logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: უახლოეს თვეებში ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება
- +

2 აპრილი. 2016. 13:25


ვიმედოვნებთ, უახლოეს თვეებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით მგზავრობის ნებართვას მიიღებენ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


პრემიერმა  დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.


მოხარული ვარ, რომ ბატონი დიმიტრის ავრამოპულოსი თავისი პირველი ვიზიტით ეწვია საქართველოს - მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებზე ევროკომისრის რანგში. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ავრამოპულოსს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის. განსაკუთრებით მადლობელნი ვართ, რომ ევროკომისიამ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უაღრესად პოზიტიურად შეაფასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო მგზავრობის შემოღების მიზნით, ცალკე საკანონმდებლო პროცესის ინიცირება მოახდინა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


მისივე თქმით, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული ეს პროგრესი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი სათანადოდ აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას და გატარებულ რეფორმებს კონკრეტული შედეგი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.


ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტოდ მასშტაბური სამუშაო გასწია და ყოვლისმომცველი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები განახორციელა. ვიმედოვნებთ, უახლოეს თვეებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით მგზავრობის ნებართვას მიიღებენ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.


მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეს არის ხანმოკლე მგზავრობის ნებართვა და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ნებართვას მუშაობის თაობაზე.


მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს განიხილავს ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო. კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ისინი იხელმძღვანელებენ ევროკომისიის შეფასებით და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნება საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოსა და მიღწეული პროგრესის საფუძველზე.

 

ამ პროცესში ჩვენ კვლავ გვაქვს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებზე ევროკომისრის, ბატონი ავრამოპულოსის მტკიცე მხარდაჭერა. ვისაუბრეთ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, რათა სათანადოდ ვიყოთ მზად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოსაღებად. ასევე ევროკომისართან საუბარი გვქონდა იმ გამოწვევებზე უსაფრთხოების კუთხით, რომელიც რეგიონში არსებობს და ხაზი გავუსვით კიდევ ერთხელ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ მიმართულებით კოოპერაციის მნიშვნელობას. ვისაუბრეთ ასევე საქართველოს მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი რეფორმების მნიშვნელობაზე, როგორც მთავრობის დღის წესრიგზე, ასევე ჩართულობის მნიშვნელობაზე, რათა საქართველომ ღირსეულად ჩაატაროს წლევანდელი არჩევნები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისთვის. საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში გატარებული რეფორმები საქართველოს მთავრობის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით გრძელდება, რაც უწყვეტი და მდგრადი პროცესია", - განაცხადა პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner