„პანისლამისტური იდეოლოგია გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის დროს არსებული გავლენების აღდგენას მიმდებარე ტერიტორიებზე, აქ არ იგულისხმება, რომ პირველ რიგში აუცილებლად სამხედრო პოლიტიკის გზით მოხდება", - განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ, გაზეთ „ახალ თაობასთან" საუბრისას.
„თურქეთში სერიოზული საკონსტიტუციო ცვლილებები გატარდება. ეს ცვლილებები მოფიქრებულია იმისთვის, რომ ერდოღანმა ხელისუფლება შეინარჩუნოს რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში. ეს არ არის განსაკუთრებული მოვლენა, რუსეთშიც მოხდა ამდგვარი რამ და სხვაგანაც. თავისთავად არ არის სწორი, მაგრამ ასე ხდება. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომელი პოლიტიკური იდეოლოგიის წარმომადგენელია მმართველი ძალა თურქეთში. ამ პოლიტიკურ იდეოლოგიას ჰქვია პანისლამიზმი. თუ ადრე არსებობდა იდეოლოგია პანთურქიზმი, რომლის ერთ-ერთი მამამთავარი ქემალ ათათურქი იყო, ერდოღანის მმართველობის მეორე ნახევარში ეს შეიცვალა პანისლამისტური იდეოლოგიით, რაც გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის დროს არსებული გავლენების აღდგენას მიმდებარე ტერიტორიებზე, იმ ტერიტორიაზე, რომლის ფარგლებშიც არსებობდა ოსმალეთის იმპერია. ეს არის ერაყი, სირია, არაბული სამყაროს ნაწილი, ეს არის ბალკანეთის რეგიონი, კავკასიის რეგიონი და ა.შ. აქ არ იგულისხმება, რომ პირველ რიგში აუცილებლად სამხედრო პოლიტიკის გზით მოხდება. უნდა მოხდეს ეკონომიკურ-ჰუმანიტარული გზით და შემდეგში ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ აქტივობას თან ახლავს პოლიტიკური მიზნები", - განმარტა მამუკა არეშიძემ.