„2016 წელს ფუნქციონირება დაიწყო შვიდმა ახალმა საბავშვო ბაღმა, ჯამურად, დამატებით 5500 აღსაზრდელის მიღება შევძელით", - განაცხადა თბილისის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.
„მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში გავატარეთ სხვადასხვაგვარი რეფორმა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ახალი, თავისუფალი ადგილების აღმოჩენა ბაღების ასაშენებლად, რის შედეგადაც უკვე აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა რამდენიმე ახალი ბაღი. მოქმედი საბავშვო ბაღების შენობებში კი, წლების განმავლობაში უმოქმედო ჯგუფების განახლებისა და გარემონტების შედეგად, მოხდა დამატებითი ჯგუფების შექმნა, რამაც საშუალება მოგვცა, მიგვეღო ახალი ნაკადი. გაიხსნა 100-ზე მეტი დამატებითი ჯგუფი, 2016 წელს კი ფუნქციონირება დაიწყო შვიდმა ახალმა საბავშვო ბაღმა, ჯამურად, დამატებით 5500 აღსაზრდელის მიღება შევძელით. ამავდროულად, წელს დასრულდება 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და დაიწყება 8 ახალი საბავშვო ბაღის შენება. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, უზრუნველყოფს როგორც დამატებითი ნაკადის მიღების შესაძლებლობას, ასევე მოქმედ ჯგუფებში ბავშვების რაოდენობის განტვირთვას" , - აღნიშნა თემურ თორდინავამ.