რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის სოფელ პრიშიბთან ეუთო-ს ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთი - დაიჭრა.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები მომხდარის შესახებ უკრაინის ამ სეპარატისტული რეგიონის მილიციაზე დაყრდნობით იუწყებიან.
„დღეს, 23 აპრილს, ეუთოს მონიტორინგის სპეციალური მისიის ორი ეკიპაჟის გადაადგილებისასსლავიანოსერბსკიდან სოკოლნიკის მიმართულებით, სოფელ პრიშიბის ტერიტორიაზე ერთ-ერთი მანქანა ნაღმზე აფეთქდა. შედეგად დაიღუპა მისიის ერთი და დაიჭრა კიდევ ერთი წევრი", - ნათქვამია ადგილობრივი მილიციის განცხადებაში.
ინფორმაციას „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურციც ადასტურებს, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა.