logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: მსოფლიო გადარჩა...
- +

21 აპრილი. 2017. 21:27


 

ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ მაისაიამ „რეპორტიორთან" ინტერვიუში პარიზში მომხდარი ტერაქტი, თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი და საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები შეაფასა.


 

- გუშინ პარიზში ტერაქტი მოხდა... ბოლო პერიოდში ხშირია პარიზზე თავდასხმები. არის თუ არა რაიმე კონკრეტული ინტერესი და რატომ მაინცდამაინც პარიზი?


- გუშინ პარიზში მოხდა საზარელი ტრაგედია, რომელზეც პასუხისმგებლობა ისლამურმა სახალიფო „დაიშმა" აიღო. ასევე იკვეთება „დაიშის" როლი და მისი დაფინანსება სანკტ-პეტერბურგის ტერაქტში, ძალოვანი სტრუქტურები გავიდნენ თურქეთის მიმართულებაზე, საიდანაც იყო დაფინანსება წამოსული და, რა თქმა უნდა, ეს იყო „დაიშის" კვალი. როგორც მოსალოდნელი იყო, „დაიში" გააქტიურდა და სამწუხაროდ, კიდევ უფრო გაააქტიურებს თავის ქმედებას. ეს გამოწეულია სირიასა და ერაყში განხორციელებული საომარი ოპერაციებით და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მათი პასუხი მათთან მეომარი მხარის დედაქალაქებზე. პარიზი და კიდევ რამდენიმე ევროპული ქალაქი შერჩეულია იმ პრინციპით, რომ პარიზი არის ევროკავშირის მთავარი დედაქალაქი და მამოძრავებელი ძალა. ისინი ამით ცდილობენ, რომ დარტყმა მიაყენონ ევროპის შუაგულს და ევროკავშირის პოლიტიკურ შემცველს. მეორე მხრივ, პარიზში ძალიან ბევრი არალეგალი ემიგრანტია, განსაკუთრებით, არაბული სახელმწიფოებიდან და საკმაოდ ძლიერი პოზიციები უკავიათ არაბებს, რომელთა შორის „ისლამურ სახელმწიფოს" გააჩნია საკმაოდ ძლიერი პოზიციები. რატომ პარიზი, მე მგონი, გასაგებია. ასევე, „ისლამურმა სახალიფომ" ერთგვარად შეცვალა ხელწერა და ის პირდაპირ ახორციელებს დარტყმებს ძალოვან სტრუქტურასა და სამხედრო პირებზე, ანუ იყენებს ჩეჩნეთში მოქმედი კავკასიურ-ისლამური ემირატის ტაქტიკას, რომელებიც ასევე ძირითად დარტყმებს ახორციელებდნენ რუსეთის ფედერალური ძალოვანი სტრუქტურებისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებზე. ესეც ერთგვარი მინიშნების მატარებელია და მიმართულებასაც განსაზღვრავს. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ახორციელებენ საომარ მოქმედებებს, ამით ისინი ხაზს უსვამენ, რომ ებრძვიან იმ სამხედროებს, რომლებიც თავის მხრივ, როგორც ისინი ფიქრობენ, მონაწილეობენ მათი ტერიტორიების დაბომბვისა და დაკავების ოპერაციებში.


- თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმს როგორ შეაფასებთ?


- თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი არის არაერთგვაროვანი. რეფერენდუმი, რა თქმა უნდა, იყო ლეგიტიმური. მას გარკვეულწილად სამართლებრივი შედეგი გააჩნია, მაგრამ მისი პოლიტიკური ლეგიტიმაცია დიდი არ არის. შედეგებში სხვაობა იყო დაახლოებით 2% და დღესაც, თურქეთში საკმაოდ დიდი მღელვარება და პოლიტიკური პროტესტია, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც. ისინი ამ რეფერენდუმს უნდობლობას უცხადებენ. რეფერენდუმის ჩატარების პროცესს უნდობლობა გამოუცხადა ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიამ და ბევრმა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოხატა პირდაპირი კრიტიკა, რაც მოულოდნელი არ უნდა იყოს.


- რა გავლენა ექნება რეფერენდუმის შედეგებს საქართველოზე?


- თუ რეფერენდუმის შედეგები შეტანილ იქნება დღის წესრიგში და მიიღებს კონკრეტული იმპლემენტაციის მიმართულებას, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ აისახება ჩვენზეც. ნურავინ  მოიტყუებს თავს, რომ მეზობელ სახელმწიფოში მიღებულ ასეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არავითარი შედეგი არ ექნება, ეს არის სირაქლემას პოზაში ყოფნა, რასაც, სამწუხაროდ, საქართველო მიეჩვია. რა თქმა უნდა, გავლენა ექნება, ისევე როგორც 2004-2006 წლებში რუსეთში მომხდარი ადმინისტრაციული და პოლიტიკური მოდერნიზაციის რეფორმა აისახა ჩვენს ბედზე. თურქეთი ძირფესვიანად ცვლის თავის პოლიტიკური მართვის სისტემას. პრეზიდენტი ხდება ერთადერთი უპირობო მმართველი. მითუმეტეს, როცა მმართველ პარტიას გააჩნია კონკრეტული იდეოლოგიური პლატფორმა (რომელიც, არ მგონია, ჩვენთვის კარგის მომტანი იყოს), რაც დაახლოებით იგივეა, რაც ოსმალეთის იმპერიის მასშტაბების აღდგენა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მას თავისი შედეგები ექნება. ეს გამოჩნდა ერდოღანისა და მისი მომხრეების ლატენტურ პოლიტიკურ განცხადებებში აჭარასთან მიმართებაში. ამან, შესაძლოა თავისი ასახვა პოვოს აფხაზეთის მიმართულებითაც და საქართველოს სხვა რაიონებში, სადაც გარკვეული კონფესიის  წარმომადგენლები ცხოვრობენ. თუნდაც, ილდირიმის მოულოდნელი ვიზიტი ბათუმში და მისი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან აეროპორტში დახურულ კარს მიღმა. როდესაც სტრატეგიული პარტნიორისა და მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩამოდის და ეს არ შუქდება, ბუნებრივია, იწვევს გარკვეულ ინსინუაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ, როგორც ჩანს, საუბარი იყო არა ისეთი მეგობრული, როგორიც უნდოდათ, რომ წარმოეჩინათ. თან შეხვედრის ადგილი იყო აეროპორტი, მაშინ, როდესაც ბათუმში ძალიან ბევრი სასტუმრო და სახელმწიფოებრივი შენობაა. ასევე ერდოღანის მომხრეების მიერ საქართველოში გიულენის მომხრეების კვალის დადგენა და ამ მხრივ ერთგვარი პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება საქართველოს ხელისუფლებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ თურქეთის შიდა პოლიტიკური პროცესების გადმოდინება ხორციელდება საქართველოში. სანამ რეფერენდუმი ჩატარდებოდა, ასეთ ურთიერთობამდე მივედით და რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, როდესაც მთლიანად შეიცვლება პოლიტიკური არქიტექტურა და საგარეო პოლიტიკისადმი მიდგომები, შემდეგ რა იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ. ვიმეორებ, სირაქლემას პოზაში ყოფნა ჩვენი ქვეყნისთვის არამომგებიანია.


- უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს... რა მოლოდინები გაქვთ?


-  უნგრეთის მხარემ, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, შესაძლოა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადოს და ევროკავშირში ჩვენს პოზიციებს, ბუნებრივია, გაამაყრებს. თავის დროზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არ გამოირჩეოდა რბილი, დემოკრატიული მმართველობის ფორმით. თავის ქვეყანაშიც დიდი პრობლემები აქვს. ევროკავშირის ხელმძღვანელობასთანაც რთული ურთიერთობები აქვს. მისი მმართველი გუნდის ბოლოდროინდელი მცდელობები, რომ დახუროს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი და სოროსის წარმომადგენლების მიმართ გამოხატავს არალოიალურობას, ეს ინდიკაციები არ წამოაჩენს ამ პოლიტიკოსს დადებითი კუთხით. თუმცა, ბუნებრივია, რომ მას აქვს მაღალი რეიტინგი და დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ვიქტორ ორბანის მრჩეველი იყო პოლიტიკური ჯალათი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის მთავარი არქიტექტორი იყო; ასევე მას საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან. ამიტომ, ეს ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. ძირითადად, ეს ვიზიტი არის ალბათ, უფრო ფორმალური ხასიათის. შესაძლებელია, რომ საქართველოს წაადგეს ტურისტებისა და საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნითაც, რადგან უნგრეთს გააჩნია საკმაოდ მძლავრი ფინანსურ-ეკონომიკური პოტენციალი და ამ კუთხით მაინც უნდა გამოვიყენოთ მისი გამოცდილება.


- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რამდენიმე დღის წინ სოხუმში იმყოფებოდა, მისი ვიზიტის ოფიციალური მიზეზი საელჩოს შენობის გახსნა იყო. თქვენი აზრით, რა შეიძლება ყოფილიყო არაოფიციალური მიზეზი?


- სერგეი ლავროვის ვიზიტი მიმართული იყო საქართველოში ორი მესიჯის გაჟღერებისაკენ. პირველი, რუსეთმა ლავროვის სახით პირდაპირ შემოგვითვალა, რომ ჩვენი NATO-ში ინტეგრაციისკენ სწრაფვა ხელს შეუშლის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პროცესს. ეს ლავროვმა NATO-ს სამიტის ჩატარების წინ პირდაპირ დააფიქსირა, რაც სიმბოლურია. მეორე და მთავარი მესიჯი, რაც მან არც დამალა - აფხაზეთში რკინიგზის გახსნის იმპერატიული მოთხოვნა. ეს სიტყვები გაიმეორა ასევე აფხაზეთის თვითმარქვია პრეზიდენტმა ხარჯიმბამაც, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ აფხაზეთის რკინიგზის განხილვის გარეშე საქართველოსთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ბუნებრივია, რუსეთი პირდაპირ არის დაინტერესებული რკინიგზის ხაზის გახნითა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სარკინიგზო კორიდორის ამოქმედებით. მას გაჩნია არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ გეოსტრატეგიული მიზნები. სხვათაშორის, საინტერესო გარემოება ის არის, რომ სერგეი ლავროვის ვიზიტს უცნაურად დაემთხვა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი. მანაც იმავე თემაზე გაამახვილა ყურადღება, ოღონდ სხვა სიტყვებითა და სხვა ფორმით.


სარკინიგზო კორიდორი რუსეთს სჭირდება იმის გამო, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ცნობილი გეოპოლიტიკური კოალიცია, სადაც შედის რუსეთი, ირანი, ასადის რეჟიმი და ერაყი; ასე რომ, ბუნებრივია, ამას რუსეთი აღმოსავლეთის ექსპანსიის განვითარებისთვის გამოიყენებს.


ამ სარკინიგზო ხაზის არსებობის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ირანის მხარემ სურვილი გამოხატოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში  გაწევრიანებაზე. სხვათაშორის, თეირანმა ამას არაერთხელ გაუსვა ხაზი. მითუმეტეს, ირანს ეკონომიკური სანქციები მოეხსნა და მისი გააქტიურება თუნდაც აზიისა და ევროპის მიმართულებით, მომგებიანი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ასევე დაკავშირებულია ევრაზიულ კავშირში სომხეთის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის კუთხით. მოგეხსენებათ, სომხეთი ევრაზიულ-ეკონომიკური კავშირის მონაწილე ქვეყანაა, მას გააჩნია ვალდებულებები, რომლებიც უნდა შეასრულოს და ბუნებრივია, გარკვეულწილად  შეზღუდული კომუნიკაცია ხელს უშლის ასეთი ინტეგრაციული პროცესების განვითარებას. ასე რომ, ლავროვის ვიზიტი პირდაპირპროპორციული იყო სწორედ ამ პრობლემის ნათლად და მკაფიოდ დაყენების კონტექსტში.


- ამერიკასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ბოლო პერიოდში საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა. არის თუ არა საფრთხე, რომ სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს?


- რა თქმა უნდა, არის, მაგრამ მსოფლიო გადარჩა იმით, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობას ბალისტიკური სტრატეგიული დანიშნულების რაკეტების გამოცდის მორიგი ტესტი ჩაეფუშა  და აშშ-მ თავი არ შეიწუხა, რომ ზუსტი დარტყმები განეხორციელებინა ჩრდილოეთ კორეის იმ ობიექტებზე, სადაც აღნიშნული ბალისტიკური რაკეტა იყო განთავსებული. ამერიკას გააჩნია თავისი სტრატეგიული სასიცოცხლო ინტერესები, რომლის განხორციელებისთვის ის ყველაფერზე წავა. მათ შორის, თუნდაც ამ დარტყმების მიყენებაზე იმ არაორდინარულ ქვეყანაზე, რომელსაც კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ეწოდება. ჩრდილოეთ კორეა არის საკმაოდ არაპროგნოზირებადი და საშიში ქვეყანა და თუ მას ბირთვულ იარაღთან ერთად გაუჩნდება მისი გადატანის საშუალება, თუ წარმატებით განახორციელებდა ამ გამოცდას, ამერიკა ყველაფერზე წავიდოდა, რომ გაენადგურებინა ეს რაკეტა. დონალდ ტრმპი არ ხუმრობდა, როდესაც მან გააგზავნა სტრატეგიული დამრტყმელი საზღვაო ჯგუფი, რათა განეხორციელებინა აღნიშნული ოპერაცია. უბრალოდ, ამ ტესტის ჩაფუშვამ მთელი მსოფლიო გადაარჩინა კორეაში განვითარებულ მცირე ომს, მათ შორის ჩვენც. თუ ჩრდილოეთ კორეა ასე გააგრძლებს და ამ მიმართულებით პროგრესს მიაღწევს, დარტყმები გარდაუვალი იქნება.


- ამ შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელია, სხვა ქვეყნების ჩართულობასაც ველოდოთ?


- ყველაზე რთული არის დაწყება, თორემ ჩათრევა გაცილებით იოლია. სხვათაშორის ჩრდილოეთ კორეის ეს ამბიციები მაინცდამაინც არ ახარებს მის მთავარ სპონსორს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, რომელმაც ტრამპის ხელისუფლებას გამოუცხადა ერთგვარი სოლიდარობა. მაგრამ მეორე მხრივ, საინტერესო იყო ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების ერთობლივი წვრთნა მექსიკის ყურეში, რამაც მექსიკა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნები შოკში ჩააგდო და ამერიკელებიც გააოცა. არ გამოვრიცხავ, რომ ამან გადააფიქრებინა აშშ-ის ადმინისტრაციას, განეხორციელებინა ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით დარტყმები. ჩინეთის დუალისტური ბუნება ყველასათვის ცნობილია, ჩინეთი არის აზიის საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო და იყენებს აზიურ დიპლომატიას. ერთი მხრივ, ჩინეთი შეცბუნებულია და მღელვარებას გამოხატავს კორეის ბირთვული ამბიციების გამო, მაგრამ მეორე მხრივ, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩრდილოეთ კორეა ჩინეთის სტრატეგიული მოკავშირეა, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების მოცულობა ბოლო მონაცემებით შეადგენს 18 მილიარდ დოლარს და ჩინეთის დახმარებით ჩრდილოეთ კორეამ მიაღწია იმ სიძლიერეს, რომლითაც დღეს ცდილობს თავისი სამხედრო პოტენციალის გაზრდას. აქედან გამომდინარე, დღეს ფაქტობრივად რაციონალური კუთხით მოხდა ამ კონფლიქტის გადაჭრა, მაგრამ ხვალ და ზეგ როგორ განვითარდება, დამოკიდებულია ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტის გამოცდის წარმატება-წარუმატებლობაზე.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner