logo_geo
eng_logo
პროკურორი: ფოტორეპორტიორების ვერსიაა, რომ ისინი 2011 წლის 26 მაისს გადაღებული ფოტოების გამო გაასამართლეს
- +

20 აპრილი. 2017. 19:13



„ფოტორეპორტიორების საქმის" პროკურორის ემზარ გაგნიძის განცხადებით, ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტორეპორტიორების ვერსიაა, რომ ისინი 2011 წლის 26 მაისს გადაღებული ფოტოების გამო გაასამართლეს.


მისი თქმით, ის მოტივები, რის გამოც ფოტორეპორტიორები ჯაშუშობის ბრალდებით უკანონოდ გასამართლდნენ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესებზე გამოჩნდება.


საქმის მასალებიდან გამომდინარე მიზანთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენეული ვერსია, რომელსაც სასამართლოში წარვადგენთ. დაიკითხებიან მოწმეები და კონკრეტული მიზანი გამოიკვეთება სასამართლოში. გამოძიების ეტაპზე დაზარალებულებმა, მათთვის ჯაშუშობის დაბრალების მოტივად, 2011 წლის 26 მაისს გადაღებულ აქციის დარბევის ფოტოები დაასახელეს, რომლებიც მსოფლიოს წამყვან სააგენტოებში გავრცელდა. დაზარალებულების ვერსიაა, რომ ისინი 2011 წლის 26 მაისს გადაღებული ფოტოების გამო გასამართლდნენ", - აღნიშნა გაგნიძემ.

 

სახელმწიფო ბრალდებამ დღევანდელ პროცესზე, რომელზეც ფოტორეპორტიორების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა დაიწყო, იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომლის საფუძველზეც პროკურატურა ფოტორეპორტიორების გამართლებას ითხოვს.


ახალი გამოძიების ფარგლებში, ბრალდების მხარემ გამოკვეთა სამი მიმართულება - ერთი: დროებითი მოთავსების იზოლატორში განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები, ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები და ასევე დაცვის ხელყოფის მიზნით განხორციელებული ზეწოლის ფაქტები. ბრალდების მხარემ დაასახელა იმ მოწმეთა ვინაობა, რომელთა სასამართლოზე დაკითხვის შედეგად, დადასტურდება, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოხდა აწ უკვე დაზარალებულებისთვის აღიარებითი ჩვენებების ჩამორთმევა", - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.


ემზარ გაგნიძის თქმით, საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება, რათა დადგინდეს დანაშაულში მონაწილე სხვა პირები.


მისივე თქმით, ფოტორეპორტიორებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე დავით დევნოზაშვილს და სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner