ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიზნობრიობა შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ და გამოიძიონ.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან" საუბარში, კოკა ყანდიაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დღევანდელი ხელმძღვანელის, ვასილ მაღლაფერიძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ბოლო ათი წლის განმავლობაში ტელევიზიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 450 მილიონი ლარია გახარჯული და ეს იმ ფონზე, როდესაც არხის კონკურენტუნარიანობა და რეიტინგი დაბალი იყო.
„აღნიშნული 450 მილიონი ლარი ჩვენი ღარიბი ქვეყნის მოსახლეობამ გადახდილი გადასახადების სახით ამოიღო ჯიბიდან და „საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისცა, რომელმაც 10 წლის განმავლობაში თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა და ვერაფერი შემოგვთავაზა გარდა მდაბიო პროდუქციისა.
რაც შეეხება 450 მილიონს, ეს ძალიან პირობითი რიცხვია, სინამდვილეში კი ამ თანხას მინიმუმ 200 მილიონი უნდა მივუმატოთ, რადგან ეს 450 მილიონი მხოლოდ საბიუჯეტო თანხაა, ტელევიზიას კი საკუთარი, საკმაოდ სოლიდური შემოსავალი გააჩნია, იქნება ეს რეკლამიდან და სპონსორობიდან შესული თანხები, იჯარით გაცემული პავილიონების ქირა თუ კონკრეტული პროექტების დაფინანსება", -განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.
ჟურნალისტის თქმითვე, გარდა თანხების ხარჯვისა, შესასწავლია ტელევიზიის სხვა უძრავ-მოძრავი ქონების საკითხებიც, რადგან „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბევრი აქტივი გამქრალია.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბევრი სხვა ქონება, - მიწები, შენობები, დღეს ამ ტელევიზიას აღარ ეკუთვნის. მაგალითისთვის გეტყვით, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" ჰქონდა ობიექტები მცხეთაში და საგურამოში. დღეს ეს ობიექტები მის საკუთრებაში აღარაა, აგრეთვე, „საზოგადოებრივ მაუწყებელს" აღარ ეკუთვნის თბილისის ცენტრში იმ მიწის დიდი ნაწილი, რომელსაც ის ფლობდა და სადაც დღეს ტელევიზია ფუნქციონირებს. ძალიან მიკვირს რომ ამ საქმეებს არავინ იძიებს და სურვილიც არ აქვთ გამოიძიონ. ძალიან საინტერესოა რატომ არ ინტერესდება პროკურატურა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" კუთვნილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობით და მის საკუთრებასი არსებული უძრავი ქონების გაქრობით" ,- განაცხადა ყანდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო10 წლის განმავლობაში „საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორები იყვნენ თამარ კინწურაშვილი, რომელიც გიგა ბოკერიას კადრად მოიაზრებოდა და ტელევიზიიდან წასვლის შემდეგ ჯერ მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად, მოგვიანებით კი გიგა ბოკერიას მოადგილედ მუშაობდა უშიშროების საბჭოში.
კინწურაშვილი მოგვიანებით ლევან ყუბანეიშვილმა შეცვალა, ხოლო მის შემდეგ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" გია ჭანტურია, მოგვიანებით კი გიორგი ბარათაშვილი ხელმძღვანელობდა.