logo_geo
eng_logo
ეძებეთ და იპოვით, ანუ ვინ უნდა დაიცვას ხალხი?
- +

20 აპრილი. 2017. 11:00


 


ზუსტად ოცი წლის წინათ, 1997 წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სახალხო დამცველის შესახებ. დღეს „რეპორტიორის" სტუმარია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ომბუდსმენი დავით სალარიძე.


- სახალხო დამცველად კანონის გამოცემიდან ოთხი-ხუთი თვის შემდეგ ამირჩიეს. ასეთი დაგვიანება გამოწვეული იყო იმით, რომ პრეზიდენტის მიერ ჩემამდე წარდგენილი ორი კანდიდატურა პარლამენტმა ჩააგდო. პირველი გახლდათ ხუციშვილი, მეორე - კავსაძე.


- სანდრო?


- დიახ, ალექსანდრე კავსაძე, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობის გამოცდილება უკვე ჰქონდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ დაინტერესებული ძალების გავლენით, იგი არ დაამტკიცეს.


ედუარდ შევარდნაძემ შესანიშნავად იცოდა, რომ საქართველოში დემოკრატიის დასამკვიდრებლად ამგვარი სამსახურის პრიორიტეტულად ამოქმედება იყო საჭირო და მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა კიდეც ომბუდსმენის ინსტიტუტი.


- თქვენ რატომ მოგადგნენ?


- არ ვიცი. ამ დროს საგადასახადო ინსპექციაში ვმუშაობდი და აზრადაც არ გამივლია, რომ მე, პოლიციური თუ სახელმწიფო სამსახურებრივი ბიოგრაფიის მქონე ადამიანი, შეიძლებოდა, ვინმეს ამ თანამდებობაზე წარვედგინე.


- მაგრამ სწორედ ასე მოხდა.


- დიახ, და, როგორც ჩანს, ასეთი გადაწყვეტილებისკენ პრეზიდენტ შევარდნაძეს უბიძგა სრულიად არაორდინარულმა ვითარებამ, რომელიც მაშინ საქართველოში ჩამოყალიბდა: სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებულია, ციხეში ერთად არიან ერთმანეთს რადიკალურად დაპირისპირებული ძალების წარმომადგენლები და მათი მეთაურები: ზვიად გამსახურდიას მომხრეები - შურღაია, ძიძიგური, ქობალია და სხვები, გვარდიელები კიტოვანის ხელმძღვანელობით და შევარდნაძის ტერაქტში მონაწილე მხედრიონელები ჯაბა იოსელიანის თამადობით. და ყველა სათითაოდ იბრძვის საკუთარი უფლებების დასაცავად. ბუნებრივია, რომ ამ სიტუაციის მოსაწესრიგებლად მედიატორი იყო საჭირო. ამას ემატებოდა ისიც, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომლებისთვისაც ადამიანის უფლებების დაცვა  პრიორიტეტული მიმართულება უნდა ყოფილიყო, მაინცდამაინც კანონმორჩილი ხელმძღვანელები არ ედგნენ სათავეში.


უთუოდ ეს მომენტიც გაითვალისწინეს, ის ავტორიტეტიც, რომელიც ამ უწყებებში საქმიანობით მქონდა მოპოვებული და რომელიც გაგვიადვილებდა ისეთი შუალედური გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც დიდ სახელმწიფოებრივ საქმესაც წაადგებოდა და ადამიანის უფლებებსაც არ დაარღვევდა.


ამას ვლაპარაკობ ოცი წლის შემდეგ. დღევანდელი გადასახედიდან ასეთი პოზიცია სრულიად მიუღებელია, რადგან შუალედის ძებნა ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ნონსენსია: ეს უფლებები სრულად და სრულყოფილად უნდა იყოს დაცული.


ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხალხი არ იცნობდა ადამიანის უფლებათა დეკლარაციას. გათვითცნობიერებული არ ჰქონდა საკუთარი უფლებები. არც ძლიერი მესამე სექტორი არსებობდა მაშინ, და მთელი პასუხისმგებლობა ამ მიმართებით სახალხო დამცველს ეკისრებოდა.


ეს ერთი პრობლემა.


მეორე. ამ ინსტიტუტს წინამორბედი არ ჰყავდა. მაშასადამე, არ არსებობდა არავითარი პრაქტიკული გამოცდილება.


შემდეგ: არ გააჩნდა არავითარი მატერიალური ბაზა.


არავინ იცოდა, როგორი ადმინისტრაციული სტრუქტურა უნდა ჰქონოდა.


დრო სჭირდებოდა ამ საკითხების მოგვარებას. ექვს თვეში შევძელით.


თავდაპირველად ჩვენთან სულ 30 კაცი მუშაობდა. ახლა, როგორც მეუბნებიან, 150 თანამშრომელზე მეტია (ბუნებრივია, რადგან სხვა დროა). პირველი ანგარიშიც მოვამზადეთ და 1998 წელს პარლამენტის წინაშე წარვსდექით მოხსენებით. მეტიც, გამოვეცით სპეციალური ჟურნალი „ქომაგი" (პენკლუბთან, დავით მაღრაძესთან ერთად).


ასე დავიწყეთ.


დღეს პარლამენტი ექვს თვეში ერთხელ ისმენს სახალხო დამცველის ანგარიშს. გამოიცემა სხვადასხვა ხასიათის ლიტერატურა და ა.შ.


- რომელი კონკრეტული პრობლემების გადაჭრა გახდა მაშინ უპირველესად საჭირო?


- პირველი ჯაბა იოსელიანის უკანონოდ დაპატიმრებას შეეხებოდა. იგი რეგისტრირებული იყო პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად და დაპატიმრების დროს ამ მანდატს ვადა გასული არ ჰქონდა. საჩივარი საფუძვლიანი იყო, მაგრამ ამ დროს ჯაბა იოსელიანი იმხილებოდა როგორც პრეზიდენტის წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი.


(რესპონდენტი კითხულობს ჯაბა იოსელიანი სახელით დაწერილ მიმართვას ევროპის ქვეყნების ომბუდსმენებისადმი, რომ იგი საქართველოში მოქმედი კანონის დარღვევით დააპატიმრეს და ითხოვდა მათგან პასუხს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში სახალხო დამცველი: „თქვენ პასუხს მე შევიტყობ პრესის საშუალებით").

 

მისი მოტივაცია ფორმალური თვალსაზრისით იყო სწორი. ამასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოვამზადეთ და გავაგზავნეთ დანიშნულებისამებრ. მაგრამ, იოსელიანი ჩვენი მიმართვის საფუძველზე არ გაუთავისუფლებიათ. პირიქით, გაასამართლეს და მიუსაჯეს კიდეც.


ამ დროს დაკავებულები არიან ზვიად გამსახურდიას მომხრეები, რომლებიც პრეზიდენტზე მეორე ტერაქტის მოწყობაში იმხილებოდნენ.


- ეს რომელი ტერაქტია?


- სამასი არაგველის ძეგლთან თავს რომ დაესხნენ შევარდნაძეს. შემდგომ გაირკვა, რომ ეს ტერაქტი ორგანიზებული იყო მხედრიონელებისა და უშიშროების სამსახურის ოფიციალური თანამშრომლების მიერ.


დაპატიმრებულები იყვნენ, ალბათ გახსოვთ, ნუგზარ მოლოდინაშვილი, მამა-შვილი გელბახიანები და სხვები. არცერთ ამ შემთხვევაში სახალხო დამცველს უკან არ დაუხევია და ყველგან შედეგიანი იყო ჩვენი ჩარევა.


- კიტოვანის საქმესთან დაკავშირებით? აფხაზეთში ლაშქრობის გამო ხომ მიუსაჯეს?


- იმ დროს მართლაც მძიმედ დაავადებული იყო. თან შიმშილობდა. მისი გასათავისუფლებელი მოკლე გზა შეწყალების აქტის გამოცემა იყო. ორი წელიწადი იყო გასული, რაც იჯდა. დავარწმუნე შევარდნაძე, რომ კარგი იქნებოდა, თუ შეიწყნარებდა კიტოვანს, და  პრეზიდენტმა მართლაც გამოსცა შესაბამისი აქტი.


- სხვებიც შეიწყალა?

 

- დიახ, შეიწყალა. ახლა მე წაგიკითხავთ, რა წააწერა შევარდნაძემ სახალხო დამცველის წარდგინებას კიტოვანის შეწყალებაზე (კითხულობს): „ჩემო თენგიზ! პასუხისმგებლობის სრული შეგნებით ვაქვეყნებ ამ ბრძანებულებას და ვაცხადებ შენ შეწყალებას. მაგრამ მინდა იცოდე, რომ შენთან ერთად ეს წლები მეც გავატარე საპატიმროში".


ვიღაცა შეიძლება  დაეჭვდეს, იყო თუ არა შევარდნაძე გულწრფელი, ამას რომ წერდა. პირდაპირ გეტყვით, იგი ასეთ ურთიერთობებს უფრთხილდებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ იყო სახელმწიფო ინტერესები, რომლებსაც ვერ უღალატებდა.


საერთო ჯამში, თუ დავითვლით, დაახლოებით 120-ზე მეტ საქმეზე მივიღეთ ობიექტური შედეგი: ზოგს შევუმცირეთ სასჯელი, ზოგი სრულიად გავათავისუფლეთ. იყო ბევრი სხვა საქმეც, საპატიმროებიდან რომ გვქონდა მიღებული, არცერთი უყურადღებოდ არ დაგვიტოვებია.


ასე მიილია ჩემთვის განკუთვნილი ხუთი წლიდან ორი წელიწადი.


ერთ საკითხსაც დავუმატებ, რომელიც სოციალურ პოლიტიკას შეეხება და რომელიც ჩვენთვის უაღრესად აქტუალური იყო, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ლტოლვილებთან იყო დაკავშირებული - მათი უფლებები ყოველმხრივ ირღვეოდა. ამ საკითხების დაყენება შესაბამის ინსტანციებში და შეძლებისდაგვარად გადაწყვეტაც ჩვენი ყოველდღიური მზრუნველობის საგანი იყო.

 

- რახან შეჯამებისკენ წავედით, იქნებ, ისიც თქვათ, რა წინააღმდეგობების გადალახვა გიხდებოდათ ადამიანთა უფლებების დასაცავად წარმართულ თქვენს საქმიანობაში?


- ბევრ წინააღმდეგობას ვაწყდებოდით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. მას თავისი მოთხოვნები ჰქონდა: დრო იყო ურთულესი - ახლად დამთავრებული სამოქალაქო ომი, უამრავი პატიმარი და ა.შ.; უზენაეს სასამართლოსთან - სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული დავა; პროკურატურა თავის პოზიციას იცავდა და ა.შ. ჩვენი აპარატის თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, გაერღვიათ შეუვალობის ეს კედელი. შინაგან საქმეთა მინისტრი იმ დროს იყო კახა თარგამაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - მინდია უგრეხელიძე, გენერალური პროკურორი - ჯამლეთ ბაბილაშვილი.


აქვე ვიტყვი, რომ პროკურატურის ორგანოებში კარგად ჰქონდათ შეთვისებული ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები და იქ უფრო ნაკლებად გვხვდებოდა დარღვევის შემთხვევები.


უზენაეს სასამართლოში გვარდიელების, მხედრიონელების, გამსახურდიას მომხრეების განხილულ საქმეებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ელფერი ჰქონდა და გვიჭირდა ამ ლაბირინთებში ობიექტურობის უცილობელი დაცვა. თუმცა, მაშინდელ შემადგენლობას პროფესიულ კვალიფიკაციას ვერ დაუწუნებდი.

 

- ამასობაში მიილია თქვენი ომბუდსმენობის ორი წელიწადი...

 

- რაც ამ თანამდებობაზე მყოფ ერთ კაცს შეეძლო გაეკეთებინა, გავაკეთე. ამის შემდეგ რომ გამეგრძელებინა მუშაობა, ან სახალხო დამცველის საქმე უნდა დაზიანებულიყო, ან არასწორი სახელმწიფო გადაწყვეტილებების სტადიაში მომიწევდა შესვლა, რასაც ჩემი განვლილი გზა დამაკისრებდა. ამიტომ გადავწყვიტე, შემეწყვიტა სახალხო დამცველობა და დეპუტატობაზე მეყარა კენჭი. 1999 წელს გავხდი დეპუტატი.


არჩევნების პერიპეტიები ცალკე საკითხია და, მოდით, დღეს ამ თემას ნუ შევეხებით. „მოქალაქეთა კავშირის" ახალგაზრდულმა ჯგუფმა (ჟვანია, სააკაშვილი და სხვები) რა უკანონობაც ჩაიდინა ჩემს ერთმანდატიან ოლქში არჩევნების გასაყალბებლად, სერიოზული თემაა და გაკვრით შეხებას აზრი არ აქვს.


- შედეგი?

 

- შედეგი სააკაშვილის გადეპუტატება იყო. საღამოს მონაცემებით არჩევნებში მონაწილეთა 90 პროცენტს ხმა სალარიძისთვის ჰქონდა მიცემული, დილით კი გამოაცხადეს, რომ სააკაშვილმა მოიგო (!).


და ერთიც: ყველა მომხრე, ვინც მაშინ მიხეილ სააკაშვილს გვერდით დაუდგა -პარტიებიდან, სახელმწიფო სტრუქტურებიდან თუ ბიზნესის სფეროდან - მალევე მიწასთან გაასწორა, წაართვა ყველაფერი, რაც წასართმევი ჰქონდათ, აღუკვეთა თავისუფლება, გააუბედურა. ბევრმა ვერ გაუძლო ასეთ შეურაცხყოფას და გადაჰყვა - გარდაიცვალა.


ჩემს შემდეგ სახალხო დამცველად საინტერესო ადამიანი, შესანიშნავი მოღვაწე ნანა დევდარიანი აირჩიეს.


დღეს მეხუთე სახალხო დამცველი განახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას.


- ავად თუ კარგად?

 

- ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან ყოველთვის თავს ვიკავებ, რადგან საქმე გვაქვს ისეთ ფენომენთან, როცა არც ერთი, არც მეორე მხარე კმაყოფილი არ დაგრჩება. მადლიერებას არ უნდა ელოდო.


- ვისარგებლებ შემთხვევით და გკითხავთ, როგორ აფასებთ გახმაურებულ „ციანიდის საქმეს"?

 

- ჩემი აზრით, ყველაფერი ის, რაც ხდება, საპატრიარქოს შიგნით არსებული გარკვეული ძალების ურთიერთდაპირისპირებების შედეგია. როგორც პრეზიდენტის აპარატში, მთავრობის აპარატში და სახელმწიფო მართვის სხვა სტრუქტურებში, აქაც მიმდინარეობს გავლენის სფეროს გაფართოების, ხელმძღვანელთან სხვებზე უფრო დაახლოების პროცესი.


- მზის ქვეშ ადგილის მოპოვება?

 

- პატრიარქთან დაახლოება მაქვს მხედველობაში. აშკარა თუ ფარული ბრძოლა უკეთესი პოზიციის დასაკავებლად. კონკრეტული პირებიც მყავს მხედველობაში, მაგრამ მათი გვარების დასახელებას ჩემ თავს არ ვაკადრებ.


პირდაპირ გეტყვით: გამოვრიცხავ, რომ ერთმა ჯგუფმა, რომელშიც დაპატიმრებული მამალაძე მოიაზრება, მოინდომა ძალადობით ძალაუფლების ხელში ჩაგდება.


- მოწამვლას გულისხმობთ? ანუ ხერხს ჩანაფიქრის განსახორციელებლად? ფარულ ჩანაწერში ხომ აშკარად ჩანს, რომ ამას აპირებენ?

 

- დიახ. ჩანაწერი, ჩემი აზრით, არის ემოციური „გამოხდომა", შთაბეჭდილების მოსახდენად, ან დასარწმუნებლად მავანისა, თუ რამდენად მტკიცეა, პირობითად ვიტყვი, შეთქმულთა გადაწყვეტილება და რამდენად შორს მიდიან მიზნის მიღწევის გზაზე.


მაგრამ, ამავე დროს ძნელია იმის დაჯერება, რომ მამალაძე ისეთი პრიმიტივი იყო, რომელიც აპირებდა ციანიდის გერმანიაში ჩატანას, მოწამლავდა ვიღაცას (ახლა პატრიარქზე აღარ ლაპარაკობენ) და ეს ამბავი გაუხსნელი დარჩებოდა იქაური კლინიკის პირობებში. არა მგონია, რომ ასეთი შეზღუდული აზროვნება ჰქონდეს ვინმეს, ამის ჩადენის მსურველსაც კი.


თუმცა ნალაპარაკები რომ აქვთ ერთმანეთში, როგორ უნდა მოეცილებინათ თავიდან არასასურველი ადამიანები, არის ფაქტი. განზრახვის დონეზე თუნდაც... რამდენად ღრმა და რეალურია ამ საუბრის დროს ნათქვამი, ამას გამოძიება გაარკვევს. მაგრამ ხელს აძლევს კი ეკლესიას იმ სიბინძურის ზედაპირზე გამოტანა და გამჟღავნება ჩვენს ურთულეს დროში?


- რასაც მეუფე პეტრე აკეთებს?

 

- თუნდაც. დაბოლოს, ჩემი აზრით, ის, რაც დღეს საპატრიარქოს გარშემო ხდება, არის დაინტერესებული ძალების მიერ ჩვენი რწმენის, თვითმყოფადობის წინააღმდეგ აშკარა შეტევა. სააღდგომო ეპისტოლეში პატრიარქმა ამის შესახებ ბრძანა: „ამ მხრივ ყველაზე დიდი დანაშაული არის ეკლესიაში განხეთქილების ან მწვალებლობის შემოტანა. ამის ჩამდენნი მოწამებრივი სიკვდილითაც რომ აღესრულონ, ცოდვას ვერ ჩამოიბანენ. ასევე უდიდესი ცოდვაა ქვეყნის მტრობა და მისი ერთიანობის დარღვევის მცდელობა..."


- რახან რთული დრო ახსენეთ, იქნებ ისიც თქვათ, როდის უფრო რთული იყო ადამიანის უფლებათა დაცვა - თქვენ დროს თუ ამჟამადაა?

 

- ზოგადად, საერთო მასშტაბში, ამჟამად შედარებით უფრო ადვილია, მაგრამ პასუხისმგებლობა ახლაც და მაშინაც უდიდესი იყო და არის.


ამასთან ერთად, ის, რაც საქართველომ ყოფილი ხელისუფლების დროს გადაიტანა, ის უკანონობა და ადამიანის უფლებათა დარღვევები, არ ახსოვს ინკვიზიციასაც კი.

საბჭოთა პერიოდში იმის შიში და მორიდება მაინც არსებობდა, რომ თუ საქართველოს პროკურატურაში ან საქართველოს უზენაეს სასამართლოში სიმართლეს ვერ მიაღწევდი, საკავშირო ინსტანციებში შეძლებდი გასაჩივრებას. მე მიმუშავია სასამართლოში, სადაც კონკრეტულ საქმეზე მოდიოდა პროტესტი საბჭოთა კავშირის უმაღლეს სასამართლოდან. უნდა გითხრათ, რომ იმ პირობებში რეაგირება შეტანილ საჩივრებზე შეუდარებლად სწრაფად ხდებოდა, ვიდრე ამჟამად სტრასბურგის პრაქტიკაშია დანერგილი.


ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ყოფილი ხელისუფლების დროს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა და სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები: ადამიანის უფლებათა დაცვაზე იქ ლაპარაკიც არ შეიძლება.


- ჩვენ დროში საიდან უნდა მოდიოდეს სახალხო დამცველი?

 

- ამაზე მეც ხშირად მიფიქრია. მაინცდამაინც არასამთავრობო სექტორმა უნდა შვასო იგი, რის შესახებაც ახლა ლაპარაკობენ, მე მხარს არ დავუჭერდი. თუნდაც იმიტომ, რომ თავად ეს სექტორი ფორმირების პროცესშია, ჩამოუყალიბებელია. საქართველოში, მადლობა ღმერთს, არის ძალიან ბევრი ავტორიტეტული, ღირსეული პროფესიონალი, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, მათი რიგებიდან ავირჩევდი საუკეთესოს. მაშინ აღარ იქნებოდა ათასი მითქმა-მოთქმა, როცა ზოგს სახალხო დამცველის გარეგნობა არ მოსწონს, ზოგს მისი ნამოღვაწარი.


მე რომ მკითხოთ, ასაკობრივ ზღვარსაც დავაწესებდი, რომლის მიხედვით 50 წელზე უფრო ახალგაზრდა კანდიდატის წარდგენა მიზანშეუწონლად იქნებოდა მიჩნეული.


დღეს პოლიტიკაში ახალგაზრდები არიან, წაიკითხავენ ამ ჩემს მოსაზრებას და იტყვიან, რას ლაპარაკობს ეს სალარიძეო?! მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ თანამდებობაზე უნდა აირჩიონ ადამიანი, რომლისაც სჯერა ხალხს, რომელიც საქართველოში ავტორიტეტით სარგებლოს.


ეძებე და ჰპოვებო!


- სახარებაც ამას გვასწავლის: „ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყოველი, ვინც ითხოვს - მიიღებს, ვინც ეძებს - პოულობს და ვინც აკაკუნებს - გაეღება".  (მათ. 7, 7-8). ხომ ასეა?

 

- რა თქმა უნდა. მონდომებით, პროფესიულად უნდა ეძებონ, არა ისე, ახლა რომ ხდება, თუნდაც კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვისას. გამოდის ვიღაცა ტელევიზიით, ეკრანზე მის გამოსახულებას აწერია „კონსტიტუციონალისტი". არადა, არც არსად გსმენია ამ კაცზე რამე, როგორც მეცნიერსა და მოღვაწეზე, არც არსად გინახავს. არადა, საქართველოში გვყავს მინდია უგრეხელიძე, ჯონი ხეცურიანი, უნივერსიტეტში მოღვაწე შესანიშნავი მეცნიერები, მაგრამ მათკენ არ იყურებიან.


ასეთი სიბეცე თუ არ დაიძლია, კვლავაც ისეთ სახალხო დამცველს მივიღებთ, რომელიც არც საერთო ნდობით სარგებლობს, არც მაღალი ავტორიტეტით გამოირჩევა.


ესაუბრა არმაზ სანებლიძე


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner