„საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) გააძლიერებს ისეთი მიმართულებების დაფინანსებას, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ტურიზმი, საფინანსო სექტორი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტ დიმიტრის ციცირაგოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოს ეკონომიკის აღნიშნული სექტორების ლარში დაფინანსებისთვისა და ქვეყნის მთავრობის ლარიზაციის გეგმის მხარდასაჭერად, ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას განიხილავს.
დღემდე, კორპორაციას საქართველოს კერძო სექტორში, 59 პროექტში 1,64 მლრდ აშშ დოლარი აქვს ინვესტირებული.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.