღვდელოებას ყუადღებისათვის, მონასტრის დედებს ჭირისუფლებისა და სტუმრების უაღრესად გულთბილი მასპინძლობისათვის. აქვე მადლობას ვეტყვი ჩემს ახლობლებს - ნათესავებს, მეზობლებს, კოლეგებს არა მხოლოდ დაკრძალვის დროს, არამედ ჩემთვის უაღრესად მძიმე ბოლო თვენახევრის განმავლობაში თანადგომისათვის."