ბელარუსში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში 23-წლამდელთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრები 10 წევრითაა წარმოდგენილი.
პირველად ისტორიაში რაპირით ფარიკაობაში საქართველოს ნაკრების წევრი ლუკა ღაღანიძე ოთხ საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა და, საბოლოოდ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლუკა ღაღანიძემ ჯგუფში ექვსივე შეხვედრა მოიგო, შემდეგ ეტაპზე კი ხორვატი, პოლონელი და რუსი (მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი) მეტოქეები დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალი რუსეთის წარმომადგენელ კირილ ბოროდაჩევთან დათმო 6-15.
როგორ ღაღანიძე აღნიშნავს, მედლის მოპოვება მისი უმთავრესი მიზანი იყო.
„ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ეტაპი ბელარუსში გავიარეთ. მედლის მოპოვება ჩემი უმთავრესი მიზანი იყო. ვცდილობდი, თითოეულ მეტოქესთან მობილიზებული ვყოფილვიყავი, რამაც საბოლოო შედეგამდე მიმიყვანა. შედეგით გახარებული ვარ, მაგრამ არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას. მინდა, რომ ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში უფრო მაღალ საფეხურებზე ავიდე", - ამბობს ღაღანიძე.
მოფარიკავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე კი აცხადებს, რომ საქართველოს კიდევ 2 მედლის მოპოვების შანსი აქვს.
„ლუკა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული მოფარიკავეა. მისგან მედალს ველოდით და იმედებს ვამყარებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზებს. რაც შეეხება ზოგადად ნაკრებს, მან კარგი საწვრთნელი შეკრება გაიარა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტის სამინისტროს. ველოდებით კიდევ ორ მედალს მიხეილ მარდალეიშვილისგან და გუნდურში ხმლით მოფარიკავეებისგან", - აცხადებს ბაზაძე.