logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: სევდასთან დარჩენილი...
- +

ავტორი მაია კახიძე

24 აპრილი. 2017. 11:52



სევდასთან დარჩენილი...


ჩემს სევდასთან ერთად ვარ დარჩენილი და ამ სევდას გივი ბერიკაშვილი ჰქვია. დარწმუნებული ვარ, მთელ საქართველოს ძალიან ეწყინა მისი გარდაცვალება, ოჯახზე, შვილებზე და შვილიშვილებზე აღარაფერს ვამბობ. მეგობრებზე, კახი კავსაძის განცდებზე ხომ... მაგრამ, ჩემთვისაც ხომ სულ სხვა იყო გივი, ჩემი უფროსი მეგობარი, მამას მეგობარი, რომელსაც მამას წასვლის შემდეგ უფრო ვეკვროდი გულში. ერთხანობას ვერ ვიყავი კარგად და მთელი ღამის უძინარმა მხოლოდ მას დავურეკე. ისე მომინდა მასთან გულითადობა და მისი ხმის გაგონება. სწორედ ეს ჩანაწერი შევიდა ჩემს ახალ წიგნში, რომელიც 3-4 წლის წინ დავწერე, მაგრამ სამწუხაროდ, წიგნის წარდგინება მაისში, ჩემი, ჩვენი გივის გარეშე მოხდება...


ეს პატარა ჩანაწერი კი ბევრისთვის ჩვენი დიდი მეგობრობის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი მაგალითია, თუ როგორი იყო სცენის მიღმა გივი ბერიკაშვილი:


მე ვარ, გივი, მე...

'''''''''''''''''''''''''''''''''''''''

აი, ხომ არის, რაღაცნაირ, უცნაურ გუნებაზე რომ გაიღვიძებ? ეს ტიალი საფიქრალიც რომ არ ელევა ადამიანს?! მომეძალა და მომეძალა. მეც ავდექი და ვუთხარი:


- წადი, ფიქრო, რა გამიჭირე საქმე, ცოტა დამასვენე - მეთქი!


კაი თავისნათქვამაა ეს მამაძაღლი, როცა უნდა მოვა, როცა უნდა, წავა. დასეირნობს თავის ჭკუაზე.


ზოგჯერ მსიმოვნებს კიდეც, ისეთ ლამაზი რამეები დაფრიალებენ თავში, მაგრამ ზოგჯერ, მართლა გულის ტკივილამდე მაშინებს. რა არ იცის ფიქრმა: ფიქრი, ფიქრები, დარდი, დარდები, გზა, გზები, ადამიანი, ადამიანები, ყოფნა - არყოფნა...


ამასწინათაც ისეთი მირეულ - მორეული ფიქრი მომეძალა, ვინმე ცხოვრებანანახ ადამიანს რომ არ დავლაპარაკებოდი, ვეღარ გადავიტანდი ფიქრების ასეთ ფრიალს.


არც მეტი, არც ნაკლები, ჩემს საყვარელ უფროს მეგობარს ბატონ გივი ბერიკაშვილს დავურეკე. მიყვარს მასთან ჭუკჭუკი, ისეთი თბილია ხოლმე მასთან გატარებული წუთები თუ საათები:


- მე ვარ, გივი, მე! ხომ იცი, ძალიან მჯერა შენი და მითხარი, როგორ ვუშველო თავს?


- რა იყო, ფინთათა ხარ?


- ჰო, ეგრე გამოდის. როცა სიკვდილზე ვფიქრობ, მართლა ენით აუწერელი რაღაც მემართება, ვერც კი გადმოგცემ ისეთი შიში მიპყრობს ხოლმე. ჰოდა, ძალიან მიჭირს, როგორ მოვერიო თავს, აღარ ვიცი...


- აბა, აბა, ეგეთები არ იყოს. ნუ გეშინია, ცოცხლებისა გეშინოდეს, თორემა „იქაურები" არაფერს დაგაკლებენ. მიქელა კიდევა თავის ჭკუაზეა მაინც და ვერავინ გადაუდგება გზაზედა. აბა, მითხარი,- შენა პალტოიანი მკვდარი გინახამს?


- არა, სად უნდა მენახა, შიშით პანაშვიდებზეც ვერ დავდივარ, ჰა და ჰა, გარეთ გავჩერდე.


- არც მე მინახამს. დაუცაცხანე მაგ შიშსა, მინამ მე დაგიცაცხანე, შენა და ეგეთი?


- მხოლოდ ამისი მეშინია და წვიმიან ამინდში ელვა - გრუხუნის.


- ბალღობაში მეც მეშინოდა მეხის, მაგრამ მაინც დავტანტალებდი წვიმაში. კარგი ეხლა, გამახსენე შენცა ის დრო...


შენ რა არ გიჭყაპუნია გუბეში ან კიდევა წვიმაში? ვერ დავიჯერებ მაგასა...


- როგორ არა.


- ჰოდა, სიკვდილზე ფიქრსა და შიშსა თავი დაანებე, ეგე მაგას წვიმაში ტანტალი სჯობია, წადი და იტანტალეეე... მალე ჟუჟუნა წვიმებიც დაიწყება...


- ეგრე ვიზამ...


- დაიცა, როგო თუ პანაშვიდზე არ დაიდიხარ, მაშ მე რომ არ ვიქნები, არ მოხვალ? არ მოხვალ და იქ რო წავალ, მამაშენს ვეტყვი იცოდე (ახარხარდა).


- კარგი, რა, ხომ იცი ისედაც სულ მენატრება. რაღა გიჭირთ ძმაკაცებს...


- გენაცვალოს, გივი, სულის ძალა გულშია და ემაგ გულს გაუფრთხილდი იცოდე. წადი და იტანტალე წვიმაშია, გაიგე შენა?! წვიმის წყალი წამალია, წამალი. ბალახიც კარგია...


- გავიგე. ხომ დაგპირდი ეგრე ვიზამ - მეთქი. შენ ხომ კარგად ხარ? იცოდე, დიდხანს იყავი, რომ მე სულ პატარა გოგოდ ვიგრძნო თავი.


- ვცდილობ, გოო... მოდი ეხლა, ვითომ ჩავეხუტეთ ერთიმეორესაა...


- მოდი...


პ.ს.

ისევ მომეძალა ფიქრი.


ფიქრი ჩემი წიგნია, ჩემი მრავალტომეული.


ამ წიგნში კი დღეს მინდა ჩავწერო: ადამიანები, მართლაც რომ ანგელოზები არიან, მაგრამ მხოლოდ ერთი ფრთით. სწორედ ამიტომ, ერთმანეთთან ჩახუტების გარეშე ადამიანებს ფრენა არ შეუძლიათ...


დიდი სიყვარულით და პატივისცემით - მაიკო კახიძე



Description: Image may contain: 2 people, indoor



Description: Image may contain: 4 people, people smiling, people standing and indoor




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner