ავტორი ანა ფერაძე
დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა ომბუდსმენმა დავით სალარიძემ „რეპორტიორთან" ინტერვიუში საქართველოში ომბუდსმენის ინსტიტუტის ისტორიაზე ისაუბრა. სალარიძის თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტის შექმნა განაპირობა ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ.
„სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებულია, ციხეში ერთად არიან ერთმანეთს რადიკალურად დაპირისპირებული ძალების წარმომადგენლები და მათი მეთაურები: ზვიად გამსახურდიას მომხრეები - შურღაია, ძიძიგური, ქობალია და სხვები, გვარდიელები კიტოვანის ხელმძღვანელობით და შევარდნაძის ტერაქტში მონაწილე მხედრიონელები ჯაბა იოსელიანის თამადობით. და ყველა სათითაოდ იბრძვის საკუთარი უფლებების დასაცავად. ბუნებრივია, რომ ამ სიტუაციის მოსაწესრიგებლად მედიატორი იყო საჭირო. ამას ემატებოდა ისიც, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომლებისთვისაც ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტული მიმართულება უნდა ყოფილიყო, მაინცდამაინც კანონმორჩილი ხელმძღვანელები არ ედგნენ სათავეში.
უთუოდ ეს მომენტიც გაითვალისწინეს, ის ავტორიტეტიც, რომელიც ამ უწყებებში საქმიანობით მქონდა მოპოვებული და რომელიც გაგვიადვილებდა ისეთი შუალედური გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც დიდ სახელმწიფოებრივ საქმესაც წაადგებოდა და ადამიანის უფლებებსაც არ დაარღვევდა.
ამას ვლაპარაკობ ოცი წლის შემდეგ. დღევანდელი გადასახედიდან ასეთი პოზიცია სრულიად მიუღებელია, რადგან შუალედის ძებნა ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ნონსენსია: ეს უფლებები სრულად და სრულყოფილად უნდა იყოს დაცული.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხალხი არ იცნობდა ადამიანის უფლებათა დეკლარაციას. გათვითცნობიერებული არ ჰქონდა საკუთარი უფლებები. არც ძლიერი მესამე სექტორი არსებობდა მაშინ, და მთელი პასუხისმგებლობა ამ მიმართებით სახალხო დამცველს ეკისრებოდა", - ამბობს დავით სალარიძე.