საქართველოს პროკურატურა პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში აგრძელებს კამპანიას - „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები". აღნიშნული კამპანიის ფარგლებში თელავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მოსახლეობასთან, სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან სატრანსპორტო დანაშაულების და ადმინისტრაციული გადაცდომების პრევენციის მიზნით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო დანაშაულის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ. ასევე განიხილეს ისეთი სახის ავტოსაგზაო შემთხვევები, რომლებსაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
შეხვედრის მონაწილეებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულმა უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, საკუთარი განცდები გაუზიარა. მან განმარტა, რომ ავტოავარიის შედეგად მიღებული უმძიმესი ტრავმების გამო ჯანმრთელობა შეერყა, მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო და ჩამორჩა სასწავლო პროცესს.
კამპანია - „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესების" ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახის წევრებმა იმ ტკივილსა და განცდაზე ისაუბრეს, როდესაც ოჯახის წევრი ავტოავარიის შედეგად სახლში აღარ დაბრუნდა. შეხვედრაზე სატრანსპორტო დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა პირმა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებასა და სასჯელთან ერთად მძღოლის მორალურ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.
ღონისძიების დასასრულს პროკურატურის მიერ 50-წლიანი მძღოლობის გამოცდილების მქონე ადგილობრივ მკვიდრს რომან მიქაძეს, რომელსაც არასდროს მოუხდენია ავტოსაგზაო შემთხვევა და არ შეუქმნია საავარიო სიტუაცია, საჩუქრად ვიდეორეგისტრატორი გადაეცა.
საქართველოს პროკურატურა კამპანიას - „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები" პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ახორციელებს და მისი მიზანია მოსახლეობისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე და ქმედებებზე ინფორმირება, სატრანსპორტო დანაშაულზე ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.