„სასურველია, სამთავრობო ზონა გასული იყოს ისეთ ადგილზე, რომ არ იყოს წამოგებული ქალაქის უმთავრეს არტერიებზე", - განაცხადა არქიტექტორმა გიგა ბათიაშვილმა „სითი კვირასთან" საუბრისას.
გიგა ბათიაშვილი დადებითად აფასებს თბილისში სამთავრობო ქალაქის მოწყობის იდეას, თუმცა საქართველოს მთავრობას ტერიტორიის არჩევანს უწუნებს და აცხადებს, რომ ასეთი ქალაქი არა ორთაჭალაში, არამედ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, საჯეირნოზე უნდა მოეწყოს, რომელიც ასევე საუკეთესო სარეკრეაციო ზონაა ტურისტული პერსპექტივებით.
მისი თქმით, სასიხარულოა, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში სამთავრობო ზონის საკითხი რომ წამოჭრა, თუმცა სამთავრობოს მიერ შერჩეული ადგილი, ჯერ ერთი, წარმოადგენს საავტომობილო საქარავნო გზის ღერძზე წამოცმულ ზონას, მეორე - ეს ზონა არ არის განვითარებადი, თუმცა შესანიშნავია შერეული ფუნქციებისთვის, სკვერებისთვის, პარკებისთვის, საცხოვრებლისთვის, ადმინისტრაციული შენობებისთვის, სავაჭრო ორგანიზაციებისთვის. სამთავრობო ზონას კი, განვითარების შესაძლებლობა სჭირდება.
„თბილისი ვიწრო ქალაქია, მისი ცხოვრების მაჯისცემა ძალიან კარგად ისმის იქ, სადაც სამთავრობო ზონაა. საპროტესტო გამოსვლების დროს პარალიზებულია სამთავრობო დაწესებულებები. ეს დისკომფორტს უქმნის განსხვავებული პოზიციის მქონე მოქალაქეებს. ამიტომ სასურველია, სამთავრობო ზონა გასული იყოს ისეთ ადგილზე, რომ არ იყოს წამოგებული ქალაქის უმთავრეს არტერიებზე. სად გავაწესოთ ეს ზონა? აი, აქ ვერ ვეთანხმები მთავრობის მიერ წამოყენებულ წინადადებას. ყველა თვალსაზრისით, პერსპექტიულია თბილისის ზღვის ჩრდილო-დასავლეთი მხარე. ანუ საიდანაც ავდივართ თბილისის ზღვაზე, იმის საპირისპირო მხარეს, ბიბლიური პეიზაჟია, იქ თავისებური სიმშვიდეა. საბედნიეროდ, არ არის განაშენიანებული. ძალიან ადვილად უკავშირდება სამი მეტროსადგურით, გარშემო გზით და, თუ ბარათაშვილის ქუჩიდან ერთ პატარა, 70-მეტრიან მონაკვეთს გავჭრით, ჩვენ 10 წუთში ვიქნებით იქ", - განმარტა გიგა ბათიაშვილმა.
იგი მზადყოფნას გამოთქვამს, დეტალებში გააცნოს მთავრობას ამ პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.