ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი პროექტის, კინო სკოლაში, ფარგლებში ახმეტასა და პანკისის ხეობას ესტუმრა, სადაც არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი „გაღმა ნაპირი" აჩვენა.
პროექტი კინო სკოლაში მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტი უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და კინოსკოლელებს ყოველ სეზონზე სთავაზობს სიახლეს.
წელს პროექტი აქტიურად ითანამშრომლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „თავისუფალი გაკვეთილების" პროგრამასთან, რაც გულისხმობს იმას, რომ კინოჩვენებებსა და დისკუსიებს კინოსპეციალისტებთან ერთად სკოლის პედაგოგებიც ჩაატარებენ.
პროექტში კინო სკოლაში ჩართული კინოსპეციალისტები კოორდინაციას გაუწევენ და დაეხმარებიან სკოლის პედაგოგებს მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა პროექტის დასრულების შემდეგ სკოლებში გაჩნდეს კომპეტენტური კადრები, რომლებიც დამოუკიდებლად გააგრძელებენ საქმიანობას, სკოლებში ჩამოაყალიბებენ კინო-კლუბებს და იზრუნებენ მოზარდების კულტურულ განვითარებაზე.
პროექტი კინო სკოლაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით მიმდინარეობს. ამჟამად პროექტში ჩართულია 217 სკოლა საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლების სკოლები.