logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: წადი და იხტუნე, რამდენიც გინდა!
- +

2 აპრილი. 2016. 15:10


ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საკუთარ facebook-გვერდზე პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანისა და ჟურნალისტ ლალი მოროშკინას დაპირისპირებას ეხმაურება.


 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით მსჯელობა სიტყვიერ დაპირისპრიებაში გადაიზარდა. ერთმანეთს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა დაუპირისპირდნენ. თაკო ჩარკვიანის გაღიზიანება მოროშკინას იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებზეც არსებობს კომპრომატები, თანამდებობიდან უნდა გადადგნენ.

ჩარკვიანმა მოროშკინას განცხადებებს არაეთიკური უწოდა.

 

„ვეთანხმები ლალი მოროშიკინას პოზიციას: თანამდებობის პირებმა, ვინც უკვე დააშანტაჟეს ფარული ჩანაწერებით და ვინც შესაძლოა დააშანტაჟონ, აუცილებლად უნდა დატოვონ პოსტები! აუცილებლად, რადგან სახელმწიფოს უსაფრთხოება ნებისმიერი ჩინოვნიკის პირად გრძნობებზე მაღლა დგას! როცა გაქვს წვდომა დოკუმენტებზე გრიფით საიდუმლო" ან სრულიად საიდუმლო", ვერავინ ვერ უნდა დაგაშანტაჟოს! არავის არ უნდა მისცე საფუძველი შანტაჟისთვის! და თუ ასეთი ფაქტი მოხდა შენს ცხოვრებაში, არ უნდა დაიკავო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა! წადი და იხტუნე, რამდენიც გინდა, ეს არავის საქმე არ არის! რაც შეეხება შვილებს, ასევე ვეთანხმები თაკოს ჩარკვიანის პოზიციას, მათ უნდა გავუფრთხილდეთ და მათი მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ, ოღონდ ჯერ მათ დედას თუ მამას უნდა ეფიქრა შვილებზე, როცა ყირამალა გადადიოდა! ვერავის შვილების დაცვას ვერ გადავაყოლებთ სახელმწიფოს! რა უნდათ შანტაჟისტებს, ცხადია! თუმცა არავინ მოითხოვს იდენტიფიცირებული" პერსონების კოცონზე დაწვას! მაგრამ აუცილებელია, რომ კონტრდაზვერვამ დეტალურად შეისწავლოს ყველა იმ ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირის საქმიანობა, ვინც ამ კადრებშია - პარტიული კუთვნილების მიუხედავად, უნდა გაირკვეს, შიდაუწყებრივი ბრძანებების გამოცემისას და საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს რამდენად მოახდინა გავლენა ამ კადრებმა! დიახ, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს კადრები რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურებსაც ექნება და ისინი როგორ გამოიყენებენ, ერთმა ღმერთმა იცის! არაფერი პირადული, მხოლოდ სახელმწიფო ინტერესები! ამის გარკვევა კონტრდაზვერვის საქმეა და არაფრისმომცემია თუნდაც ძალიან ცნობილი ადამიანების ემოციური მსჯელობა!" - აღნიშნავს ბონდო მძინარაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner