logo_geo
eng_logo
ემზარ ჯგერენაია: ბიუჯეტში შემოსავლები არნახულად მაღალი ტემპით არის მობილიზებული...
- +

22 აპრილი. 2017. 21:28




ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ „რეპორტიორთან" ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლარის მყარი კურსი ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებითაა გამოწვეული.

 

- ბოლო პერიოდში ლარი გამყარდა, რამ გამოიწვია ეს და როდემდე შენარჩუნდება დღეს არსებული კურსი?


- ბოლო პერიოდში ლარი ნაკლებად ვალატიურია და ბუნებრივია, ეს გამოწვეულია ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებით. ეს არის ექსპორტისა და ტრანსფერების ნაწილში ზრდა, ტურიზმის ნაწილში საკმაოდ სერიოზული ნაკადების შემოდინება და ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი არის საბიუჯეტო სიტუაციის გამოსწორება - არნახულად მაღალი ტემპით არის მობილიზებული შემოსავლები ბიუჯეტში და ბუნებრივია, ამან თავისი გავლენა იქონია. ამ ყველაფერს დაემატა სეზონური ფაქტორები. პირველი კვარტლის ბოლოს, 1 აპრილამდე, არის 2016 წლის მოგების გადასახადის მობილიზაციის ვადა, ამან დამატებით უზარმაზარი მოთხოვნა გააჩინა ლარზე და დოლარზე მოთხოვნის ნაკლებობა არის მთავარი მიზეზი.


გარეფაქტორებიდან აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ევროპამ გაუმკაცრა სანქციები, რუსეთის ეკონომიკა მაინც უმჯობესდება, რუბლის კურსი გამყარდა და მათი სავაჭრო დეფიციტი შემცირდა. სავაჭრო პარტნიორებთან არსებულმა გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ ჩვენ მოგვცა საშუალება, რომ უკეთესი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ვაჩვენოთ, იგივე მოხდა აზერბაიჯანში, მეტ-ნაკლებად არეული სიტუაციაა თურქეთში, მაგრამ ვალატიურობა ლირამ შეწყვიტა.


მინდა გითხრათ, რომ არავალატიური კურსი აისახება ბიზნეს-განწყობილებაზე. როცა ლარი ვალატიური იყო და ქანქარასავით მოძრაობდა, ეს აფრთხობდა ბიზნესმენებს. დღეს მყარი ლარი ბიზნესს იმის საშუალებას აძლევს, რომ გადადგან ნაბიჯები. ჩვენ აპრილის ბოლოს, მაისში ეკონომიკის მეტ ზრდას ველოდებით და შესაბამისად, ბიზნესის უფრო გააქტიურებას

 

- ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაზრდილია. რამდენად ელოდებით 2017 წლის ბოლომდე მაჩვენებლის გაზრდას?


- სავალუტო ფონდთან მიმართებით საქართველომ ნაბიჯი გადადგა. ჩამოყალიბდა მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოები იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ და რამდენ ხანში. ამან საშუალება მოგვცა, რომ გავაუმჯობესოთ ფისკალური და მონეტარული ნაწილი.


არ ვამბობ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, თუმცა შენარჩუნდება. თუ 4%-იანი ზრდა შენარჩუნდა წლის ბოლომდე, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იქნება, რა თქმა უნდა, არასაკმარისი, მაგრამ კარგი. მაისის თვეში ველოდებით, რომ სავალუტო ფონდი კიდევ ერთხელ გადახედავს თავის პროგნოზს, თუმცა, ის მაჩვენებელი, რაც დღეს არის, ანუ 4%, საკმაოდ დადებითი მაჩვენებელია რეგიონშიც და, მემგონი, მსოფლიოშიც.



- ნავთობის ფასის ზრდა რამ გამოიწვია და რაზე მოახდინა ამან გავლენა?


- ნავთობის ფასის პირველი ძვრა მოხდა აქციზის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებით, ეს ბუნებრივია, ხოლო მეორე ზრდა ბოლო ხანებში მოხდა, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი, რომელიც საკმაოდ ვალატიურია, 55 დოლარამდე ავიდა. რაც შეეხება იმას, თუ რაზე მოახდინა გავლენა ნავთობის ფასის ზრდამ, გეტყვით, რომ ყველაფერზე.


ნავთობი ძირითადი მდგენელი გახდა იმ ინფლაციური თარგეთის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ამის ზევით ამ წელს ინფლაციურ ზრდას არ ველოდებით.


- თურქეთში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც ქვეყანა საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა. თქვენი აზრით, მმართველობის ცვლილება თუ მოახდენს თურქეთში მცხოვრებ ქართველთა მდგომარეობაზე გავლენას?


- თურქეთი, ერთი შეხედვით, აშკარად დიქტატურისკენ მიდის, მაგრამ, მეორე მხრივ, მას ჰქონდა შიდა პრობლემები, რასაც მთავრობამ ერთიანი ან, თუნდაც ნახევრად დიქტატორული რეჟიმი დაუპირისპირა.


არამგონია, თურქეთის მიმდინარე პროცესებმა ცუდი გავლენა იქონიოს ქართველების სამუშაო ადგილებზე, თურქ ერს საკმაოდ დადებითი ურთიერთობა აქვს ქართველებთან. არც იმ სავაჭრო ურთიერთობებზე მოახდენს გავლენას, რომელიც ჩვენსა და თურქეთს შორის არსებობს. მგონი, პირიქით მოხდება და თურქეთი ბევრად წყნარი და მშვიდი ქვეყანა გახდება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner