logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: იმედია, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცედურები მალე დასრულდება
- +

2 აპრილი. 2016. 11:16


საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრი ავრამოპულოსთან შეხვედრის დაწყებამდე  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არჩევნები ვიზა-ლიბერალიზაციისთვის წინაპირობას არანაირად არ წარმოადგენს.



მისივე თქმით, ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების პროცესი დაკავშირებულია პროცედურებთან, რაც რამდენიმე თვის საქმეა.


 

ძალიან მნიშვნელოვანია ბატონი ავრამოპულოსის ვიზიტი საქართველოში. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები ახალ დონეზე გადადის. ამ მიმართულებით ეს არის დადასტურება იმ შრომისა, რომელიც საქართველომ გაწია, რათა თავისი საემიგრაციო პოლიტიკა მოეყვანა შესაბამისობაში ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასთან. ჩვენ განვახორციელეთ საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები. დღეს მოგვეცემა შესაძლებლობა, ვისაუბროთ ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ვიზა-ლიბერალიზაცია. ბატონმა ავრამოპულოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის კუთხით", - განაცხადა  ჯანელიძემ.



მინისტრის თქმით, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრების ქმედებები აქტიურად არის მიმართული იქით, რომ მაქსიმალურად შემცირდეს რისკები, რაც შეიძლება უარყოფით გადაწყვეტილებასთან იყოს დაკავშირებული. ჯანელიძის მტკიცებით, დღეს არ არის არანაირი მიმართულების რისკი, რომელიც ხელს შეუშლის ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების გადაწყვეტილებებს. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მინისტრები მუშაობენ თავიანთ კოლეგებთან, საუბრობენ ამ საკითხზე.


 

„მე ვმართავ ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში, ვხვდები ჩემს კოლეგებს. ისინი ჩამოდიან საქართველოში და არც ერთ შეხვედრაზე არ დასმულა ისეთი პრობლემა, რაც ხელს შეუშლიდა ვიზა-ლიბერალიზაციის გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენი შს მინისტრი იმყოფებოდა საფრანგეთში, ახლა იმყოფება გერმანიაში იმისათვის, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა და არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშნები ამ საკითხზე. იმედს ვიტოვებთ, რომ პროცედურები მალე დასრულდება და საქართველო დროულად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას", - აღნიშნავს  მიხეილ ჯანელიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner