თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, „ქურთისტანის მუშათა პარტიის" ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის თანამშრომლობის საკითხში ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ თურქეთი მოატყუა.
„პრეზიდენტ ობამასთან ორმხრივი შეთანხმება გვქონდა „ქურთისტანის მუშათა პარტიის" საკითხზე, მაგრამ ობამამ მოგვატყუა. არა მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იმავეს გააკეთებს", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.
ერდოღანმა ობამა იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან არ შეასრულა ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის საკითხში.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მაისში, NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს.
თურქეთის პრეზიდენტი, ასევე, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს შეეხო, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა თავის თურქ კოლეგას თურქეთში ჩატარებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის შედეგები მიულოცა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ, იყო სირიაში და ერაყში მოვლენების განვითარება. მაისში ჩვენ ვგეგმავთ პირისპირ შეხვედრას", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში.