logo_geo
eng_logo
სააპელაციო სასამართლომ შ. ხიზანიშვილის, ლ.ქარდავას და ვ. ლელუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
- +

20 აპრილი. 2017. 15:52


თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ  გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, კომპიუტერული მონაცემისა და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებაში - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი.

 

„სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წელს, ვასილ ლელუაშვილმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს უკანონოდ დაავალა ისეთი კომპიუტერული პროგრამის დამზადება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა, მათ შორის კომპიუტერთან ახლოს გამართული საუბრების უკანონო მიყურადება და ჩაწერა. ვ. ლელუაშვილის დავალების შესაბამისად, კუდ-ის თანამშრომლებმა 2011 წელს შექმნეს ასეთი შესაძლებლობების მქონე კომპიუტერული, ე.წ. „ვირუსული" პროგრამა, განახორციელეს სხვადასხვა პირების კომპიუტერებში შეღწევა და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება.

 

2012 წლის 27 სექტემბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ლევან ქარდავამ იმჟამინდელი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრზე ბ.სურმავაზე განახორციელეს ზემოქმედება და დაიყოლიეს ვიდეოკამერის წინ ეთქვა მათ მიერ წინასწარ შედგენილი ტექსტი, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით ბ.სურმავა ფარულად იწერდა ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" წევრების საუბრებს. სინამდვილეში, ამგვარი ჩანაწერების მოპოვებას ვასილ ლელუაშვილის მითითებით, არასანქცირებულად და ფარულად ახდენდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ მიზნებისთვის, შ.ხიზანიშვილმა უკანონოდ განკარგა ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი და სასამართლოს განაჩენით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეული თანხა 150 000 ევროს ოდენობით.

 

2012 წლის 27, 28 და 29 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ვირუსული პროგრამის გამოყენებით მოპოვებული უკანონო ჩანაწერები ბ. სურმავას სახელით საჯაროდ გაავრცელეს ინტერნეტსაიტ "youtube"-ის მეშვეობით. 

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, ვასილ ლელუაშვილის დავალებით, შპს „მეცხრე არხის" საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით, 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შპს „ლასარეს" კუთვნილ საბაჟო ტერმინალში ელექტროშოკის გამოყენებით მრავალგზის და განზრახ დააზიანეს შპს „ფინსერვისის", შპს „ბურჯის" და სს „ქართუ ჯგუფის" კუთვნილი სხვადასხვა დანიშნულების აპარატურა. დაზიანების შედეგად, ხსენებულ კომპანიებს ჯამში  813 114,49 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენით შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა დამნაშავედ იქნენ ცნობილნი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად საბოლოოდ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მათვე 2 წლით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება. ამავე განაჩენით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი  სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" „ბ„ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება", - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner