ავტორი მარიამ პაიჭაძე
„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორმა ირაკლი გოგავამ „რეპორტიორთან" საუბარში თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი, შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები შეაფასა.
- თქვენი აზრით, უნდა შეიცვალოს თუ არა საარჩევნო სისტემა და შერეულიდან გადავიდეს მხოლოდ პროპორციულზე?
- პირადად ჩემი და „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" პოზიცია არის ის, რომ 100%-ით პროპორციული არჩევნები საქართველოსთვის არ არის მისაღები, ვინაიდან ჩვენ უნდა შევაფასოთ რეალობა, სადაც პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებულია საქართველოს მოსახლეობის მაქსიმუმ 10%, დანარჩენი მოსახლეობა არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და მათ ჩვენ გარკვეულწილად ვუზღუდავთ, იყოს არჩეული საკანონმდებლო ორგანოში. ვფიქრობ, რომ შერეული სისტემა, სადაც მაჟორიტარულიც არის და პროპორციულიც, აბსოლუტურად გამოხატავს იმ საჭიროებას, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ჩვენ ცალსახად დავინახეთ, რომ პოლიტიკური პარტიები ვერ ჩამოყალიბდნენ იდეოლოგიის გარშემო და ეს არის ერთი ადამიანის გარშემო გაერთიანებები. 200-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა და ფაქტობრივად, არცერთი მათგანი დროსა და სივრცეში არ წარმოადგენს ღირებულებას, მხოლოდ ლიდერებზე არიან ჩამოკიდებული. ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მაჟორიტარული არჩევნები. ნუ დავტოვებთ ადამიანებს და განსაკუთრებით რეგიონებში იმ პირების გარეშე, ვისთანაც მიესვლებათ. თუ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ჩატარდება, მაჟორიტარების ხარისხი ყოველთვის უკეთესია, ვიდრე პარტიული სიით გასულების.
მე ბევრ საარჩევნო კამპანიაში მიმიღია მონაწილეობა და შემიძლია ვთქვა, რომ მაჟორიტარი კანდიდატების არჩევა უფრო გულდასმით და გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდებოდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაჟორიტარული კომპონენტი არის შესანარჩუნებელი.
- კონსტიტუციაში შესაძლოა ჩაიწეროს, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრირებული. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ეს?
- არასერიოზულად მეჩვენება ის ჩანაწერი, რომელსაც აპირებენ საქართველოს კონკრეტულ ორგანიზაციებში ინტეგრაციის შესახებ. არცერთი ქვეყანა არ არსებობს მსოფლიოში, რომელსაც უწერია, რომ რომელიმე ორგანიზაციის წევრობა მისი საკონსტიტუციო ნორმაა. ის ორგანიზაცია რომ გაუქმდეს საერთოდ, კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ? ეს კლასიკური არასერიოზულობა არის დასავლეთში ქულების მოპოვებისთვის წარმოჩენილი ინიციატივა. თუ 2020 წელს ან მანამდე მოვიდა სხვა ხელისუფლება, რომლისთვისაც არ არის ეს მიმართულება პრიორიტეტი, კონსტიტუციის გამო ვერ უნდა განახორციელოს თავისი პოლიტიკური მიზნები? ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვემხრობით ევროპასთან ინტეგრაციას, მაგრამ ასეთ ჩანაწერებს ქვეყნები არ აკეთებენ.
- შესაძლოა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალოს და პრეზიდენტის არჩევა ირიბი წესით მოხდეს...
- ვფიქრობ, რომ იმ უფლებამოსილებებით, რაც დღევანდელ საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტს გააჩნია, პირდაპირი საყოველთაო არჩევნები არ იქნება სწორი. საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა და საყოველთაო არჩევნები ძალიან ძვირი ჯდება. ეს უკვე საკმარისი არგუმენტია იმისათვის, რომ პრეზიდენტი არჩეულ იქნას პარლამენტის მიერ. საარჩევნო კოლეგიის შემოღება უნდათ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო და პრეზიდენტი უნდა აირჩიოს პარლამენტმა, რადგან სწორედ პარლამენტს აქვს საყოველთაო არჩევნებში ხალხისგან მოპოვებული მანდატი.
ასევე, ფედერალური პროკურორის დამტკიცება პარლამენტის მიერ, ჩემი აზრით, მისაღებია. ეს არის კლასიკური მოდელი, ვინაიდან ის უნდა იყოს პასუხისმგებელი არჩევითი ორგანოს წინაშე.
- როგორ ფიქრობთ, კონსტიტუციაში ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით თუ უნდა შევიდეს რაიმე ცვლილება?
- ქვეყნის განვითარებას პირველი, რაც აფერხებს, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა. ქვეყანა არის მოწყობილი რაიონების, ე.წ. მუნიციპალიტეტების მიხედვით, რაც არის საბჭოთა მოდელი. ის რესურსები, რომელიც იხარჯება, იხარჯება არაეფექტურად. ვფიქრობ, რომ საჭიროა საქართველოს ისტორიულ, ანუ სამხარეო მოწყობაზე გადასვლა. 3000-წლიანი ისტორიის მანძილზე ბუნებრივად ჩამოყალიბდა მხარეები. ვფიქრობ, მუნიციპალური ბიუჯეტების ნაცვლად საჭიროა რეგიონალური ბიუჯეტების შემოღება. ამ შემთხვევაში თანხები უფრო ეფექტურად იქნება გამოყენებული, კონტროლის მექანიზმიც უკეთესი იქნება. ჩვენი ორგანიზაცია ემხრობა სამხარეო საკრებულოს ჩამოყალიბებას. ქვეყნის განვითარებისთვის სამხარეო მოწყობაზე გადასვლა არის აუცილებელი.
ასევე, დღეს ნიველირებული და ძალიან დასუსტებულია გუბერნატორის ინსტიტუტი და შესაბამისად, მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის დაბალი. გარდა ამისა, სამხარეო მოწყობაზე გადასვლა და სამხარეო ბიუჯეტის და სამხარეო საკრებულოს ორგანიზება გარკვეულწილად დააჩქარებს ქვეყნის განვითარებას, მათ შორის სამხარეო-რეგიონალური მასშტაბის ეკონომიკურ პროექტებს უფრო ეფექტურს გახდის და ამასთან, შემცირდება ცენტრალიზაციის ხარისხი. მეტი ძალაუფლება ადგილებში უნდა გადავიდეს, ცენტრი არ უნდა წყვეტდეს, ვინ სად დაინიშნოს რომელიღაც სოფელში და ა.შ.
- თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა... როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს თავად თურქეთისთვის?
- თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი, პრინციპში არის ძველი თემა. 2005 წელს მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა წამოაყენა ინიციატივა, რომ თურქეთი საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასულიყო. მაშინ ერდოღანი გახლდათ პრემიერ-მინისტრი, თუმცა ეს მხოლოდ სამომავლო იდეა იყო. თურქული კვლევების აბსოლუტური უმრავლესობა რეფერენდუმამდე მიუთითებდა, რომ უმრავლესობა საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას ემხრობა. მთავრობამ შეიმუშავა 18 ცვლილება კონსტიტუციაში, სადაც ძირითადი ნაწილი არის ის, რომ პრეზიდენტის უფლებები პარლამენტის ხარჯზე ძლიერდება. გაუქმებულია მინისტრების ვალდებულება, პარლამენტს გასცეს კითხვებზე პასუხი, მანამდე ამის უფლება ჰქონდა, როგორც ეს აშშ-შია. მოკლედ, ერდოღანის გარშემო კონცენტრირდება სერიოზული ძალაუფლება და ის ხდება ერთპიროვნული მმართველი. როგორც ჩანს, ის გეგმავს კიდევ მომდევნო ორი 5-წლიანი ვადით ხელისუფლებაში დარჩენას. რა თქმა უნდა, დემოკრატიის ხარისხი თურქეთში შემცირდება. ეუთო-მ და ევროპის საბჭომ ცალსახად აღნიშნეს, რომ ჩატარებული რეფერენდუმი ევროპულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. დაახლოებით, მილიონნახევრამდე ბიულეტენი იყო ბეჭდის გარეშე გამოყენებული. თუმცა, გუშინ თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ მიიღო არცერთი პრეტენზია და რეფერენდუმის შედეგები ძალაში დატოვა. სულ რაღაც 51,5%-ით გაიმარჯვეს საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის მომხრეებმა. აქ საინტერესოა ის, რომ ერდოღანის სასარგებლოდ ხმა მისცა ძირითადად შიდა პროვინციების მოსახლეობამ და პერიმეტრზე მცხოვრებმა მოსახლეობამ კი ხმა მისცა ერდოღანის ძალაუფლების გაძლიერების წინააღმდეგ. განსაკუთრებით, წინააღმდეგობა იყო სტამბოლში, ქართველებით დასახლებულ რეგიონში და, რა თქმა უნდა, ქურთებით დასახლებულ რეგიონებში. უკვე მეორე წელია თურქეთში მიდის პოლიტიკური წმენდა, გიულენისტების დევნის საბაბის ქვეშ იდევნებიან სხვა ოპოზიციონერებიც. ქურთული მუშათა პარტიის დევნის საფარქვეშ იდევნებიან ქურთი პოლიტიკოსებიც. როგორც ჩანს, მთლად სიწყნარეს არ უნდა ველოდოთ თურქეთის პოლიტიკურ სპექტრში. შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ერდოღანი ძალიან ცოტათი იგებს ამ რეფერენდუმს, პოლიტიკური დაძაბულობა იქნება.
- როგორ აისახება ეს საქართველოზე?
- სავარაუდოდ, ეს არნაირად არ აისახება საქართველოზე. შესაძლოა, მოხდეს ეკონომიკური ვარდნა ამ პროცესების ფონზე და საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც თურქეთში პურის ფულს შოულობს, შეეზღუდოთ შემოსავლის გზა. ეს ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოხუმში ოფიციალურად იმყოფებოდა. როგორ შეაფასებთ მის ვიზიტს და თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურებოდა?
- სერგეი ლავროვის ვიზიტის ოფიციალური საბაბი გახლდათ რუსეთის საელჩოს გახსნა სოხუმში. თუმცა, ვფიქრობ, რომ დროდადრო რუსეთი მსგავს პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს იმის შესახსენებლად, რომ აფხაზეთის თემა არსებობს. მათ აფხაზეთისა და ცხინვალის თემა საქართველოსთან ვაჭრობისთვის სჭირდებათ. ფაქტობრივად, მზაობა არსებობს, რომ რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალზე უარი თქვას, თუ საქართველოსგან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით იქნება გარანტიები. პირველ რიგში, მათ აინტერესებთ საქართველოში უცხო ჯარების არგანლაგების გარანტია, ანუ, ე.წ. ნეიტრალიტეტი. მეორე, ეს არის ჩრდილოეთ კავკასიასთან საზღვრის დაცვა, სადაც არსებობს ტერორიზმის საფრთხე და მძლავრობს სეპარატისტული და ნაციონალისტური მოძრაობები. რა თქმა უნდა, მესამე საკითხი არის იმის გარანტია, რომ საქართველო NATO-ში არ შევა. ეს არის ის საკითხები, რომელიც რუსეთს აინტერესებს. პირადად მე, ურთიერთობა მაქვს აფხაზებთანაც და ოსებთანაც და ისინი პირად საუბრებში ამბობენ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე, რასაც ისინი გრძნობენ, ეს არის ის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არ მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება. ეს შეიძლება იყოს ჩვენთვის რეცეპტი - რუსებთან ურთიერთობის გარკვეული ნორმალიზება საჭიროა, ჩვენი დუხჭირი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. რუსეთთან ურთიერთობის გარეშე ქვეყნის ეკონომიკური წარმატება, პრინციპში წარმოუდგენელია. ბევრი გზა და საშუალება ნახეს, მაგრამ რუსულ ბაზარს ვერაფრით ანაცვლებენ. მათ შორის, ჩინური ბაზარიც კი ვერ გახდა ალტერნატივა. თუმცა, საქართველო აფხაზეთის თემის იგნორირებას ჯიუტად აგრძელებს და ლავროვის ასეთი ვიზიტების შედეგად უფრო წინ იწევს ხოლმე ეს საკითხი.
მეორე საკითხი, რაც მხოლოდ ვარაუდია, არის ის, რომ სირიაში მიყენებულ ამერიკულ დარტყმაზე, სადაც რუსეთი, ფაქტობრივად დაამცირეს, რუსეთი აუცილებლად შეეცდება, გასცეს პასუხი. რუსეთის არსენალისთვის სირიაში პასუხი არის ძალიან შეზღუდული, ფაქტობრივად ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ, რუსები გასცემენ ასიმეტრიულ პასუხს და ამის საშუალება მათ აქვთ სულ რაღაც სამ ქვეყანაში. ეს არის უკრაინა, საქართველო და ავღანეთის ჩრდილოეთი ნაწილი. ეს აჩენს იმის საფრთხეს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდეს რუსეთის სამიზნე. კარგად გვახსოვს, რომ 2008 წელს დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა და რამდენიმე თვეში რუსეთთან ომი მივიღეთ. ეს იყო სწორედ ის ასიმეტრიული პასუხი, რომელსაც რუსეთი დაჰპირდა კოსოვოს აღიარებისთვის დასავლეთს. ამის მსგავსი არ არის გამორიცხული ახლაც. ჩემთვის რთული სათქმელია, კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ეს და რა მოიხარშება კრემლში, მაგრამ შეიძლება იყოს დონბასის შეიარაღებული რაზმების იერიშზე გადასვლა კიევის, ხარკოვის ან მარიუპოლის მიმართულებით, დაახლოებით იგივე სცენარია აფხაზეთსა და ცხინვალთან. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი, ვინც დაზარალდება.
- ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა ბოლო პერიოიდში დაიძაბა. თქვენი შეფასებით, არის თუ არა ამ ორ ქვეყანას შორის ომის დაწყების საფრთხე?
- ჩრდილოეთ კორეამ განავითარა ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც არის ბირთვული იარაღის მიტანის საშუალებები და უკვე საფრთხეს უქმნიან რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის იაპონიას, სამხრეთ კორეას, იაპონიასა და წყნარ ოკეანეში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს. იაპონიის ტერიტორიაზე განლაგებული გახლავთ 23 ამერიკული ბაზა, მათ შორის 5 კუნძულ ოკინავაზე. თუ დავაკვირდებით კანონზომიერებას, ამერიკის ყველა პრეზიდენტი ირჩევს ერთ ქვეყანას, რომელზეც ახორციელებს თავდასხმას. ბილ კლინტონის დროს ეს იყო იუგოსლავია, უფროსი ბუშის დროს - ერაყი, უმცროსი ბუშის დროს - ერაყი და ავღანეთი, ობამას დროს - სირია... როგორც ჩანს, ტრამპი არჩევანის წინაშეა, საით მიმართოს ქვეყნის შეიარაღებული ძალების აგრესია. ეს შეიძლება იყოს ჩრდილოეთ კორეა, ირანი ან ისევ სირია... ამას უახლოეს მომავალში დავინახავთ, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი. აშშ-ის ეკონომიკა ძალიან ხეირობს საომარი მოქმედებებით, ვინაიდან, ნებისმიერი საომარი მოქმედება გულისხმობს დამატებით შეკვეთებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის. არსებული ინფორმაციის ანალიზით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტრამპს აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ამერიკის გემთმშენებლებთან და ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო კონფლიქტი შეიძლება მიზეზი იყოს იმისა, რომ მოხდეს აშშ-ის სამხედრო ფლოტის გადაიარაღება. უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითს მოვიყვან - ერთი ბირთვული ავიამზიდის დამზადება ჯდება 15 მილიარდი დოლარი, რაც საქართველოს ერთი წლის ბიუჯეტზე ბევრად მეტია. ჩრდილოეთ კორეის ფლოტი არის საკმაოდ ძლიერი, მათ გააჩნიათ 700 ხომალდი. აშშ-ს კი მხოლოდ 246 ხომალდი, რაც აჩენს იმის საჭიროებას, რომ ახალი ხომალდები შეუკვეთონ. ვფიქრობ, თუ მოხდა ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ს შორის დაძაბულობა, ეს იქნება ჩრდილოეთ კორეის გარშემო ზღვის აკვატორიაში დაძაბულობა, საზღვაო ინციდენტები, რაც გააჩენს იმის საჭიროებას, რომ აშშ-ის მთავრობამ შეუკვეთოს ახალი ხომალდები და გემთმშენებლებს ახალი მოგებები გაუჩნდეთ.