საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი სამეგრელოს რეგიონში განსახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი როინ ქარცივაძის 8-სულიან ოჯახს ესტუმრა. ქარცივაძეების სოციალურად დაუცველ ოჯახში 5 მცირეწლოვანი წევრია. სამინისტრომ სტიქიით დაზარალებული ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლი სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში შეისყიდა. მრავალშვილიანი ოჯახი, კერძო სახლის გარდა, 7500მ2 მიწის ნაკვეთის მფლობელიც გახდა, რაც მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
სოზარ სუბარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ელგუჯა ჭითანავას ოჯახსაც შეხვდა. 4-სულიან ოჯახს სტიქიამ საცხოვრებელი სახლი ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში დაუნგრია. ჭითანავების ოჯახს სამინისტრომ საცხოვრებელი სახლი ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში შეუძინა.
მნიშვნელოვანია, რომ ეკომიგრანტი ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს თავისი სურვილის მიხედვით არჩევენ.
2012 წლიდან დღემდე სამინისტრომ საცხოვრებელი სახლი 160 ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა, მათ შორის 30-ს სამეგრელოს რეგიონში.