„საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების კომპონენტის მხარდასაჭერად, ევროპის საინვესტიციო ბანკთან 2017 წლის ივლისში, ახალ 250 მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. აღნიშნული ინვესტიციები მიმართული იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან (Vazil Hudak) შეხვედრის შემდეგ.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, გასული, 2016 წლის განმავლობაში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააორმაგა ინვესტიციები საქართველოში და მისმა პორტფელმა 1 მლრდ ევროს მიაღწია.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „მნიშვნელოვანია, ევროპის საინვესტიციო ბანკის გააქტიურება კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. აღნიშნული ბანკის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა „InnovFin-ის" პროგრამაში ჩართვა, რომელიც განკუთვნილია ინოვაციური და დამწყები ბიზნესების დაფინანსებისთვის".
პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც, მან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
ვიზიტის დროს, დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და საინვესტიციო კორპორაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.